ვლადიმირ პუტინის და აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა აფხაზეთის პატარა ქალაქ ბიჭვინთაში, ერთ დროს ცეკას მდივნების საყვარელ დასასვენებელ აგარაკზე შედგა.
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა კვლავ თქვენთან ჩამოსვლა,” – განაცხადა პუტინმა და მადლობა გადაუხადა აფხაზეთს მოპატიჟებისთვის. “ყველაზე მთავარი, – თქვა მან, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთის მიმართ. ჩვენ აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტები ვართ და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც”.
ჟურნალისტებისთის ღია შეხვედრაზე ძალიან ცოტა რამ ითქვა – პუტინის და ხაჯიმბას ბრიფინგი ნახევარ საათსაც კი არ გაგრძელებულა. რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ “რუსეთის მხარდაჭერის დამსახურებაა ის, რომ აფხაზეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მშენებლობის გზას ადგას”.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართლებით. “ჩვენი გაერთიანებული დაჯგუფება საკმაოდ სოლიდურ ბაზაზე ვითარდება, ჩვენ მიღწეული გვაქვს შეთანხმება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა მან.
სრულიად ირიბად და ზერელედ იყო ნახსენები ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემა – აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი. ბოლო პერიოდში აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდასხმების, ძარცვისა და მკვლელობის არაერთი შემთხვევა მოხდა.
“თავად აფხაზეთის მოქალაქეები და ასევე სტუმრები, საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ შორის რუსეთიდანაც, უნდა გრძნობდნენ, რომ აქ უსაფრთხოდ არიან და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამგვარი უსაფრთხოების შესაქმნელად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოტა ხნის წინ შექმნილი აფხაზეთისა და რუსეთის შინაგანი საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.