რისი ცოდნაა საჭირო საარჩევნო რეფორმის თაობაზე სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ " />

რა უნდა ვიცოდეთ საარჩევნო რეფორმის შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ

რისი ცოდნაა საჭირო საარჩევნო რეფორმის თაობაზე სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ

ფოტო: გევორგ კაზარიანი

დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში 2018 წელს ხელისუფლება რევოლუციის შედეგად პირველად შეიცვალა. ხანგრძლივ მასობრივ საპროტესტო აქციებს ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მეთაურობდა. და 8 მაისს პარლამენტმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრად აირჩია.  

JAMnews გთავაზობთ სტატიების სერიას, რომლებიც რევოლუციონერი -პრემიერის პირველ ნაბიჯებს აანალიზებს.  ამ სტატიაში კი წარმოდგენილია სომხეთის საარჩევნო კოდექსის რეფორმის ყველა წვრილმანი.

2

2018 წლის აპრილიდან სომხეთში მიმდინარე რევოლუციური პროცესების დასრულებულად მიჩნევა მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ შეიძლება.  

პარლამენტი სომხეთში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რადგან 2017 წელს ქვეყანა საბოლოოდ გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე. ახლა „ხავერდოვანი რევოლუციის  შემდეგ აღმოჩნდა, რომ სომხეთში მმართველი პარტიის როლში დეპუტატების მცირერიცხოვანი ფრაქცია გვევლინება, რომელიც ახლახან ოპოზიციას წარმოადგენდა.

არჩევნები საფუძვლიანად შეცვლილი საარჩევნო კოდექსის მიხედვით უნდა ჩატარდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები 

ამიტომ მთავრობის ახალ პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ პუნქტად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროგრამის მიღებიდან არაუგვიანეს ერთ წელიწადში იყო გამოცხადებული.

2018 წლის 7 ივნისს სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით (62 მომხრე 39 მოწინააღმდეგე) სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს – და ზუსტად ერთ კვირაში „რევოლუციონერმა“ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების კომისია შექმნა.

ამ მომენტისთვის კომისიის ძირითად წინადადებებს შორისაა:

  • „ხმის მიცემის რეიტინგული სისტემის გაუქმება და მის ნაცვლად – როგორც ფაშინიანმა დაახასიათა, „ყველასთვის გასაგები და მარტივი“ 100-პროცენტიანი პროპორციული სისტემის მიღება;
  • პარტიებისთვის ზღვარის ხუთიდან ოთხ პროცენტამდე დაწევა,ბლოკებისთვის კი – შვიდიდან ექვსამდე;
  • კაბინებში საწერ-კალმის ხმარებაზე უარის თქმა და სენსორული მოწყობილობის გამოყენება, რომელიც თითის შეხებით ხსნის პარტიის დასახელებას, შემდეგ კანდიდატის გვარს, ბიულეტენი კი ავტომატურად ამოიბეჭდება და საარჩევნო ურნაში ვარდება; და ხმის მიმცემებისთვის თითების უფერული მელნით შეღებვა, რათა ხელმეორედ ხმის მიცემა გამოირიცხოს.

გიამბობთ ყველ დეტალსა და არგუმენტს.

წინა გამოცდილება

საარჩევნო კოდექსი სომხეთში არც ისე დიდი ხნის წინათ შეიცვალა -2016 წელს, საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც  ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური წყობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის სურვილი დაადასტურა.

მაშინ რეფორმაზე მუშაობდნენ ფორმატით „4+4+4“ – ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების 4-4 წარმომადგენელი. ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინა, ხელისუფლებამ ნაწილობრივ ან მთლიანად დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რაც სათანადოდ და გონივრულად მიიჩნია.

ევროპელი ექსპერტები მაშინ მთლიანობაში მიესალმებოდნენ პროექტში შეტანილ ცვლილებებს, თუმცა სურვილებიც გამოთქვეს.

პირველ რიგში, საქმე ეხებოდა ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნებას. ვენეციის კომისისამ მიიჩნია, რომ ეს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებას არღვევს, და ამ მუხლის  გადახედვისკენ  მოუწოდა.

თუმცა, სიების გასაჯაროებას ოპოზიცია ითხოვდა – და პოლიტიკური კონსენსუსის გამო, მაშინდელი ხელისუფლება ვენეციის კომისიას არ დაეთანხმა და ნება დართეს, რომ ამომრჩეველთა სიები არჩევნების შემდეგ ფართოდ ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 2 აპრილს ამ რეფორმირებული კოდექსის საფუძველზე ჩატარდა.

მთავარ სიახლედ იქცა: „თითების ანაბეჭდების სკანირება, ყველა საარჩევნო პროცესის ვიდეო გადაღება და მათი ონლაინ ტრანსლაცია.

ისევ რეფორმების განხილვა

2018 წლის 20 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობის მაფორმირებული კომისიის შექმნას, რომელსაც ცვლილებების კონცეფცია უნდა წარმოედგინა.

კომისიის შემადგენლობაში 12 ადამიანი შედის. თავმჯდომარე – პირველი ვიცე-პრემიერი არარატ მირზოიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია  „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ მდივანი-კოორდინატორი დანიელ იონაისიანი.

კომისიის თავმჯდომარეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან მსჯელობის გამართვის პასუხისმგებლობა აკისრია.

იმავე დღეს ანალოგიური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პარლამენტში. მასში თითო ფრაქციიდან სამ-სამი დეპუტატი შევიდა.  

ძირითადი უთანხმოებები

კომისიის ერთ-ერთი მთავარი წინადადებაა   არჩევნების 100-პროცენტიანი პროპორციული სისტემით ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა უბრალოდ უნდა აირჩიოს მისთვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფი და ხმა მას მისცეს.

ამ იდეის წინააღმდეგ გამოდიან პარტია „დაშნაკცუტიუნი“ და ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტია. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში, ადამიანები ფაქტობრივად არ მონაწილეობენ პარლამენტში თავიანთი კონკრეტული წარმომადგენლების არჩევაში, რადგან პარტიის ხელმძღვანელობა თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება მისი დეპუტატი.

„დაშნაკცუტიუნი“ საჭიროდ მიიჩნევს ღია პროპორციული სიის შედგენას, სადაც ამომრჩეველს შეეძლება კანდიდატების საკუთარი თანმიმდევრობა შესთავაზოს – თუ ვინ უნდა მოხვდეს პირველ რიგში პარლამენტში.

საპარლამენტო კომისია მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ამგვარი მეთოდი მას ზედმეტად გაართულებს და გაახანგრძლივებს.

„წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ეს ბიულეტენი? ეს იქნება ლავაში“, – ამბობს კომისიის მდივანი დანიელ იონისიანი.

ფრაქცია „ელკისა“ და „ცარუკიანის“ პოზიცია მთლიანად ემთხვევა მთავრობისას. მათ მხოლოდ ის აღელვებთ, რომ რეგიონების წარმომადგენელმა კანდიდატებმა, შესაძლოა, პარლამენტში მოხვედრის შანსი დაკარგონ.

ხოლო ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტია საერთოდაც მიიჩნევს, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, და ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს.

როგორ გამოიყურება ამჟამად საარჩევნო სისტემა სომხეთში

მოქმედი კოდექსის მიხედვით, სომხეთი დაყოფილი13  საარჩევნო ოლქად, რომელთაგან ოთხი ერევანშია განლაგებული, ცხრა კი – რეგიონებში.

პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა 101-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, კიდევ ოთხი შეიძლება, რომ ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენდეს.

არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტია ყოველ ოლქში ორ სიას წარადგენს – პროპორციულს და რეიტინგულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი არამხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ირჩევს, არამედ ხმას აძლევს  კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პარტიის სიით კონკრეტულ ტერიტორიულ ოლქში არიან წარდგენილები.

საბოლოოდ გამოდის, რომ დეპუტატების ნახევარი პარლამენტში პარტიის პროპორციული სიით ხვდება, მეორე ნახევარი კი – რეიტინგული სიებით.

რესპუბლიკური პარტია ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სისტემის წყალობით აქვთ რეგიონების წარმომადგენლებს დეპუტატობისა  და პარლამენტში თავიანთი რეგიონების პრობლემების გადაწყვეტის ლობირების საშუალება. ჩვეულებრივი პროპორციული სისტემის გამოყენების შემთხვევაში, რეგიონების ხმამ, შესაძლოა, პარლამენტამდე ვერ მიაღწიოს.

საპარლამენტო კომისია  ამ წინადადების წინააღმდეგია. დანიელ იონისიანი იხსენებს სიტუაციას, რომელიც მოქმედ პარლამენტში შეიქმნა –  რეიტინგული სიების მიხედვით, პარლამენტში პრაქტიკულად მხოლოდ  მდიდარი და ცნობილი პირები და ადგილობრივი ავტორიტეტები მოხვდნენ:

„როგროც წესი, მაჟორიტარული სისტემით ის ადამიანები აირჩიეს, ვისაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ადამიანები ხმას აძლევდნენ ეზოს ავტორიტეტებს, ხელმძღვანელ პირებსა და იმ ადამიანებს, ვინც მათ ქრთამს უხდიდა ან მათზე ზეწოლას ახდენდა“.

 ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ.

გამსვლელი ზღვარი

სამთავრობო კომისია პარლამენტში მოხვედრის გამარტივებას სთავაზობს – პარტიებისთვის ზღვარის – ხუთიდან ოთხამდე, ბლოკებისთვის კი შვიდიდან ექვს პროცენტამდე დაწევით. პოლიტიკოსების უმრავლესობამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა. მაგრამ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა:

„თუკი გსურთ, რომ პარტიები არ შედგეს, დაწიეთ ზღვარი რამდენითაც გინდათ, შეგიძლიათ პარლამენტში მოხვედრა პაბში შესვლის შესაძლებლობას გაუტოლოთ“, – გამოთქვა აზრი „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელმა სპარტაკ სეირანიანმა.

ტექნიკური გადაწყვეტილებები

არის მრავალი ახლებური ტექნიკური შეთავაზება, რადგანაც არჩევნებისადმი მაღალი უნდობლობა არსებობს.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენს, სთავაზობს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდეს მხოლოდ ტექნიკური მოწყობილების დახმარებით,  ID-ბარათების მიხედვით, რომელიც ყველას მასობრივად უნდა დაურიგდეს.

მეორე წინადადებაა – საგანგებო საშუალებების დახმარებით ხმის მიცემა. ეს არის სენსორული დანადგარი, რომელიც თითის  დადებით ხსნის ჯერ პარტიის დასახელებას, შემდეგ კანდიდატის გვარს, ხოლო ბიულეტენი ავტომატურად ამოიბეჭდება და საარჩევნო ყუთში ვარდება.

ასევე სთავაზობენ არჩევნების პროცესის ტრანსლირებას – თუმცა, საამისოდ კამერები არ არის: 1,200 კამერა, რომელიც წინა არჩევნებზე გამოიყენებოდა, სხვადსხვა სახელმწიფო უწყებას დაურიგდა.

ყველა ეს წინადადება მიიღეს, მათი ხარჯიანობის მიუხედავად

აუცილებელი აღჭურვილობის შეძენაში დახმარებას სომხეთს, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ევროკავშირი დაჰპირდა. სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის მეთაურმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ 16 ივლისს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა დაპირებები შევასრულოთ“.

საარჩევნო დარღვევები და მოსყიდვები

არჩევნების დროს დარღვევების თავიდან ასაცილებლად, ფრაქცია „ცარუკიანი“ სთავაზობს, რომ ამომრჩევლებს თითები უფერული მელნით შეუღებონ.

დაშნაკცუტიუნი სთავაზობს პოლიციის საგანგებო ქვედანაყოფის შექმნას, ასევე  არჩევნებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას და საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პარტიების ან ბლოკების სახელების დამთხვევის  არდაშვებას.

მთავრობა სთავაზობს, რომ გადჭრის იმ ადამინების პრობლემას, რომლებსაც დამოუკიდებლად ხმის მიცემა არ შეუძლიათ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომამდგენელი დანიელ იოანისიანი ამ საკითხით შეშფოთებულია:

„ეროვნული საკრებულოს წინა არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით,  70,500 ადამიანს სჭირდებოდა დხმარება – და მათი უმრავლესობა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა“.

და ამიტომ შემოვიდა წინადადება, რომ ექიმის ცნობა მოსთხოვონ მათ, ვისაც დამოუკიდებლად ხმის მიცემა არ შეუძლია.

არც ერთ ამ წინადადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს.

ჯარში მომსახურეთა მიერ ხმის მიცემა

მიიჩნევა, რომ არჩევნებზე  ხელისუფლებისთვის სერიოზულ დასაყრდენს წარმოადგენს ჯარი – რადგან, როგორც წესი, სამხედროები  ხელისუფლებას ერთხმად აძლევენ ხმას.

განიხილება ვარიანტი, რომ მთავარსარდლობა, ოფიცრები საარჩევნო უბანზე არ უნდა იმყოფებოდნენ, ან კაბინებთან ას მეტრზე ახლოს არ უნდა მივიდნენ.

კოალიციის შემადგენლობა

მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტში სამ ძალაზე მეტი ვერ გაერთიანდება.

სამთავრობო კომისია ამ შეზღუდვის მოხსნას სთავაზობს. რესპუბლიკური პარტია წინააღმდეგია. მისი წარმომადგენელი დავიდ არუთიუნიანი  განმარტავს:

„წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე პარტიამ ოდნავ ნაკლები ხმა მიიღოს, ვიდრე უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო, ხოლო დანარჩენი ხმები მრავალ ისეთ მცირე პარტიაზე გადანაწილდეს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობენ. შედეგად, თუკი ყველა დიდი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდება, მივიღებთ უმრავლესობას, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის გასვლის შემთხვევაში მთელი სისტემა დაინგრევა“.

საბოლოოდ, წინადადება იმის შესახებ, რომ შეზღუდვა მოიხსნას – უარყვეს.

მაგრამ მიიღეს „დაშნაკციუტიუნის“ წინადადება, რომ არც ერთ ძალას არ შეეძლოს ხმათა 60 პროცენტზე მეტი ჰქონდეს, რათა კონსტიტუციის თვითნებურად შეცვლის შესაძლებლობა ვერ მიიღოს.

ქალების ჩართვა

მოქმედი ნორმების მიხედვით, პროპორციული სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი  უნდა იყოს ქალი. ამჟამად პარლამენტში ქალები 18 პროცენტს შეადგენენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ქალების უფლებებით არიან დაკავებულები, სთავაზობენ 50/50 შეფარდების შემოღებას, რადგან ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციაში.

ევროპის საბჭომ ქალების 40 პროცენტით წარმოდგენისკენ მოუწოდა.

როგორც განხილვების მონაწილეები ირწმუნებიან, 100 ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ქალების წარმომადგენლობა საშუალოდ 32 პროცენტს შეადგენს.

წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები

ბლოკი „ელკი“ სთავაზობს, რომ აუცილებელად ნორმად იქცეს სატელევიზიო დებატების ორგანიზება, ასევე გაიზარდოს უფასო ეთერი.

რესპუბლიკელები აუცილებელი დებატების წინააღმდეგ გამოდიან – ხშირად სერიოზული პარტიის წინააღმდეგ დებატებზე მიდის პარტია, რომელსაც ძალიან ცოტა წარმომადგენელი ჰყავს, და თავად კანდიდატიც არცთუ სერიოზულია.

მწვავე მსჯელობის შემდეგ ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: თუკი ორი ნებისმიერი პარტია დებატების გამართვაზე შეთანხმდება – საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ისინი ტრანსლაციით უნდა უზრუნველყოს.  

ერთი თუ ორი პროექტი?

იმის გამო, რომ ორი განსხვავებული ჯგუფი ჩამოყალიბდა, გაუგებარია, თუ რამდენი პროექტი იქნება წარმოდგენილი – ერთი თუ ორი.

სამთავრობო  კომისიის მდივანმა დანიელ იონისიანმა განაცხადა, რომ მათი პროექტი, შესაძლოა, კონსენსუსის გარეშე მიიღონ. ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი ვიცე-პრემიერი არარატ მირზოიანი ერთობლივ პროექტამდე მისვლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რისკენაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც მოუწოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტი სექტემბერში მზად იქნება.

არჩევნების  ჩატარების ვადები და მონაწილეობის ფორმატი

20 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფაშინიანმა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სავარაუდო ვადა დაასახელა:

„არჩევნების ჩატარების უკიდურესი ვადა – ეს მომავალი წლის მაისია“.

არჩევნებში თავისი მონაწილეობის ფორმატის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ „დაშნაკცუტიუნმა“ განაცხადა. „დაშნაკცუტიუნი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და არავითარ ბლოკში არ გაწევრიანდება.


ასევე წაიკითხეთ