საგანგებოდ ოლიმპიადისთვის ბრაზილიელ ტაქსისტებს ინგლისური ენის გაკვეთილები ჩაუტარეს" />

11 ფაქტი რიოს ოლიმპიადის შესახებ

საგანგებოდ ოლიმპიადისთვის ბრაზილიელ ტაქსისტებს ინგლისური ენის გაკვეთილები ჩაუტარეს

6 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ რიო დეჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიური თამაშები იწყება. ჯემ-ნიუსი თამაშების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ:

1. ოლიმპიური თამაშები ისტორიაში პირველად ტარდება სამხრეთ ამერიკაში;

2. ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონია რიო დეჟანეიროში მარაკანას სტადიონზე გაიმართება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევს. 1950 წელს ფეხბურთის მსოფლიო თასის ფინალურ მატჩს 173 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა;  

3. ორგანიზატორების თქმით, ისინი დღეში 60 ათას კერძს მოამზადებენ – დაახლოებით 10 ათას 500 სპორტსმენის გამოსაკვებად. ბრაზილიაში საკვებად ძირითადად იყენებენ ბრინჯს, შავ ლობიოს, შემწვარ ხორცს. ასევე ამ კერძებთან ერთად მიირთმევენ ადგილობრივ საკვებს, როგორიცაა ტაპიოკა, პაო, ქუეიჟო (ყველიანი პური) და აკაი (ე.წ. ამაზონის ხილი);

4. რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს მიგრანტ სპორტსმენთა გუნდი. ეს ის ათლეტები არიან, რომლებსაც ათასობით თანამემამულესთან ერთად ე.წ. “მიგრანტთა კრიზისის” დროს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ შეიფარა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ასეთი 10 სპორტსმენია, ისინი ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

5. რიოს ოლიმპიური თამაშები იქნება პირველი ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 2000 წლის შემდეგ დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ. ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენები 2003 წლის 1 იანვრამდე არიან დაბადებული და ისინი ყვინთვასა და ტანვარჯიშში მონაწილეობენ; 

6. რიოს ოლიმპიურ თამაშებში დებიუტი აქვს 7-კაცა რაგბის, როგორც ოლიმპიურ სახეობას.  ასევე ოლიმპიურ თამაშებს 112 წლის შემდეგ დაუბრუნდა გოლფი. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, 1900 და 1904 წლების თამაშების შემდეგ სპორტის ეს სახეობა აღედგინა;

7. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სიმბოლო ყვითელი და ლურჯი ფერის ფიგურებია, მეტსახელად “Vinicius”, რაც ბრაზილიის ველურ ბუნებას ასახავს. ეს არის კატა, ან მაიმუნი, რომლებსაც შეუძლიათ ფრენა და სხეულის გაწელვა. მათ სახელი ბრაზილიური ბოსა ნოვას ჟანრის მუსიკოსის Vinicius de Moraes-ის საპატვიცემულოდ დაერქვათ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის The Girl From Ipanema ავტორია;

8. რიოში ტაქსის მძღოლებს საგანგებოდ ოლიმპიადისთვის ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარეს. ენის 4-თვიანი კურსი “რიო 2016”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით დაიგეგმა;

9. “რიო 2016″-ში 70 ათასი მოხალისე მონაწილეობს, რომელთაგანაც 50 ათასი ბრაზილიელია. ასევე არიან მოხალისეები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან;

10. რიოს ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას 85 ათასამდე ჯარისკაცი და პოლიციელი უზრუნველყოფს. ეს უსაფრთხოების ძალების უდიდესი შემადგენლობაა, რომელიც ბრაზილიის ისტორიაში რომელიმე ღონისძიებას იცავდა; 2-ჯერ მეტია, ვიდრე ლონდონის 2012 წლის თამაშების უსაფრთხოების ძალების შემადგენლობა;

11. რიოს ოლიმპიადაზე სხვადასხვა გუნდში ოჯახის წევრებიც არიან წარმოდგენილები. ავსტრალიის გუნდიდან 9 წყვილი და-ძმა და 4 წყვილი ბიძაშვილი ასპარეზობს. კანადის 314-კაციან გუნდში 3 წყვილი და-ძმაა წარმოდგენილი. 3 ტყუპი ასპარეზობს ესტონეთიდან, საქართველოდან კი სროლაში მონაწილეობას დედა და შვილი მიიღებენ.

 

გამოქვეყნებულია: 06.08.2016 


ასევე წაიკითხეთ