სამი რუსი ჟურნალისტი ცენტრალურ აფრიკაში შეიტყუეს და დახოცეს? რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომელიც „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა " />

ცენტრალურ აფრიკაში დახოცილი რუსი ჟურნალისტების საქმე: რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება?

სამი რუსი ჟურნალისტი ცენტრალურ აფრიკაში შეიტყუეს და დახოცეს? რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომელიც „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული ერთ-ერთი ჟურნალისტის, ალექსანდრ რასტორგუევის დაკრძალვა. მოსკოვი, 7 აგვისტო, 2018 წელი. REUTETS/მაქსიმ შემეტოვი

რუსი ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო 2018 წლის ივლისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ხელისუფლებისა და, სავარაუდოდ, პირადად ვლადიმირ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების ბრძანებით დახოცეს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იმ დამოუკიდებელი გამოძიების ავტორები, რომელიც ნახევარ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

გამოძიება რუსულ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა და იძლევა პასუხს ყველა კითხვაზე: რატომ გაემგზავრნენ ჟურნალისტები ამ მოგზაურობაში და ვინ, რატომ და რა ვითარებაში დახვრიტა ისინი.

გთავაზობთ გამოძიების შედეგების მოკლე მიმოხილვას.

• ცნობილი რუსი ჟურნალისტი ორჰან ჯემალი ორ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს

მოგზაურობის მიზანი

რუსი ჟურნალისტების ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა, რათა გადაემოწმებინათ გავრცელებული ინფორმაცია, ამ ქვეყანაში დაქირავებული ორგანიზებული რუსული შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ.

რუსული და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაქირავებული რუსი მებრძოლები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც „ვაგნერის ჯგუფი“, ამ ქვეყანაში უზრუნველყოფენ რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნესის – ოქროს მოპოვების უსაფრთხოებას.

ვინ არის ევგენი პრიგოჟინი?

ევგენი პრიგოჟინი კრიმინალური წარსულის მქონე სანკტ-პეტერბურგელი ბიზნესმენია. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულად ითვლება.

პრიგოჟინი რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ „პუტინის მზარეულის“ ზედმეტსახელითაა ცნობილი. მან ასეთი მეტსახელი იმის გამო მიიღო, რომ მისი კომპანია რუსული სამართალდამცავი ორგანოების სურსათით უზრუნველსაყოფად გიგანტურ სახელმწიფო კონტრაქტებს იღებს.

ასევე, პრიგოჟინს ეკუთვნის ინტერნეტ-კვლევითი სააგენტო, უფრო ფართოდ ცნობილი თავისი არაფორმალური სახელწოდებით – „ტროლების ფაბრიკა“.

სწორედ ამ სააგენტოს ადანაშაულებენ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში, როდესაც მწვავე დაპირისპირებაში, ხელისუფლებაში ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, დონალდ ტრამპი მოვიდა.

• შეიძლება თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის აგენტი აღმოჩნდეს?

ამასთან, სწორედ ამ სააგენტოს ადანაშაულებენ 2016 წელს ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე გავლენის მოხდენის მცდელობაში, როდესაც ფაქტობრივად საზოგადოების გაყოფის პირობებში, ხმათა უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ მიიღო.

• ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად რჩება

ამას გარდა, არაერთი საერთაშორისო წყარო ამტკიცებს, რომ პრიგოჟინის მიერ კონტროლირებადმა „ვაგნერის ჯგუფმა“ გაგზავნა დაქირავებული მებრძოლები სირიასა და უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

რა მოხდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში: ოფიციალური ვერსია

ჟურნალისტების მკვლელობის შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი გამომძიებლები ჩავიდნენ. მათ ქვეყანაში სამი დღეს დაჰყვეს. მათი მუშაობის შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამტკიცებენ, რომ „ჟურნალისტები ძარცვის მცდელობისას დაიღუპნენ“.

რა მოხდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში: დამოუკიდებელი გამოძიების ვერსია

დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა საერთაშორისო საგამოძიებო მართვის ცენტრიდან თავიანთი კოლეგების გარდაცვალების გარემოება შეისწავლეს. მათი ვერსია ასე გამოიყურება:

ორხან ჯემალმა, ალექსანდრ რასტორგუევმა და კირილ რადჩენკომ საერთაშორისო საგამოძიებო მართვის ცენტრის დახმარებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი სამხედროების ყოფნის შესწავლა დაიწყეს. ამ ცენტრს ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ამავე ცენტრმა ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება ჯემალის, რასტორგუევისა და რადჩენკოს გარდაცვალების საქმეზე.

ადრე მიხაილ ხოდორკოვსკი მსხვილი ნავთობკომპანიის „იუკოსის“ მფლობელი და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. თუმცა, პუტინთან კონფლიქტმა მიიყვანა იქამდე, რომ „იუკოსის“ პრივატიზაცია მოახდინეს, თავად ხოდორკოვსკიმ კი 10 წელი პატიმრობაში გაატარა.

ჟურნალისტებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კონტაქტების დამყარების თხოვნით თავიანთ მოსკოველ კოლეგას კირილ რომანოვსკის მიმართეს. რომანოვსკი რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ფან“-ში მუშაობს, რომელიც ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან დაკავშირებულად მიიჩნევა.

გამოძიების ავტორები თვლიან, რომ ამ მომენტიდან ჯემალი, რასტორგუევი და რადჩენკო განწირულები იყვნენ.

რომანოვსკიმ მათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დახმარების აღმოსაჩენად ვინმე მარტინი ურჩია. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ადამიანი არასოდეს არსებობდა და ამ სახელის ქვეშ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი მოქმედებდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ ქვეყანაში „ვაგნერის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან.

დამოუკიდებელი გამოძიების ავტორები ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტები ხაფანგში შეიტყუეს და დახვრიტეს. მომხდარს კი ძარცვის სახე მისცეს.

საკუთარი ვერსიის დასამტკიცებლად საერთაშორისო საგამოძიებო მართვის ცენტრის ჟურნალისტებმა არაერთი დოკუმენტი და ფოტომასალა წარმოადგინეს.

განსაკუთრებით ფასეულია მობილური ქსელის მომხმარებელთა კონტაქტების ამონაბეჭდები, რომლებიც ჟურნალისტებმა ოპერატორებს გადასცეს.

ზოგიერთი ინფორმაციის წყაროს დასახელებისგან გამოძიების ავტორებმა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, უარი თქვეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ