ცხინვალის უშიშროება ვაჟა გაფრინდაშვილის ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მიუთითებს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ახალ ვერსიას აქვეყნებს.
ხელისუფლების ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო РЕС უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით აქვეყნებს სამ აუდიო ფაილს, რომლებიც მათი თქმით ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია.
ქვეყნდება ასევე გაფრინდაშვილთან დაკავშირებული სხვა დეტალებიც, რაც, ცხინვალის აზრით, ექიმის ქართულ უშიშროებასთან კავშირს ადასტურებს.
თბილისი ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებას “გამოგონილ ბრალდებებსა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას” უწოდებს.
რა ისმის ჩანაწერებში
უშიშროების კომიტეტმა სულ სამი სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლებზეც თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილის ხმაა.
ამ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურებული არ არის. JAMnews-ი გიყვებათ მხოლოდ იმას, რაც იქ ისმის.
პირველ ჩანაწერში ის ხელოსანს – ავთო ბუაძეს ესაუბრება, მეორეში – უცხოელ კოლეგას, ექიმ ქალს. ამ ორი საუბრის შინაარსში არაფერია განსაკუთრებული და მათ ოსური მხარე, სავარაუდოდ, ერთი მიზეზით აქვეყნებს – ორივე საუბარი 8 ნოემბერსაა ჩაწერილი, ორივე საუბრის დროს გაფრინდაშვილი თანამოსაუბრეებს ეუბნება, რომ 9-10 ნოემბერს იგი თბილისში არ იქნება. (სწორედ 9 ნოემბერს გაემგზავრა ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, სადაც იგი იმავე დღეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს).
• როგორ მოხვდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში. რა უნდოდა ქართველ ექიმს საოკუპაციო ხაზთან. ვერსიები
JAMnews-ი დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ ორ ჩანაწერში ესაუბრება. მათ დაგვიდასტურეს, რომ 8 ნოემბერს მართლაც ჰქონდათ ექიმ გაფრინდაშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარი. ადამიანს, რომლის ხმა მესამე ჩანაწერში ისმის, ვერ დავუკავშირდით, მან ზარს არ უპასუხა.
მესამე ჩანაწერი უფრო საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქ ვაჟა გაფრინდაშვილი, თითქოსდა თავის მეგობარ-კოლეგას ირაკლი კარტოზიას უკვე, სავარაუდოდ, ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესაუბრება.
ოსური სააგენტო გაფრინდაშვილის გადაადგილების ასეთ ვერსიას აქვეყნებს:
9 ნოემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 10 საათზე გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან “ვენდისთან” ხვდება თავის კოლეგას ირაკლი კარტოზიას. ისინი ერთად სხდებიან ტაქსიში და მიდიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსკენ.
11:00 საათიდან 11:40 საათამდე პერიოდში გაფრინდაშვილი (უკვე მარტო, კარტოზიას გარეშე) კვეთს ე.წ. საზღვარს, და მიემართება ახალგორის რაიონის ოსური სოფლისკენ მონასტერისკენ. უკვე სოფლიდან იგი უკავშირდება ტელეფონით ირაკლი კარტოზიას.
როგორც ოსური სააგენტო იუწყება საუბარი ჩაწერილია 9 ნოემბერს 11:40 საათზე. აუდიოფაილი1 წუთსა და 5 წამს გრძელდება.
თავდაპირველად 27 წამის განმავლობაში ისმის მხოლოდ მამაკაცის გახშირებული სუნთქვა და ნაბიჯების ხმა. სავარაუდოდ იგი სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდება. სატელეფონო ზუმერი ისმის მხოლოდ 28 წამიდან, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩანაწერი გაკეთებულია
ვაჟა: ვსიო სოფელში ვარ უკვე. [არ არის ნახსენები რომელ სოფელში_JAMnews]
ირაკლი: სოფელში ხარ? ანუ წავიდეთ
ვაჟა: ჰო, ჰო, სოფელში ვარ.
ირაკლი: მშვიდობაა?
ვაჟა: კი, კი. ჯერ არ ვიცი აბა. არავინ არ მაქცევს ყურადღებას. ხალხი კი არის, მოსახლეობა და… გავალ ცენტრში, ვნახავ ერთი… რამე კაფეს ვიპოვი, ყავას დავლევ
ირაკლი: კაი, სვიაზზე ვარ.
საუბარს ფონად გასდევს გაფრინდაშვილის მძიმე სუნთქვა. ოსური უშიშროება ამტკიცებს, რომ ამ საუბრიდან მალევე გაფრინდაშვილი დააკავეს.
უშიშროების კომიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის ბოლოდროინდელი აქტივობების დეტალებსაც აქვეყნებს:
“ნოემბრის დასაწყისში გაფრინდაშვილი იმყოფებოდა მივლინებაში საზღვარგარეთ, რა დროსაც იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში. 4 ნოემბერს გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში. 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე იღებდა პაციენტებს კლინიკაში “მედიქლაბ-ჯორჯია”. 6 ნოემბერს გაფრინდაშვილის ანგარიშზე “საქართველოს ბანკში” “სოლო” პაკეტის ფარგლებში ჩაირიცხა 21 ათასი ლარი,” – აღნიშნულია ოსური “კგბ”-ს განცხადებაში.
ცხინვალი აცხადებს, რომ ამ მონაცემების ერთობლიობა ადასტურებს გაფრინდაშვილის კავშირს ქართულ სპეცსამსახურებთან.
“სამხრეთ ოსეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის განკარგულებაში არსებული ცნობები და ობიექტური კონტროლის მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ 2019 წლის9 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა იყო კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი” – აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების განცხადებაში.
ამავე განცხადებაში დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტი ვარაუდობს, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის და ექიმ გაფრინდაშვილის მიერ საზღვარზე მოწყობილი ერთობლივი პროვოკაცია “საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“ უკავშირდება.
„ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორების და ასევე, ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი დეტალები გაფრინდაშვილის დაკითხვიდან
ექიმის დაკავებიდან თერთმეტ დღეში ცხინვალი ქართველი ექიმის დაკითხვის ახალ დეტალებსაც აქვეყნებს.
თუკი აქამდე ოსური უშიშროება აღნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ გაფრინდაშვილი არ აღიარებდა საზღვრის არსებობას კონფლიქტის ზონაში, ამჯერად ცხინვალის კაგებეს განცხადებაში ახალი დეტალი გაჩნდა – ეკლესიაში ვიზიტი:
“გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ იგი სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა. თუმცა ამავე დროს მან მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება,” – წერია ოსური უშიშროების განცხადებაში.
თბილისის პასუხი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
“ინტერპრესნიუსთან” საუბარში თბილისი ოსური “კგბ”-ს ცნობებს “გამოგონილ ბრალდებებსა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას” უწოდებს.
მათივე შეფასებით, საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენ სუს-ში.
ზაქარეიშვილი: 30 წელია ამ სფეროში ვარ და ასეთი უნიკალური შემთხვევა არ მახსოვს
დე ფაქტო უშიშროების განცხადების შესაფასებლად JAMnews-ი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.
ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ სატელეფონო ჩანაწერები ოსურმა მხარემ უკვე მას შემდეგ მოიპოვა, რაც გაფრინდაშვილი დააკავა და მისი ტელეფონი ჩაიგდო ხელთ:
“გაოგნებული ვარ, ასე იოლად როგორ მოიპოვეს ოსებმა ეს ჩანაწერები. ეს რუსების ნამუშევარია და მანდ სერიოზული აპარატურა ექნებათ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ჩაუვარდათ ხელში გაფრინდაშვილის ტელეფონი, რაღაც პროგრამების საშუალებით გავიდნენ ამ ჩანაწერებზე. ძალიან მაღალი დონის აპარატურაზეა ლაპარაკი, რაც ეჭვი მეპარება ოსებს ჰქონდეთ. ეს რუსული სპეცსამსახურების კვალია,” – ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერების შინაარსი არც ერთ კითხვაზე პასუხს არ სცემს და პირიქით, უფრო მეტ კითხვას აჩენს:
“კითხვები ათასჯერ უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ამ ჩანაწერებში არაფერია ისეთი, რაც, მაგალითად, უარყოფდა იმ ვერსიას, რომ ეს ადამიანი ავადმყოფის მოსანახულებლად მიდიოდა. აქ არც ეკლესიაზეა რამე ნათქვამი, როგორც ამას ოსები ამბობენ ახლა. რეალურად, ჩვენ არაფერი არ ვიცით, ამ კაცისგან არ გვაქვს ინფორმაცია რა მოტივაციით მიდიოდა. გვაქვს მხოლოდ მესამე პირებისგან გადმოცემული ინფორმაცია, ამიტომ მე ვერ ვაძლევ უფლებას გავაკეთო დასკვნა რა მიზნით და მოტივით გადალახა ამ ადამიანმა საოკუპაციო ხაზი,” – ამბობს ზაქარეიშვილი.
“მე ჩემი პრაქტიკიდან ვიტყვი, რომ 30 წელია ამ სფეროში ვარ და ასეთი უნიკალური და უცნაური შემთხვევა არ გამიგია, რომ ექიმებს აპატიმრებდნენ და ასეთი გაურკვველი მიზეზები და მოტივაციები ჰქონდეს ამ ყველაფერს,” – დასძენს იგი