JAMnews-ის ჟურნალისტები გასული წლის რეპორტაჟების ზოგიერთ გმირს შეხვდნენ" />

სომხეთი: როგორ შეიცვალა აქტივისტების ცხოვრება რევოლუციის შემდეგ

JAMnews-ის ჟურნალისტები გასული წლის რეპორტაჟების ზოგიერთ გმირს შეხვდნენ

JAMnews-ის ჟურნალისტები თავის გასული წლის რეპორტაჟების ზოგიერთ გმირს შეხვდნენ, რათა გაეგოთ, თუ რამდენად გამართლდა იმ ადამიანების მოლოდინი, რომლებიც 2018 წლის გაზაფხულზე სომხეთის ქალაქებში მასობრივი პროტესტით გამოვიდნენ. პირველი წლის საკუთარ შეფასებას ექსპერტებიც აკეთებენ.

ლოზუნგის ავტორი  

ერთი წლის წინათ დავიდ ოგანესიანს შემთხვევით დაებადა სიტყვათშეთანხმება, რომელსაც სომხეთის სხვადასხვა ქალაქში ასობით ადამიანი სკანდირებდა. „გადადგი ნაბიჯი – დაგმე სერჟი“ – ეს ლოზუნგი სომხეთის ისტორიაში შევიდა, მისით დაიწყო და დასრულდა რევოლუცია.

ამ მოწოდების საპასუხოდ, ადამიანები ქუჩებში გამოდიოდნენ, რათა პრეზიდენტი სერჟ სარგსიანისთვის ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებისა და ისევ ქვეყნის სათავეში ჩადგომის უფლება არ მიეცათ.

დავიდს მიაჩნია, რომ ერთი წლის წინათ სომხეთის მოქალაქეები იმ უფლებებისთვის იბრძოდნენ, რაც სხვა ქვეყნებში ადამიანებს ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში უკვე ჰქონდათ  – მაგალითად, არჩევნებში საკუთარი ნების გამოხატვის უფლებით. და მხოლოდ ახლა, რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი 21-ე საუკუნის დღის წესრიგზე გადასვლა. დავიდი მიიჩნევს, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუციის მთავარი მიღწევაა.

„შეიცვალა სურვილების შეფასების შკალაც – ახლა უფრო მეტზე ვოცნებობ. ის, რისთვისაც ჩვენ ბოლო ოცი ათწლეული ვიბრძოდით, უკვე რეალობად იქცა“.

სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

სომხური რევოლუციის სიმღერები და ლოზუნგები

რევოლუცია მხოლოდ გასული გაზაფხულის ქუჩის პროტესტების შედეგი არ ყოფილა, ის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც სომეხი აქტივისტები ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებდნენ, და რომელიც გარეშე მაყურებლებისთვის ყოველთვის თვალსაჩინო არ იყო. დავიდი იხსენებს 2008 წლის 1 მარტის ტრაგედიას, როდესაც ხელისუფლებამ ერევანში საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია , საბრძოლო იარაღი გამოიყენა და 10 ადამიანი მოკლა. მისი თქმით, ეს ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლის და აქტივისტების დამარცხების ერთდერთი მაგალითი არ არის. მაგრამ მათ ყველა საპროტესტო მოძრაობა და ინიციატივა ამყარებდა და აძლიერებდა, ვიდრე ისინი გადაიქცეოდნენ რეალურ მძლავრ ძალად,რომელმაც სომხეთის ქალაქები გაავსო:

„სერჟ სარგსიანის გადაყენების დღეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მოედანზე ასობით ათასი ადამიანი იყო, რომელთა უმრავლესობა ბრძოლის  წინა ეტაპებში არ მონაწილეობდა. მაგრამ ამ ასობით ათასი მონაწილისგან შემდგარი მიტინგი არ იქნებოდა, 2018 წლიდან ქუჩებში რომ არ გასულიყვნენ [რევოლუციას წინ უძღოდა გიუმრიდან ერევანში ოპოზიციონერთა მსვლელობა, რომელსაც სათავეში ნიკოლ ფაშინიანი ედგა, ის მარტის ბოლოს დაიწყო JAMnews ] და მოედნებზე ასობით ათასი ადამიანი არ იდგებოდა.

ეს რამდენიმე ათასი ადამიანი სწორედ ისინი იყვნენ, ვინ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბრძოლის ყველა ეტაპი გაიარა“.

პირველად მოხდა, რომ არჩევნების შედეგები არავის გაუპროტესტებია

სომეხი პოლიტოლოგების აზრით, რევოლუციის მთავარი მიღწევა – სამართლიანი არჩევნებია. ხელისუფლების შეცვლიდან მალევე სომხეთის მოქალაქეებს დედაქალაქის ხელისუფლება და პარლამენტი უნდა აერჩია.  

ორივე შემთხვევაში, დიდი განსხვავებით გაიმარჯვეს ბლოკი  „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენლებმა, ყოფილი რევოლუციონერების გუნდმა, რომლებიც უკვე ხელისუფლებაში იყვნენ. მათ მერიის არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა 80 პროცენტი დააგროვეს, საპარლამენტო არჩევნებში კი – 70 პროცენტზე მეტი.

და ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი შედეგები არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკამათო არ გამხდარა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამ არჩევნებს ასევე სამართლიანი, კეთილსინდისიერი, გამჭვირვალე უწოდეს.

ორივე შემთხვევაში, ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი არ ყოფილა, პოლიტოლოგები ამას იმით განმარტავდნენ, რომ ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ფავორიტები, ანუ რევოლუციონერების გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ხმათა საჭირო რაოდენობას მიიღებდა,

რევოლუციის სამახსოვროდ

სტუდენტური მოძრაობის „რესტარტის“ მონაწილე ანი ვარდანიანი 2018 წლის 16 აპრილს პარლამენტის შენობის წინ დაჭრეს: ზედ მის ფეხებთან ხმაურიანი ჭურვი აფეთქდა.

მთელი მომდევნო თვის განმავლობაში ანი იძულებული იყო წოლილიყო და ემკურნალა. ახლა მას ფეხზე ღრმა ნაიარევი აქვს – რევოლუციის სამახსოვროდ, ხუმრობს ანი. რევოლუციის მეორე, უფრო მნიშვნელოვან „სუვენირად“ უეცრად ნაპოვნი სიყვარული აღმოჩნდა: რევოლუციის შემდეგ, მალევე ანი თავის თანამოაზრეს ცოლად გაჰყვა.   

ერთი წლის წინათ ერევნის ცენტრალურ მოედნებზე ხალხის მასაში დგომისას ანიმ გაიცნო კარპისი, რომელიც უკვე გამოცდილი აქტივისტი იყო – და ბრძოლაში მაშინ ჩაერთო, როდესაც პრეზიდენტმა სარგსიანმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო: 2015 წელს რეფერენდუმზე მიღებული შესწორებების თანახმად, სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტო მართვის ფორმიდან საპარლამენტო მართვაზე გადადიოდა, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები კი ძლიერ იზრდებოდა. სარგსიანი სწორედ პრემიერის თანამდებობას უმიზნებდა.

რევოლუციამდე კარპისი ერევნის ერთ-ერთ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ ხელმძღვანელობას მისი პოლიტიკური აქტიურობა ძალიან არ მოსწონდა და საბოლოოდ ის სკოლიდან გაუშვეს. მაშინ მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, და საყვარელი მასწავლებლის დაბრუნებას მოითხოვდნენ, – ჰყვება ანი.

ის დარწმუნებულია, რომ რევოლუცია სომხეთისთვის გარდამტეხ მოვლენად იქცა. პირადად მისთვისაც ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ის მეორე სპეციალობას ეუფლება: დიპლომირებული პოლიტოლოგი ვებ-დიზაინს სწავლობს.

„ჩვენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, რევოლუცია მოვახდინეთ. მათ  სამუშაოდ საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად დრო სჭირდებათ. ის გუნდი, რომელიც დღეს პოლიტიკით არის დაკავებული, ჩემს ნდობას იმსახურებს, და ვიდრე მე მათდამი ნდობა მაქვს, პოლიტიკურ ბრძოლაზე უარი ვთქვი“.

აქტივისტმა ანიმ ასევე  გადაწყვიტა, რომ მოძრაობა „რესტარტთან“ თანამშრომლობაც შეეწყვიტა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რევოლუციის დროს „რესტარტი“ წმინდად სტუდენტურ მოძრაობად დარჩენილიყო. მაგრამ ბოლო დროს არც ისე მომეწონა პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ ჩართვის მცდელობები. მაგალითად, მათ სცადეს ჩაეშალათ ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის პრეს-კონფერენცია, რომელიც „რესტარტის“ მონაწილეებს არ ესიმპათიურებათ. დღეს, სამწუხაროდ, ჩემს თავს ამ მოძრაობაში ვეღარ ვხედავ, თუმცა ძალიან მომწონს , რასაც ეს აქტივისტები განათლების სფეროში აკეთებენ“.  

ანი წუხს, რომ რევოლუციას ჯერ არ მიუღწევია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე, რომლის რეფორმირებისთვისაც აღმოცენდა მოძრაობა „რესტარტი“ – განათლების ხარისხიდან დაწყებული, მართვის ფორმამდე. გოგონა იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ეს მოხდება. სომხეთისთვის მნიშვნელოვანი დიდი ხნის ნანატრი სხვა მოვლენები ხომ მოხდა – მაგალითად, სამართლიანი არჩევნები.

სხვა დიდი ხნის ნანატრი მოვლენები

რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო – და აქტივისტებმა ის რეალურ მოვლენად შეაფასეს. ეროვნული უშიშროების სამსახური აქამდე მუდმივად აწვდის ინფორმაციას იმ კორუფციული სქემების გახსნის თაობაზე, რომლებშიც წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკები იყვნენ ჩართულები. ამავდროულად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან საკუთარი დაპირების ერთგული რჩება, რომ „ვენდეტა არ იქნება“. ფაშინიანის თქმით, ახალი ხელისუფლების მიზანი კორუფიონერების დაპატიმრება კი არ არის, არამედ მათთვის ბიუჯეტში ფულის დაბრუნების იძულებაა.

კორუფციასთან ბრძოლის დროს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ნათესავების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. სომხეთის მედიაში იმ კორუფციული სკანდალების წვრილმანები ჩნდება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმა, ძმისშვილი, და მისი დაცვის უფროსი მონაწილეობდნენ, ასევე – ყოფილი დეპუტატები. მაგრამ პასუხისმგებლობას ვერც ის ადამიანები გაიქცნენ, რომლებმაც თანამდებობები რევოლუციის შემდეგ მიიღეს – მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო შემოსავლების სამინისტროს თანამშრომლები.

2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სომხეთში გადასახადების მოკრება, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 57 მილიარდი დრამით [დახლოებით $117 მილიონი] გაიზარდა; თანაც ეს მაჩვენებელი ოთხი პროცენტით მეტია, ვიდრე ეს სამთავრობო პროგრამით იყო დაგეგმილი.

ამან მინიმალური ხელფასის გაზრდის საშუალება გააჩინა: 2019 წლის იანვრიდან ის 7 ათასი დრამით გაიზარდა ($15). მთავრობა მასწავლებლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასების 10 პროცენტით გაზრდას ჰპირდება.

ყველა დანარჩენი მოლოდინის მდგომარეობაშია.

ექსპერტები ახალგაზრდობისა და სოციალური მედიის შესახებ

პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი რევოლუციისგან „20-წლიანი სირცხვილისგან გათავისუფლებას“ ელოდა. რევოლუცია – სასწაული არ არის, არამედ გარდაუვალობაა, – დარწმუნებულია ის:

„შეუძლებელი იყო, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო. ის ყოფილი ხელისუფლების ქმედებების შედეგი იყო. სიტუაცია უკიდურესობამდე გამწვავდა, და ბუნებრივი აფეთქება მოხდა. სხვა საქმეა, რომ მომხდარი რევოლუცია დასრულებულად არ შეიძლება მივიჩნიოთ. სახელისუფლებო სტრუქტურები ჯერ კიდევ ინერციით მოქმედებს, და მათი ლიკვიდაცია და ახლის შექმნა უფრო მარტივია, ვიდრე არსებული სისტემის გამოსწორება“.

რუბენ მეგრაბიანი დარწმუნებულია, რომ თუკი პოლიტიკური სისტემის თვითგანწემნდის, გარდაქმნის ან გაჯანსაღების რაიმე შესაძლებლობა არსებობდა, ეს ევოლუციური გზით მოხდებოდა, და არა რევოლუციურით.

პოლიტოლოგის აზრით, გასული წლის საპროტესტო მოძრაობის მთავარი უპირატესობა ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა იყო. იმ თაობამ, რომელიც ბოლო 10 წლის გარდამტეხი პოლიტიკური მოვლენების დროს არასრულწლოვანი იყო, ბრძოლისადმი თავისი ახლებური მიდგომით რევოლუციას გამარჯვება მოუტანა.

მეგრაბიანის აზრით, ბრძოლაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სოციალურმა მედიამაც. ისინი ასრულებდნენ ტელევიზიის ფუნქციას, რომელიც ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო, და მეპროტესტეებისთვის ტრიბუნის მიცემა არ შეეძლო.

„ახალი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძველი პოლიტიკური სისტემა უკვე აღარ მოქმედებს, ახალი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. პოლიტიკური სისტემის არარსებობა აშკარაა, და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. უნდა ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები ჯერ არ მოუნახავს, მაგრამ, მოტივაციის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ეს მოგვარებადი პრობლემაა“.

„სწორი მიმართულებით, მაგრამ ნელა“

პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი მიიჩნევს, რომ გასულმა წელმა ადამიანებს იმის რწმენა მოუტანა, რომ ახლა ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილეები გახდნენ. ამის დასტურია ის მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რაც სომხეთში რევოლუციის შემდეგ ხდება. ეს აქციები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები საკუთარი უფლებების დასაცავად მზად არიან.

„არის სამართლიანი მოთხოვნები, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო ცვლილებები არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებაც საჭიროა, რომ სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისთვის ერთი წელიწადი საკმარისი არ არის“, – ამბობს ედგარ ვარდანიანი.

პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური რევოლუციის საკუთარი ხედვა უნდა განმარტოს. ისინი ხალხს უნდა ელაპარაკონ, აუხსნან, რის, როგორ და ვადებში განხორციელებას აპირებენ.

„მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მთავრობას მოუწევს – გარდამავალი მართლმსაჯულების ინსტიტუტის დანერგვაა. [რევოლუციური ხელისუფლება პირველი დღიდან ლაპარაკობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე იმ ქონების კონფისკაციის მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უკანონო გზით არის მოპოვებული – JAMnews] . საზოგადოება ჯერჯერობით ვერ ხვდება, ეს რა არის, და როგორ დაეხმარება ეს იმ ოლიგარქების დასჯას ან პატიებას, რომლებიც სახელმწიფოს ფულს ისაკუთრებდნენ, და რა პრინციპით მოხდება მიტაცებული ქონების დაბრუნება. მთავრობამ მკაფიოდ უნდა წარმოადგინოს გარდამავალი მართლმსაჯულების კონცეფცია, სხვა შემთხვევაში, ამან შესაძლოა, პოლიტიკურ სპეკულაციებამდე მიგვიყვანოს“, – ამბობს ედგარ ვარდანიანი.  

მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დაჩქარება შეიძლებოდა. მაგრამ დადებითი ტენდენციები იმედს იძლევა, რომ მომდევნო წელს სომხეთს ღრმა და კარდინალური გარდაქმნები ელოდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ