როგორ უნდა გაუმკლავდნენ უმუშევრობას სამხრეთ ოსეთში " />

სამხრეთ ოსეთში მძღოლები და მცველები სჭირდებათ. იურისტები და ეკონომისტები – არა

როგორ უნდა გაუმკლავდნენ უმუშევრობას სამხრეთ ოსეთში

ფოტო: ნელი გარაბაევა

“ადრე გავთხოვდი. 24 წლისას უკვე ოთხი შვილი მყავდა. ჩემმა მომავალმა ქმარმა მეგობრებთან ერთად, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მომიტაცა. შვიდნი იყვნენ, და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, მეუღლესთან თავიდანვე არ ამეწყო ურთიერთობა. ხშირად სვამდა, და ბოლოს დავშორდით“.

ზინაიდა ზასეევა ახლა 53 წლისაა, ის დამლაგებლად მუშაობს.

„ბავშვებით მარტო რომ დავრჩი, ტიპოგრაფიაში მივედი და სამსახური ვითხოვე. ძალიან მოსახერხებელი იყო – დილიდან ყველაფერს ვაკეთებდი და შემდეგ თავისუფალი ვიყავი. ბავშვებსაც ვუვლიდი და შინ მატყლის ლეიბების შეკვეთით კერვაც კი დავიწყე. ლეიბებს ახლაც ვკერავ, რადგან ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ. თუ მატყლს მე თვითონ ვბერტყავ, ვრეცხავ და ვაშრობ – 2,500 რუბლს ვიღებ (დაახლოებით $45),  თუ მხოლოდ ვკერავ -1, 000 რუბლს (დაახლოებით $17)“.

ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტატიისთვის, რომლითაც  სამხრეთი ოსეთის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემის – უმუშევრობის საკითხის გარკვევა ვცადეთ.

JAMnews მოქალაქეებს მიმართავს შეკითხვით: რა უკეთესია – სწავლა, თუ პირდაპირ მუშაობის დაწყება? თუ სწავლა – რა პროფესიის, რომ შემდეგ კარგი სამსახური იპოვო და კარიერა აიწყო?

ზინაიდას პასუხი სახასიათო აღმოჩნდა:

“არ მგონია, რომ ჩვენს დროში უმაღლესი განათლების მიღება მნიშვნელოვანი იყოს. ქალს ხომ დიპლომი ფაქტობრივად მხოლოდ მზითევში წასაღებად სჭირდება. ჩვენთან დაწესებულებებში სამსახურის შოვნა რთულია, ქარხნები კი არ მუშაობს. სამუშაო თავადვე უნდა შევიქმნათ“.

სტატისტიკა

უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, თუმცა ეს ფრიად უსუსური მონაცემებია, და მათზე დაყრდნობა ძნელია.

2015 წელს მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ ოსეთში დღესდღეობით 30 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს. იმავე  2015 წელს დასაქმების სამსახურის აღრიცხვაზე აყვანილია 2,829 ადამიანი, მათგან სამუშაოს მოძებნაში მხოლოდ 34-ს დაეხმარნენ.

 

2016 წელს, აღრიცხვაზე აყვანილ უმუშევართა რიცხვი 4,064 ადამიანამდე გაიზარდა. მათ შორის, სამსახურის მოძებნაში 76 ადამიანს დაეხმარნენ.

მაგრამ ეს რიცხვები არ შეიძლება ნამდვილ სტატისტიკად მივიჩნიოთ, რადგან ძალიან არაზუსტია.

2007 წლამდე უმუშევრებს თვეში 46 რუბლის ოდენობის დახმარებას უხდიდნენ – იმდროინდელი კურსით, ორ დოლარზე ნაკლებს. შემდეგ დახმარება საერთოდ გააუქმეს. და რადგანაც ამ სამსახურის მიერ დასაქმებულთა რიცხვი ძალიან მწირი იყო – ადამიანებს უმუშევრად დარეგისტრირების უკანასკნელი სტიმულიც გაუქრათ.

ასე რომ, ეს სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, სხვადასხვა თანამოსუბრის პირად დაკვირვებებსა და შეფასებებს დავეყრდნოთ. ამ წყაროებიდან გამომდინარე კი, დასკვნები შემდეგია:

• დღეს მოსახლეობის 20 პროცენტი უმუშევარია;

• დაწესებულებებში მომუშავეთა საშუალო ხელფასია – 13,500რუბლი (დაახლოებით $ 230);

• დანარჩენებისთვის საშუალო ხელფასი შეადგენს 11,500 რუბლს (დაახლოებით $ 195);

• სამხრეთ ოსეთში ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოა – დამლაგებელი ან მცველი, კერძო ბიზნესში – მძღოლი (და თან მცველი). სამხრეთ ოსეთში ამ როლში ხშირად შეგხვდებათ კარგი განათლების მქონე ადამიანი, ზოგჯერ კი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში კარგი გამოცდილების მქონეც. ახალ საქმიანობაში მათ უკეთეს ხელფასს უხდიან.  

სამხრეთ ოსეთში ყველაზე ნაკლები მოთხოვნა ეკონომისტებსა და იურისტებზეა

JAMnews-თან საუბრისას ცხინვალელები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორ პროფესიას ასახელებდნენ  „უსარგებლოთა“ შორის.

ალექსანდრ კულუბეგოვის (სახელი შეცვლილია) თქმით, ის ნანობს, რომ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. „ჩემი სპეციალობით სამსახური ვერ ვიშოვე, ყველა ადგილი დაკავებულია“, – ამბობს ის.

ახლა მან პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა – ცხინვალში, კოლეჯში ჩააბარა  – „მოსაპირკეთებელი სამშენებლო სამუშაოების ოსტატის სპეციალობაზე“.

ამ კოლეჯში პოპულარულია ისეთი სპეციალიზაციები, როგორებიცაა შენობის აგება და ექსპლუატაცია, სამკერვალო საქმე, საგზაო და სამშენებლო მანქანების მომსახურება, ყველაფერი, რაც ელექტრობას უკავშირდება, და რამდენიმე მსგავსი პროფესია.

ასევე საკმაოდ პოპულარულია ფაკულტეტი, რომელზეც მზარეულის/კონდიტერის ხელობას ასწავლიან. როგორც კოლეჯის სტუდენტებმა JAMnews-ს უთხრეს. ამ პროფესიის პრობლემა ისაა, რომ სამხრეთ ოსეთში რესტორნებსა და კაფეებში მზარეულები სამსახურში ისე აჰყავთ, რომ დიპლომს არ სთხოვენ. „წესები რომ სრულდებოდეს – ამ ფაკულტეტზე დიდი კონკურსი იქნებოდა“, – ამბობენ კოლეჯის სტუდენტები.

სამუშაო ადგილები ცოტაა, მაგრამ ზოგიერთი რამდენიმე სამსახურის შეთავსებასაც ახერხებს

ლიანა თედეევა – შრომის დაცვის სპეციალისტი, მოსახლეობის დასაქმების სამართველოში მუშაობს. მისი თქმით, უმუშევრობას შეიძლება გაუტოლდეს მისი საპირისპირო სიტუაცია – როდესაც ადამიანები ორ ან მეტ დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობენ, რათა თავი როგორღაც გადაირჩინონ.

„სამუშაოს შეთავსება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომელთაც საათობრივი სამსახური აქვთ – მაგალითად მასწავლებლებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მეცნიერებს. თუმცა, როდესაც ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობს, და  დღის განმავლობაში ერთი სამსახურიდან მეორეში „გადარბენაზეა“, ასეთ შემთხვევაში, ის თავის საქმეს ხარისხიანად ვერ  ასრულებს“, – ამბობს ლიანა თედეევა.

ახალგაზრდა სპეციალისტები

შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ყველაზე რთულ სიტუაციაში ახალგაზრდა სპეციალისტები არიან – რომლებიც 2006 წლიდან აქ მოქმედი განსაკუთრებული „ლიმიტების“ სისტემის შედეგად გაჩნდნენ. ასე უწოდებენ რესპუბლიკაში  გარკვეული რაოდენობის სამხრეთელი ოსი აბიტურიენტისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში გამოყოფილ ადგილებს.  

ჩვეულებრივ, ასეთი წელიწადში 120-დან 130-მდეა ხოლმე.

სტუდენტები, რომლებიც ასეთ „ლიმიტირებულ“ ადგილებს იღებენ, რუსეთის ერთ-ერთ რომელიმე ქალაქში მიემგზავრებიან სასწავლებლად, თუმცა წინასწარ სამხრეთი ოსეთის განათლების სამინისტროსთან დადებულ შეთანხმებას აწერენ ხელს. ამ შეთანხმებაში წერია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვალდებულებას იღებს, რომ რესპუბლიკაში დაბრუნდეს და იქ იმუშაოს.

და ბევრი მართლაც ბრუნდება. თუმცა, სწორედ მათ უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის შოვნა – ახალგაზრდა სპეციალისტებს არ იღებენ, იმ მიზეზით, რომ მათ გამცდილება აკლიათ. საბოლოოდ, 2011 წლიდან განათლების სამინისტრომ შეთანხმებების ხელმოწერა შეწყვიტა.  

სერგეი ზასეევი – სამხრეთი ოსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარეა. ის ამბობს, რომ 2014 წლიდან ვაკანსიების რიგში 150 ახალგაზრდა დგას, რომლებიც თავის დროზე რუსეთის უნივერსიტეტებში ლიმიტებით იყვნენ გაგზავნილები: „სამწუხაროდ, ჩვენთან ტურიზმის სფერო ჯერ კიდევ განუვითარებელია, ისე როგორც ახალგაზრდული პოლიტიკა. სპორტში საქმე ოდნავ უკეთ არის  – 2016 წელს 10 ადამიანი დავასაქმეთ“.  

ამავდროულად, ბევრს ისიც პრობლემად მიაჩნია, რომ მრავალ სტრუქტურაში თანამშრომლების დიდ ნაწილს  შეადგენენ პენსიონერები, რომლებსაც ხშირად აღარც შეუძლიათ ხარისხიანად მშაობა, მაგრამ კატეგორიულად არ სურთ თავიანთი სამუშაო ადგილის დათმობა, და მათი დათხოვნა მხოლო სასამართლოს ძალით არის შესაძლებელი.

რა არის შექმნილი სიტუაციის მიზეზი?

სამხრეთ ოსეთში მასობრივი უმუშევრობის მიზეზად, როგორც წესი, ასახელებენ საბჭოთა კავშირის დაშლას და 1990-იანი წლების დასწყისში მომხდარ საქართველო-ოსეთის ომს. მაშინ გაწყდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული სამეურნეო კავშირები, გაჩერდა რკინიგზა და ბევრი წელიწადი გავიდა კრიტიკული ენერგოკრიზისის პირობებში.  

პატარა სამხრეთი ოსეთი განსაკუთრებულად ძლიერად დაზარალდა, გაცილებით მეტად, ვიდრე ყოფილი „დიდი“ საბჭოთა რესპუბლიკები. მაშინ რესპუბლიკაში მუშაობდა ცხინვალის ლუდის ქარხანა, სატყეო კომბინატი, მინერალური წყალი „ბაგიაფტას“ მწარმოებელი ქარხანა, საცვლების ტრიკოტაჟის ფაბრიკა, რძის ქარხანა, მექანიკური ქარხანა, თბილისის საავიაციო ქარხნის ფილიალი, ქარხნები – „ელექტროვიბრომანქანა“ და „მინანქრის მავთულები“.

ყველა ეს საწარმო, პრაქტიკულად, ან დაიკეტა ან მათი აღჭურვილობა მოიპარეს. ზოგიერთი შენარჩუნდა, მაგრამ ძველი სიმძლავრის 5-10 პროცენტით მუშაობენ. სამაგალითოდ თეთრეულის ტრიკოტაჟის ფაბრიკის ისტორია შეიძლება მოვიყვანოთ.

ის 1962 წელს გაიხსნა და იქ დაახლოებით 1,200 ადამიანი მუშაობდა. ფაბრიკამ 1991 წელს შეწყვიტა მუშაობა. შემდეგ 2000-იანებში ამ ფაბრიკის შენობაში სავაჭრო ცენტრი იყო. 2014 წელს სამკერვალო ფაბრიკა ისევ ამუშავდა  – ამჯერად როგორც სანკტ-პეტერბურგის კომპანიის ფილიალი, და ახლა აქ 520 ადამიანია დასაქმებული.

ეს ძალიან წარმატებული მაგალითია, და – ძალიან იშვიათი.

უმუშევრობის შედეგები

ამგვარი სიტუაციის შედეგები დაახლოებით ასე გამოიყურება:

• პროფესიონალების უკმარისობა ყველა სფეროში;

• დაბალი მომსახურების დონე ყველა სფეროში;

• განვითარების ბუნდოვანი პერსპექტივები.

„ჩემმა ქალიშვილმა ზარინა ჯიოევამ 2016 წელს  მოსკოვის უნივერსიტეტი „წითელი“ დიპლომით  დაამთავრა – ლანდშაფტის დიზაინერის სპეციალობით. ცხინვალში ჩამოვიდა, სამუშაოს ძებნა დაიწყო, და რომ ვერ მოძებნა, ისევ მოსკოვში გაემგზავრა, – ჰყვება ანჟელა ნარტიკოევა. – მისი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმომედგინა. ვფიქრობდი, ჩამოვიდოდა და სამსახურში მოეწყობოდა, გათხოვდებოდა და შვილიშვილებს გამიჩენდა, მე დავეხმარებოდი, თავად კი საყვარელ საქმიანობას განაგრძობდა“.

დიდი პრობლემების ჩამონათვალში, რაც სამხრეთ ოსეთს უმუშევრობის შედეგად დაუდგა, პირველ პუნქტად რესპუბლიკიდან ახალგაზრდების გამგზავრება უნდა დასახელდეს. ამაზე ადამიანებიც ლაპარაკობენ, და ეს ერთი შეხედვითაც  ჩანს.

თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა სხვას ამბობს. ციფრები ასე გამოიყურება: 2016 წელს რესპუბლიკა  100-მა ადამიანმა დატოვა, ხოლო ჩამოვიდა – დაახლოებით 1,120 ადამიანი.

JAMnews-თან საუბრისას ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ჩამომსვლელების რაოდენობა მართლაც არ იყო მცირე – ესენი არიან შრომითი მიგრანტები ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და ცენტრალური აზიის სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. იქიდან ჩამოსულები მშენებლებად მუშაობენ და ცხინვალში საკუთარ ბიზნესს იწყებენ, მათ შორის პატარა მაღაზიებს ხსნიან.  

კერძო ბიზნესი როგორც გამოსავალი

რამდენიმე წლის წინათ ზინაიდა ზასეევამ, რომელიც ტიპოგრაფიაში დამლაგებლად აგრძელებს მუშაობას, მატყლის ლეიბების კერვის საკმაოდ წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობს კიდევ ერთი პირობითი „ბიზნესი“ შეჰმატა. მან მშენებელთა ბრიგადა შეკრიბა და ბინების გარემონტება დაიწყო. ბრიგადაში თავადაც მუშაობდა, თუმცა უფრო საქმეთა მწარმოებლის როლს ასრულებდა.  

„ჩვენ ძირითადად ბინებში კოსმეტიკურ რემონტებს ვაკეთებთ. მაგრამ, თუკი დამკვეთი გვთხოვს, მაგალითად ელექტროგაყვანილობის ან სანტექნიკის გაყვანას – მაშინვე ვნახულობ სპეციალისტს, და პატრონს მზა ბინას ვაბარებ“, – ჰყვება ის.

ზასეევა გვიამბობს, რომ საკუთარი ბიზნესსაწარმოების წარმატებით სამართავად ის ყოველდღიურად, გამონაკლისის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე იღვიძებს, და 21:30 იძინებს. „უკვე მივეჩვიე“, – ამბობს ის.

მაგრამ მისნაირი ცოტაა.

„სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის პირობები არ არსებობს“, – ამბობს ეკონომისტი, ჟურნალისტი იური ვაზაგოვი.

მსოფლიოში ყველგან ერთი კონტექსტია – საკუთარი საქმის წამოსაწყებად ადამიანებს პირველ რიგში იაფი და გრძელვადიანი კრედიტები ესაჭიროებათ. მაგრამ სამხრეთ ოსეთში მეწარმეებსა და ფერმერებს, მაქსიმუმ, 5-წლიანი კრედიტის მიღება შეუძლიათ- წლიური 12-პროცენტით ეროვნული ბანკიდან, და წლიური 16,5 პროცენტით შემნახველი ბანკიდან. ამავე დროს იურიდიულ პირებს გირაოდ ჩადებული ქონების (როგორც წესი, ბანკები გირაოს სახით უძრავ ქონებას ითხოვენ) ღირებულების მხოლოდ  70 პროცენტს აძლევენ, კერძო პირებს კი – სულ რაღაც  50 პროცენტს.  

„ასეთ პირობებში ბიზნესი ვერ განვითარდება“, – ამბობს იური ვაზაგოვი.

  1. მისი აზრით, არსებობს სამი ძირითადი მიმართულება, რაც სამხრეთ ოსეთში მეწარმეობის განვითარებას  ხელს შეუწყობდა, და პერსპექტიულ ახალგაზრდობას რესპუბლიკაში შეაკავებდა.
  2. სამხრეთი  ოსეთი აგრარული რესპუბლიკაა, და კარგი იქნებოდა შექმნილიყო ამ მიმართულებით სპეციალიზებული ბანკი, რომელიც სოფლის მეურნეობის  პროეტქებს დააფინანსებდა;
  3. ხელსაყრელი საკრედიტო პირობების უზრუნველყოფა; ბიუჯეტის ხარჯზე უნდა დაფინანსდეს ბუღალტერიის, ბიზნესის წარმოების, მენეჯმენტის კურსები იმ  ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, რომლებსაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ.

ექსპორტი

„დღეს სამხრეთ ოსეთში, რაც მუშაობს, ყველაფერი შიდა ბაზარზეა ორიენტირებული. მაგრამ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთთან დადებული შეთანხმება, რომელსაც ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში მოეწრა ხელი, სამხრეთოსური პროდუქციის გატანის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს (ალკოჰოლისა და სიგარეტის გარდა). და ეს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის კარგი პერსპექტივაა“, – ამბობს ვაზაგოვი.

“მაგალითად, ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკის ბაზაზე შეიძლება ცნობილი იტალიური ბრენდების წარმოების დაწყება. შესაძლებელია, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასობრივი წარმოების ორგანიზებაზე, მის გადამუშავებასა და ექსპორტზე ფიქრიც.

სამხრეთ ოსეთს შეუძლია ასევე რუსეთში ლუდისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის გასაყიდად გატანა. შესაძლებელია საკუთარი ბრენდების შექმნაც, ხოლო კონკურენციის გასაძლებად ღირს იმაზე გამახვილდეს ყურადღება, რომ ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია გვაქვს“.

სამხრეთ ოსეთში ჩადებული რუსული ინვესტიციით შეიქმნა  ხსენებული სამკერვალო ფაბრიკა. 2017 წელს რუსული ინვესტიით გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ქარხანა “როსდონი“, რომელიც ინდაურის ხორცს ამუშავებს, და რომელმაც 50 სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყო.

მაგრამ ბევრი ადგილობრივი ექსპერტი იმაზე თანხმდება, რომ მხოლოდ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებით არის შესაძლებელი ამ სიტუაციაში გარდატეხის მოხდენა.

2016 წლის ოქტომბერში სამხრეთი ოსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი მცირე სამეწარმეო საქმიანობისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემის თაობაზე. სავარაუდოდ, შეიქმნება სპეციალური დახმარების ფონდი   კერძო ბიზნესის რამდენიმე სფეროსთვის შეღავათიანი კრედიტების გასაცემად, მათ შორის – ჩამოთვლილი სფეროებისთვის:

  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, გადამუშავება და რეალიზაცია;
  • მხატვრული ჩანაფიქრები;
  • განათლება;
  • მედიცინა;
  • საზოგადოებრივი კვება;
  • ინოვაციები;
  • ტურიზმი;
  • სასტუმროს ბიზნესი.

ამ და რამდენიმე სხვა სფეროში საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად შესაძლებელია სამწლიანი კრედიტის აღება, სულ რაღაც 5-პრცენტიანი წლიური გადასახადით, და კრედიტი დაფარავს გირაოს მთლიან საფასურს  (რასაც, როგორც წესი,  უძრავი ქონება წარმოადგენს).

ზინაიდა ზასეევა, რესპუბლიკის სხვა ბევრი მცხოვრებლის მსგავსად, ელოდება, თუ როდის მოაწერს ამ კანონს ხელს პრეზიდენტი.

„ბავშვები გაიზარდნენ,  გათხოვება მეტად აღარც დამიპირებია, მით უმეტეს ახლა – რაში მჭირდება, რომ ვიღაცას ვუარო? ისევ ბიზნესს გავაგრძელებ“, – ამბობს ის.

ახალგაზრდობაში ზინაიდა ზასეევა ფიზკულტურის მასწავლებლობაზე ოცნებობდა. ეს მას არ გამოუვიდა და ალბათ უკვე აღარც გამოუვა. მაგრამ თავის ეზოში, ბოსტნის უკან პატარა საცურაო აუზი აიშენა. „სამაგიეროდ, სპორტით მე თვითონ ვარ აქტიურად დაკავებული“, – ამბობს ის.

ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციების ისეთი კომენტარები, რომლებიც შერაცხმყოფელად, მუქარისა დაძალადობის მოწოდების შემცველად იქნება მიჩნეული, ანდა ეთნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით მიუღებელი აღმოჩნდება


ასევე წაიკითხეთ