რისთვის ითხოვენ აფხაზეთის ექსპრეზიდენტისგან 50 ათას დოლარს
აფხაზეთში, ყოფილი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.
სარჩელის შეტანას პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თანათავმჯდომარე, მანანა კვიცინია გეგმავს, რომელიც პარალელურად, საქველმოქმედო ფონდ „აფხაზეთის“ პრეზიდენტია. სწორედ ფონდთან დაკავშირებული ისტორია გახდება სასამართლო გარჩევის საგანი.
ორი წლის წინ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა რაულ ხაჯიმბამ საქველმოქმედო ფონდს დასამახსოვრებელი ასოებისა და ციფრების მქონე საავტომობილო ნომრების (ერთ-ერთი პოპულარული – O777OO) გაყიდვის უფლება მისცა.
მათზე დიდი მოთხოვნაა იმ მძღოლებს შორის, რომლებსაც სხვებისგან გამორჩეულობა სურთ. ნომრების გაყიდვიდან მიღებული ფულით ფონდი გაჭირვებული ოჯახების დახმარებას აპირებდა.
თუმცა, 2019 წლის ზაფხულში, რაულ ხაჯიმბამ საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობა გადაიფიქრა. მანანა კვიცინიას აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისმა პარტიამ და საქველმოქმედო ფონდმა რაულ ხაჯიმბას მხარი არ დაუჭირა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ამის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი მოტყუებული დარჩა. მათ არ მისცეს ის ნომერი, რომელიც შეიძინეს და თავის მხრივ, ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებაში“, – ამბობს კვიცინია.
დავალიანებამ საერთო ჯამში, დაახლოებით, 3,5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 50 ათასი დოლარი) შეადგინა და ფონდს საკუთარი სახსრებით მოუწია მისი გადახდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხაზე იქნება საუბარი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის მიერ, აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.
• აფხაზეთში საპრეზიდენტო რბოლის ლიდერები გაერთიანდნენ
•რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ მომავალში?