ბრალდებულის ბიოგრაფიაში 15 წლის წინდელი მძიმე ისტორიაც ამოტივტივდა" />

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მას უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა

ბრალდებულის ბიოგრაფიაში 15 წლის წინდელი მძიმე ისტორიაც ამოტივტივდა

ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გორში 8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მიზეზი.

თუმცა მედიაში გავრცელული რამდენიმე ინფორმაციის თანახმად, შესაძლო მოტივად არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობა იკვეთება. 

გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, როგორც ჩანს, ვიდრე მსხვერპლს მოკლავდა, მას უთვალთვალებდა. პოლიციამ მის ტელეფონში გოგონას სურათები აღმოაჩინა.

ამასთან, ბრალდებულის ბიოგრაფიაში ამოტოვრტივდა კიდევ ერთი, 15 წლის წინ მომხდარი ისტორია, სადაც ასევე არასრულწლოვანი ბავშვი ფიგურებს. 

8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 ოქტომბერს დილით, გოგონას ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დაიკარგა. გოგონა ახლოსმდებარე სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა გაკვეთილზე არ მისულა. შუაღამისკენ ბავშვის გვამი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში, მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა შემოხვეული. 

სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.

ბრალდებულის დედა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მან ციხეში ცხრა წელი გაატარა, და 2018 წლის დასაწყისში გათავისუფლდა.

თავად ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს.

ნებიერიძე დააკავეს სახლში, რომელიც ბერიაშვილების  მეზობელ ქუჩაზე მდებარეობს.

ახლანდელმა მფლობელებმა სახლი ცოტა ხნის წინ იყიდეს, და შესახლებამდე მისი გარემონტება გადაწყვიტეს. სარემონტო სამუშაოებს კი სწორედ ნებიერიძე ასრულებდა. ის მარტო მუშაობდა.

როგორც პოლიციელები ამბობენ, მათ ნანა ბერიაშვილის სახლიდან სკოლამდე არსებული ყველა სახლი შეამოწმეს. დანაშაულის ადგილზე პოლიცია კინოლოგების დახმარებით გავიდა. სისხლის კვალი სახლის სარდაფში იქნა აღმოჩენილი. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული გოგონას სწორედ იქ გაუსწორდა.

• 8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში

•  საქართველოში19 წლის მწყემსმა ამერიკელების ოჯახი დახოცა, მათ შორის 4 წლის ბავშვი

 • ფხაზეთის ჰიმნის ავტორს პედოფილიის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგ მან ბავშვის ცხედარი ურიკაზე დადო და მდინარე ლიახვის ნაპირას, ქალაქის სასამართლოს გვერდით დატოვა. ადგილობრივებმა გაიხსენეს, რომ იმ დღეს ნებიერიძე გზაზე ურიკით დაინახეს.

15 წლის წინანდელი ისტორია. რა არის ცნობილი ეჭვმიტანილის შესახებ?

თუმცა, შესაძლოა, ეს ერთდერთი შემთხვევა არ იყოს, როდესაც ნებიერიძე ბავშვის გატაცების საქმის ფიგურანტი იყო.

კიდევ ერთი ისტორია, რომელიც დაკავებულის ბიოგრაფიას უკავშირდება, 15 წლის წინათ ასევე გორში მოხდა.

2004 წელს ბერძენიშვილების ოჯახიდან, გამოსასყოდის მიღების მიზნით, 11 წლის ბიჭი გაიტაცეს. ოჯახის წევრები გამტაცებლის მოთხოვნებს დათანხმდნენ და მზად იყვნენ 20 ათასი დოლარი  გადაეხადათ, თუმცა შემდეგ გამტაცებლები აღარ დაკავშირებიან.

გატაცებული ბავშვი აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

15 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი ჟურნალისტებს თავად დაუკავშირდა.

დაკარგული ბავშვის ბაბუამ ზაქრო ბერძენიშვილმა „რუსთავი-2“-ს უამბო, რომ იაგო ნებიერიძე მისი შვილიშვილის გატაცებაზე დაკავებულიც კი იყო.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია გადაამოწმეს, და აღმოჩნდა, რომ ნებიერიძე მართლაც იყო დაკავებული ამ საქმეზე და სასჯელს იხდიდა, თუმცა მხოლოდ გამოძალვის მუხლით, ხოლო ბავშვის გატაცების ნაწილში მისი ბრალი არ დადასტურდა.

ზაქრო ბერძენიშვილი 15 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს:

„იმ დროს ჩვენს სახლთან  ავტოფარეხს ვაშენებდით და სამუშაოს იაგო ნებიერიძის მამა და თავად იაგო ასრულებდნენ. ჩემი პატარა შვილიშვილი ხშირად შედიაოდა ფარეხში, ნებიერიძეს დაუმეგობრდა და ეხმარებოდა. ერთხელ დილით ბავშვი უკვალოდ გაქრა. დაგვიკავშირდნენ და თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ჩვენ ვუთხარით, რომ თანახმა ვართ, მაგრამ ამის შემდეგ აღარავინ დაგვკავშირებია. ბიჭი ახლა 26 წლის იქნებოდა”. 

მისი თქმით, ოჯახმა მაშინვე იმ ახალგაზრადა მამაკაცზე მიიტანა ეჭვი, რომელსაც ბავშვი ძალიან დაუმეგობრდა.

„15 წლის წინათ ბავშვი იაგო ნებიერიძემ გაიტაცა, მაგრამ ამის დამტკიცება ვერ შეძლეს. აბა, რა გეგონათ, ციხეში რისთვის იჯდა? ის ციხეში მანამდეც იჯდა“, – თქვა ბერძენიშვილმა.

დანამდვილებით უცნობია, რამდენჯერ და რამდენი ხნით იჯდა ნებიერიძე ციხეში და რა დანაშაულებებისთვის იხდიდა სასჯელს. შსს ადასტურებს, რომ ის ნასამართლებია, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

„რუსთავი-2“ ნებიერიძის კიდევ ერთ პატიმრობაზე ლაპარაკობს, რომელიც ასევე გატაცებას უკავშირდება. ეჭვმიტანილის მეზობლები ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ნებიერიძე ქალზე ძალადობის გამო იყო დაკავებული – თითქოს მან ქალი გაიტაცა და გამოსასყიდს ითხოვდა.

„რუსთვი-2“-ისვე ინფორმაციით, ნებიერიძეს ყაჩაღობისთვის 17 წელიწადი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის პრეზიდენტმა შეიწყალა და 9 წლის შემდეგ, 2018 წლის თებერვალში გათავისუფლდა. 

ნებიერიძის დედა ამბობს, რომ მას არავინ გაუტაცებია და ის ძარცვისთვის დააკავეს.  მისი თქმით, ის „ვიღაც ქალისთვის ტელეფონის ძალით წართმევას ცდილობდა“.

„რუსთავი-2“-მა თავის არქივში იაგო ნებიერიძის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია აღმოაჩინა  – ამ პატიმრის სახელი 2004 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხეში ნებიერიძეს სასტიკად სცემეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ძიებას მუხლით „დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვნის აშკარად წინასწარი განზრახვით მკვლელობა“. საქმეს იძიებს საგანგებო ჯგუფი, რომელსაც შინაგან სქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე უდგას სათავეში.


ასევე წაიკითხეთ