ერგნეთში გარდაცვლილი ტატუნაშვილისა და დაკავებული პირების საქმეზე შეხვედრა იმართება" />

ოფიციალურმა თბილისმა ერგნეთში შეხვედრა ჩანიშნა, ცხინვალში კი ამბობენ, რომ დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს

ერგნეთში გარდაცვლილი ტატუნაშვილისა და დაკავებული პირების საქმეზე შეხვედრა იმართება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა იმართება. აღნიშნულ შეხვედრაზე უნდა განიხილონ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის საკითხები.

თუმცა ცხინვალში აცხადებენ, რომ დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს.

“დაკავებულები ლენინგორის (ახალგორის) მაცხოვრებლები არიან. ისინი ჯერ კიდევ გუშინწინ გაათავისუფლეს და ახლა საკუთარ სახლში იმყოფებიან. მათ შეუჩერეს საშვები მანამ, სანამ ყველა გარემოება არ გაირკვევა. ამ პირებს ჯერ არაფერში ედებათ ბრალი, თუმცა მალე გაჩნდება გარკვეული კითხვები მათ მიმართ, რადგან ისინი გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდნენ”, – განაცხადა მურათ ჯიოევმა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა და „ოსების გენოციდში“ მონაწილეობდა. უწყება ირწმუნება, რომ დაკავებულმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას წინააღმდეგობის გაწევა და ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლისთვის იარაღის წართმევა სცადა.

საქართველოს ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ თინიკაშვილმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს განუცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორში ხშირად მიემგზავრებოდა და იქ ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობდა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ