მოსკოვის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის თანამშრომელი ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა
გაზიარება
გაზიარება
ადამიანი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შევარდა, რუსეთის პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ის თანამშრომელი, ბრიტანელი ბლოგერი და ჟურნალისტი გრემ ფილიპსი აღმოჩნდა.
ფილიპსი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით შეიჭრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.
„საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და შენობაში შეჭრილი პირი დააკავა. ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ფილიპსს კარგად იცნობენ უკრაინაში. ის ამ ქვეყანაში მუშაობდა, როგორც რუსეთის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის კორესპონდენტი.
ის ევრომაიდანს აშუქებდა და ასევე ყირიმსა და დონბასში განვითარებულ მოვლენებს. თავის რეპორტაჟებში ის კრიტიკული იყო ევრომაიდნის მიმართ და ამბობდა, რომ “უკრაინა, როგორც ქვეყანა უკვე აღარ არსებობს”.
ასევე უკრაინელებს რეპორტაჟებში მოიხსენიებდა როგორც “ფაშისტებს” და “კიევის ხუნტას”. დონბასში მას “ჩვენს გრიშას” ეძახიან.
ბოლო დროს ფილიპსი აგვისტოს ომით დაინტერესდა და ცოტა ხნის წინ ცხინვალშიც იმყოფებოდა. სპუტნიკისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფილიპსი ამბობს, რომ ცხინვალზე და აფხაზეთზე სიუჟეტების გადაღებას აპირებს, სადაც სიმართლეს იტყვის აგვისტოს ომზე.
უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ფილიპსი ორჯერ დააკავა და გააძევა ქვეყნიდან. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა. რიგაში ის აქციის ჩაშლას ცდილობდა პრორუსული ლოზუნგების წამოძახებით.
2016 წელს ფილიპს ბერლინში გაზეთი Correctiv0-ის რედაქციაში შევარდა. ამ გაზეთმა დონბასის თავზე ჩამოგდებულ ბოინგ MH16-ზე გამოძიება ჩაატარა, სადაც რუსეთს ადანაშაულებდა. ფილიპსმა გერმანელ ჟურნალისტებს მატყუარები და პროპაგანდისტები უწოდა. შენობიდან ის პოლიციამ გაიყვანა.