გულშემატკივარი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთნი მხარს უჭერენ გურამ კაშიას, სხვები კი მისი ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვენ" />

ქართველი ფეხბურთელის ლგბტ სამკლაურმა დიდი სკანდალი გამოიწვია

გულშემატკივარი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთნი მხარს უჭერენ გურამ კაშიას, სხვები კი მისი ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვენ

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბისვიტესისქართველი ლეგიონერი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოედანზე ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით გამოვიდა, რითიც სექსუალური უმცირესობების მიმართ მხარდაჭერა და ტოლერანტობა გამოხატა.

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მე მხარს ვუჭერ ადამიანს, რომელიც არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა”, –განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა ჰოლანდიურ ტელეარხთან ინტერვიუში

ქართველი ფეხბურთელის ლგბტ სამკლაურით გამოჩენმა ქართული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია

კაშიას აკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელებში ქართული ტრადიციების ღალატისთვის და საქართველოს ნაკრებიდან მის გარიცხვასაც კი ითხოვდნენ. ამ თემას მიეძღვნა გადაცემები და თოქ შოუები ქართულ ტელევიზიებში. 

“ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემს ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ,” – პასუხობს კრიტიკას ფეხბურთელი. 

გულშემატკივრების რეაქცია

“ვიდრე კაშია ნაკრებშია, მე არ წავალ ნაკრების თამაშზე”;

“კაშია გეების პროპაგანდას ეწევა”;

“რასაც არ უნდა აკეთებდე, ქართველი რომ ხარ, არ უნდა დაგავიწყდეს. ღირსების შენარჩუნება მთავარია”;

“კაშინ უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან” – წერდნენ ფესბუკმომხმარებლები.

სხვები კაშიას დასაცავად გამოვიდნენ და მის საქციელს ღირსეული და თამამი უწოდეს.

“კაშია ყოფილა ნამდვილი კაცი, respect”;

“რა კარგია, რომ ქართველმა სპორტსმენებმაც დაიწყეს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება”;

“კაშიას საქციელი პრეცედენტულია, ყველა სპორტსმენმა უნდა მიბაძოს. სრული მხარდაჭერა მას”, – წერდა ქართული ფეისბუკის მეორე ნაწილი.

სპორტსმენების რეაქცია

თბილისის ახლად არჩეული მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.

“მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, -განაცხადა კახი კალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კაშიას მხარი დაუჭირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც; მისი თქმით, გურამ კაშია “ვიტესის” წევრია და უეფას ნორმებს იცავს.

“ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ, არ უნდა შევურაცხვყოთ ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო,” – წერს სიჭინავა ფეისბუკზე.

კაშიას მხარდასაჭერი ფოტოები გამოაქვეყნა თავის ფეისბუკსა და ინსტაგრამზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც:


კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც:
“კაშოს” 15-16 წელია ვიცნობ, გარდა იმისა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, უპირველესად ძალიან კარგი ადამიანია. ვინც კაშია გააკრიტიკა, მას არ ესმის, რომ სამკლავურის გაკეთება პროპაგანდა არაა. აგრესია დასაგმობია ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ. გურამმა თანადგომა გამოუცხადა მათ, ვინც ლგბტ თემს წარმოადგენს და მათ მიმართ აგრესია ხორციელდება. კაშიას პოზიციას სრულიად ვიზიარებ,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა.

საქართველოში უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა კვლავ პრობლემად რჩება

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

2014 წელს საქართველომ, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც იშვიათი გამონაკლისია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰომოფობიური განწყობები ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ასევე სასულიერო პირები არათუ არ აკრიტიკებენ ჰომოფობიას, არამედ პირიქით, საკუთარი განცხადებებით მხარსაც კი უჭერენ ადამიანს, რომელიც გეების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ