საბჭოთა დროს აქაურობა დახურული ზონა იყო, სადაც შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა" />

“პობედა” – დასახლება გარდაბანში, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. ვიდეო

საბჭოთა დროს აქაურობა დახურული ზონა იყო, სადაც შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა

“პობედა” – ასე ჰქვია დასახლებას, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, გარდაბანთან მდებარეობს.

საბჭოთა დროს აქაურობა დახურული ზონა იყო, სადაც შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა. აქ ორი მნიშვნელოვანი გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი იდგა, რომელთაგანაც ერთი დაზვერვის სამმართველოს (გრუ), მეორე კი – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (კგბ) ექვემდებარებოდა.

კომუნისტების დროს აქ 600-მდე მაცხოვრებელი იყო. რუსი სამხედროები, სპეცსამსახურების თანამშრომლები და მათი ოჯახები, რომლებიც საიდუმლო ობიექტებზე მუშაობდნენ.

რუსებმა აქაურობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაცალეს.

“ჩვენთან ნათესავი რომ მოდიოდა სტუმრად, წინასწარ პროპუსკი უნდა გამოგვეწერა. რომ შემოვიდოდნენ, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა, ისე კარგად და უზრუნველყოფილად ვცხოვრობდით აქ”, – იხსენებს ძველ ამბებს ნათელსა ჩხეიძე, “პობედას” ყველაზე ძირძველი მაცხოვრებელი, რომელიც აქ ავადმყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ნათელას ქმარი აქ ჯერ სამხედრო მოსამსახურე იყო, შემდეგ კი ინჟინრად მუშაობდა და საცხოვრებლადაც დარჩა.

ნათელა ჩხაიძე იხსენებს, რომ საბჭოთა დროს აქაურობას ყველა შენატროდა – გარემონტებული სახლები, მოვლილი, გაწკრიალებული ეზო. “პობედის” ტერიტორიაზე მაღაზია და კლუბიც ქონდათ.

დღეს ამ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, სანახევროდ დაცლილ სახლებში ოციოდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლება, რომელიც რამდენიმე ორსართულიანი კორპუსისგან შედგება, ნანგრევებადაა ქცეული. ბათქაშჩამოცვენილი კედლები, ჩამტვრეული ფანჯრები, საღებავგადაცლილი, მორყეული ხის კარი.

გარდაბნიდან “პობედამდე” ტრანსპორტი არ დადის, გზა კი, რომელიც უნდა გამოიარო – დანგრეულია.


ასევე წაიკითხეთ