მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება" />

საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას კვლავ აპროტესტებენ

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისში, დედა ენის ბაღში, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები და დაკავებული მსახიობის გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

“ერთად ბახალასთვის”, “ჩადების კიდევ ერთი მსხვერპლი”, “კანონმა უნდა დაიცვას ადამიანი”, – ამ ლოზუნგით აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები გიორგანაშვილის, იგივე ‘ბახალას” დაკავებას. გიორგანაშვილი 5 თვის წინ დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობა ბრალდება, რაც სასჯელის ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად მსახიობი და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გიორგანაშვილს არ ეკუთვნოდა და ამის დასამტკიცებლად საქმეში უამრავი დარღვევაა.

დაკავებულმა გიორგი გიორგანაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც აქციაზე საჯაროდ წაიკითხეს. გიორგანაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომპრომისზე წასვლას.

“პროკურატურა ბოლომდე შეეცდება ჩემ ჩაძირვას და განადგურებას. ჩემი გამართლების შემთხვევაში რამდენიმე პოლიციელის თავი ეწირება ამ ამბავს და შეეცდებიან მაქსიმალურად მოახდინონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ დავნებდე და გავტყდე.

მინდა საზოგადოებას მოგმართოთ, ნუ იქნებით ინდეფერენტულები, ამგვარი პრობლემა ყველას შეიძლება შეგვეხოს. მოვითხოვოთ კანონის ლიბერალიზაცია და განვიდგეთ ამ დრაკონულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მუდმივად მანკიერი ბერკეტი იქნება სამართალდამცავებისთვის”, – აღნიშნავს გიორგანაშვილი.

14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას საზოგადოების გარკვეული ჯგუფი აქტიურად აპროტესტებს. მათი თქმით, ხშირად ნარკოტიკის ჩადება არის ბერკეტი პირის დასაკავებლად. სწორედ სამართალდამცველების ბრალეულობაზე მიუთითდებნენ ჯგუფ “ბირჟა მაფიას” საქმეზეც, რის გამოც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. “ბირჟა მაფიას’ მომღერლები აცხადებდნენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და ისინი მომხმარებლები არ არიან.

რეპერების მხარდასაჭერად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ფოტორეპორტაჟი


ასევე წაიკითხეთ