ბოლიდი სადრენაჟო ლუქს გამოედო, ევაკუატორი კი საფეხმავლო ხიდს " />

ფორმულა-1 ბაქოში: ორმაგი ავარია სტარტისთანავე

ბოლიდი სადრენაჟო ლუქს გამოედო, ევაკუატორი კი საფეხმავლო ხიდს

აზერბაიჯანის გრან-პრის „ფორმულა -1“-ის სეზონის მეოთხე თავისუფალი გარბენი ინციდენტით დაიწყო: ბრიტანული გუნდის „Williams“ -ის ბოლიდი სადრენაჟო ლუქს გამოედო და ავარია განიცადა, – წერს სააგენტო Report. ევაკუატორის ამწე კი, რომელსაც დაზარალებული მანქანა გადაჰყავდა, მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელს გაედო. ამწე დაიმტვრა, და იქიდან ბოლიდს ზეთი დაესხა.

რბოლის დროს მიღებულია, რომ სადრენაჟო ლუქები მიდუღებული უნდა იყოს, რადგან დაბალი წნევის გამო, გაქანებული ბოლიდების ქვეშ ლუქის სახურავები ძვრება. მაგრამ ის ლუქი, რომელსაც რასელის ბოლიდი გაედო, მიდუღებული არ იყო. რბოლა შეჩერებულია. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ბაქოს ტრეკის ყველა ლუქის შემოწმებას აპირებს.

• რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ფორმულა-1

• ფოტო-გასეირნეიბა „არატურისტულ“ ბაქოში

ცნობილი ავტორბოლების ბაქოს ეტაპი უკვე მეოთხედ ტარდება. ოფიციალური ვერსიით, ეს გრანდიოზული მოვლენა ქვეყნის იმიჯისა და ტურიზმის განვითარებისთვის არის სასარგებლო. ქალაქელებისთვის კი ის მრავალი უხერხულობის შექმნის უკვე ჩვეული წყაროა.

ამ რბოლის ჩასატარებლად აზერბაიჯანის მიერ გაღებული ხარჯი წელს წინანდელზე უფრო მცირეა. კერძოდ, ეკონომიის გაკეთება სარეკლამო ბიუჯეტის შემცირებით მოხერხდა. ასე ამბობს კომპანია Baku City Circuit-ის წარმომადგენელი ნიგიარ არპადარაი. ეს კომპანია რბოლის ორგანიზატორია.

ტურიზმის განვითარება

ბაქოში ფორმულა-1-ის ეტაპის ჩატარების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ტურიზმზე მისი სასიკეთო გავლენა მიიჩნევა. რბოლის წყალობით, ბაქოს სასტუმროების თითქმის 95% გავსებულია, – იუწყება აზერბაიჯანის სასტუმროთა ასოციაციის თავმჯდომარე სამირ დიუბენდი.

„ამ ღონისძიების წყალობით, აზერბაიჯანი მსოფლიოსთვის ახალ ტურისტულ დესტინაციად წარდგება. ტურისტები რბოლის დაწყებამდე ჩამოდიან, მისი დასრულების შემდეგაც რჩებიან, და აზერბაიჯანის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ეს სპორტის ელიტური სახეობაა და მისი გულშემატკივრები – შეძლებული ადამიანები არიან. ჩვენ მათ ახალი ტურისტული პროდუქტები უნდა შევთავაზოთ: საუბარია, ძირითადად, ქვეყნის რეგიონებში ტურების მოწყობის შესახებ“, – თქვა დიუბენდიმ.

ღობეშემოვლებული ცენტრი

ბაქოში რბოლის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის ქალაქის ტრასაზე ტარდება. ანუ, რბოლას რამდენიმე ცენტრალური ქუჩა „დაუთმეს“. ჯერ კიდევ რბოლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ამ ქუჩების ბეტონის ფილებითა და ღობეების რიგებით გარშემორტყმა დაიწყეს. რამდენიმე დღით ზღვისპირა ბულვარზე – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასეირნო ადგილზე შესვლა სრულად არის აკრძალული.

კომენტარები სოციალური ქსელებიდან:

„რა საჭიროა რბოლის ცენტრში ჩატარება და ადამიანებისთვის ცხოვრების მოწამვლა?! გარეუბნებში ადგილის მეტი რა არის, სადაც არავის ხელს არ შეუშლიდა“;

„ბაქოში ფორმულა-1-ის ერთადერთი პლუსი ის არის, რომ ქალაქის ცენტრში მანქანებს თითქმის ვერ ნახავ, და ადამიანები ფეხით ბევრს დადიან“;

„ამ ღობეების გამო, ცენტრი ზოოპარკს, თუ გეტოს დაემსგავსა!“ ;

„დიდი მადლობა ორგანიზატორებს ფორმულასთვის!“.

ჩაშლილი კონცერტი

რბოლის ფარგლებში, ბაქოში ბრიტანელი მომღერლის სემ სმიტის კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ის არ ჩამოვა. ორგანიზატორები ამას იმით ხსნიან, რო მომღერალს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. შედეგად, სმიტი მომღერალი ჯესი ჯეით შეცვალეს.

გაიმართება ასევე რამდენიმე უცხოელი შემსრულებლის კონცერტები. მთელი სარბოლო უქმეებისთვის ბილეთის შეძენით, არამხოლოდ გარბენების ნახვაა შესაძლებელი, არამედ მათ თანმხლებ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე მოხვედრაც.

ამ წელს რბოლის აზერბაიჯანული ეტაპის ჩატარების კონტრაქტი უნდა დასრულებულიყო. მაგრამ აზერბაიჯანმა ის კიდევ სამი წლით გააგრძელა.

რბოლა, როგორც დაგეგმილი იყო, 28 აპრილამდე უნდა გაგრძელდეს. მასში მონაწილეობას მიიღებს ათი გუნდი, თითოეულში – 2 პილოტით. სარბოლო ტრასის სიგრძე – ექვს კილომეტრზე ოდნავ მეტია.


ასევე წაიკითხეთ