მოლდოვაში ევროჩინოვნიკების მიერ მოლდოვური მევენახეობის განადგურების შესახებ ყალბი სიახლეების კამპანია ამოქმედდა " />

ყალბი ნაჯახი და ნამდვილი ყურძენი

მოლდოვაში ევროჩინოვნიკების მიერ მოლდოვური მევენახეობის განადგურების შესახებ ყალბი სიახლეების კამპანია ამოქმედდა

REUTERS/Konstantin Chernichkin 

Ziarul deGarda მასალების მიხედვით

“ევროკავშირი რუმინეთს ვენახების გაჩეხვას აიძულებს” – მოლდოვაში ამგვარი შინაარსის ტექსტები ვრცელდება და გაფრთხილებაც ახლავს, რომ იქაური ვენახიც საფრთხის წინაშეა. ამ ინფორმაციას მოლდოვას ხელისუფლებაც და ევროკავშირიც უარყოფენ, მაგრამ სიყალბე დიდწილად იმიტომაც არის სიცოცხლისუნარიანი, რომ ცოტაოდენ სიმართლესაც შეიცავს. სიტუაციას არკვევს მოლდოვაში JAMnews-ის პარტნიორი  Ziarul de Garda.

სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი რუმინეთს ვენახების გაჩეხვისკენ უბიძგებს, მარტში პორტალ Vedomosti.md-ზე გაჩნდა. რუმინელი მევენახეების წინააღმდეგ შეთქმულებაში ეს პორტალი ძირითადად ადანაშაულებდა ფრანგ ფერმერებს, რომლებიც „ბოლო წლების განმავლობაში ჭარბწარმოებას განიცდიან, და მიაჩნიათ, რომ ახალბედა ქვეყნებთან კონკურენციის გამო, ევროკავშირის ბაზარზე მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა – მათ ევროკავშირის ემბლემა ნაჯახის პირზე მიახატეს”.

იგივე ბედი ელის მოლდოვის ვენახებსაც, – გააფრთხილა მკითხველები რესურსმა Vedomosti.md; „1 აპრილიდან (მოლდოვაში) შამპანურის, კონიაკისა და კაგორის წარმოების სერტიფიკატს აღარ გასცემენ; ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი“.

ეს პასაჟი სიმართლეს შეესაბამება, საქმე კონტექსტშია: მოლდოვა მართლაც წყვეტს საკუთარი პროდუქციის დასახელებებში დასავლური ბრენდების გამოყენებას. ანუ, 1 აპრილიდან ის „შამპანურს“ „შუშხუნა ღვინოს“ დაარქმევს, კონიაკს „დივინი“ დაერქმევა, „კაგორს“ კი – „პასტორალი“.

„ეს მოლდოვური ბრენდებია, და მოლდოვაში სწორედ მათი განვითარებაა საჭირო, იმის ნაცვლად, რომ „შამპანური“ დაარქვა იმას, რაც „შამპანური“ არ არის“, – განუცხადა სიტუაციის კომენტირებისას პორტალ  Stopfalse-ს ეკონომისტმა ვიაჩესლავ იონიცემ. Stopfalse — არის პორტალი, რომელიც საგანგებოდ „ფაქტჩეკინგისთვის“ და სიყალბეების ამოსაცნობად არის შექმნილი.

Stopfals.md-მა კომენტარისთვის ევროპის პარლამენტის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიას მიმართა. იქ განაცხადეს, რომ ევროპა რუმინეთს თავისი ვენახების განახლებაში ეხმარება და არა განადგურებაში. ამ მიზნით, ევროკავშირი ქვეყანას 47 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.

„რუმინეთს შეუძლია (ეს სახსრები) დახარჯოს(…)  ღვინის ბაზრებზე წარსადგენად, ვენახების განსაახლებლად, სექტორში ინოვაციების შესატანად“, – ნათქვამია ევროპარლამენტის სოფლის მეურნეობის კომისიის მიერ Stopfals.md.-ის მიმართ პასუხში. იმავეს ამბობს რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროც. იქ ირწმუნებიან, რომ სულ ახლახან რუმინეთში ახალი ვენახები გაშენდა. „დაახლოებით 30 ჰექტარზე ყურძნის კეთილშობილი ჯიშები დაირგო“, – განაცხადეს უწყებაში.

ოფიციალური კომენტარების მიუხედავად, ყალბი ინფორმაცია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ამ ამბის გადაბეჭდვას საეჭვო ვებგვერდებიც აგრძელებენ და სოციალური ქსელების მრავალრიცხოვანი მომხმარებლებიც.

ის ვებ-გვერდები, რომლებიც იმთავითვე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ – მოლდოვასთვის ახალ პრობლემას არ წარმოადგენს. აქ მედია-სიყალბის შექმნა საკმაოდ იოლია, ამის გამო დასჯა კი, პრაქტიკულად – შეუძლებელი.


ასევე წაიკითხეთ