რა მოხდება, როდესაც 2020 წლის შემოდგომაზე სარემონტოდ გაჩერდება ენგურჰესი?" />

მოსაზრება: ვინ გადაიხდის აფხაზეთის ელექტროენერგიის საფასურს?

რა მოხდება, როდესაც 2020 წლის შემოდგომაზე სარემონტოდ გაჩერდება ენგურჰესი?

„ენერგეტიკა უნდა გახდეს აფხაზეთის ეკონომიკის ლოკომოტივი“, – ამბობდა სერგეი ბაღაფში, როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა (2005-2011 წლებში – JAMnews).

მას შემდეგ პრეზიდენტობა მოასწრეს ალექსანდრ ანქვაბმა და რაულ ხაჯიმბამ, შეიცვალა რამდენიმე ხელისუფლება – მაგრამ „ლოკომოტივი“, როგორც იდგა ჟანგით დაფარული, ისევ ისე დგას. 

2019 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისგან, ალმას ჯოპუასგან (ის არის ენერგეტიკის სფეროში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი)  იყო ენერგეტიკის სფეროს წამოწევის მცდელობა.

• რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?

• როგორ მოხვდნენ ჩრდილოეთკორეელი მუშები აფხაზეთში და რატომ არღვევს რუსეთი გაეროს სანქციებს

თუმცა, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯოპუამ აფხაზეთის ლიდერები და „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობა (ძველებიცა და ახლებიც) არაეფექტურობაში დაადანაშაულა, მათ შორის, პრაქტიკულად კორუფციაშიც. მათ საპასუხოდ განაცხადეს: „თვითონ არის სულელი“ – საუბარი არ შედგა.

ამასთან, ურთიერთობების გარკვევის კონტექსტში, აფხაზეთის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ ცოტა მეტი გაეგოთ აფხაზეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის შესახებ, ვიდრე მანამდე იცოდნენ.

ადრე სხვანაირად იყო: რიგითი მოქალაქე ხელისუფლებისგან ისმენდა ლექციას ენერგეტიკის თემაზე წინასწარ მოცემული აქცენტებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო, როგორც მტკიცებულებათა გარეშე აქსიომები.

„აქსიომის“ მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ენერგეტიკის სფერო აფხაზეთში წამგებიანია, მასში უზარმაზარი თანხები უნდა ჩაიდოს (რაც ხდებოდა კიდეც უკანასკნელ წლებში), მაგრამ, ამის მიუხედავად, ის არასოდეს გახდება მოგებიანი.

„აქსიომის“ ცალკე ასპექტი იყო ინფორმაცია ენგურჰესის შესახებ.

ენგურჰესი 1978 წელს გაიხსნა. მისი სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე 800 მეტრი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთi უდიდესი ბეტონისთაღოვანი კაშხალი. ის განლაგებულია  კონფლიქტის ზონაში და იმართება ორივე მხარის მიერ: წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი ქართულ მხარესაა, გვირაბის მეორე ნაწილი, ჰესის შენობა და ოთხი კასკადი კი – აფხაზურ მხარეს.

 

ეს ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია. მხარეები ერთად მართავენ ჰესს და ინაწილებენ ელექტროენერგიას, რომელსაც ის აწარმოებს, რის გამოც აუცილებელია თანამშრომლობა და რეგულარული კონტაქტები. 

• ომისა და მშვიდობის ჰესი – ვიდეო

ამ დრომდე აფხაზეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კაშხლის გარდა, რომელიც საქართველოს მხარესაა, მთელი ჰესი აფხაზეთს ეკუთვნის. ამასთან, აფხაზეთი არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს, თუმცა, გამომუშავებული ენერგიის 40 პროცენტს მოიხმარს. 

ახლა ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა:

• სადგურის აფხაზეთის ოფიციალური კუთვნილება  (არ არსებობს არცერთი ქაღალდი, რომელიც ამას დაადასტურებს);

• მოხმარებული ენერგიის რეალური რაოდენობა;

• და ენერგეტიკის სფეროში განუკურნებელი დანაკარგების ოფიციალური დიაგნოზი.

ამავდროულად, ხალხი დიდი ბრძოლისთვის ემზადება.

2020 წლის შემოდგომაზე, ენგურჰესის ხანგრძლივი რემონტი იწყება – ამასთან დაკავშირებული ელექტრომომარაგების პროცესის მთელი პრობლემებით. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოამარაგებს აფხაზეთს ელექტროენერგიით ენგურჰესის გაჩერების პირობებში და, რაც ყველაზე მთავარია, ვინ გადაიხდის ამის საფასურს.

ყველას ესმის, რომ გარედან შეძენილი ელექტროენერგიის ტარიფი იქნება საგრძნობლად განსხვავებული, ვიდრე დღეს მოქმედი – 40 კაპიკი (დაახლოებით 6 ცენტი) კერძო პირებისთვის და 80 კაპიკი (დაახლოებით 12 ცენტი) იურიდიული პირებისთვის.

ყველას ესმის, რომ ტარიფი რამდენჯერმე გაიზრდება.

ჰიდროელექტროსადგურის წინა, მხოლოდ სამკვირიანი შეჩერება აფხაზეთის ბიუჯეტს, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი რუბლი (დაახლოებით, 8 მილიონი დოლარი) დაუჯდა.

ეს თანხა წავიდა რუსული ელექტროენერგიის რუსული ტარიფებით შესაძენად, რომელიც ათჯერ აღემატებოდა აფხაზურს.

დიახ, ეს თანხა პირდაპირ აფხაზეთის ხაზინიდან არ წაუღიათ, ის გამოიქვითა იმ ფინანსური დახმარებიდან, რომელსაც რუსეთი ყოველწლიურად აძლევს აფხაზეთს. და, ამის მიუხედავად, ფაქტობრივად, ეს აფხაზეთის ფული იყო. 

ენგურჰესის ახალი შეჩერება ბიუჯეტს დაახლოებით 3,5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 55 მილიონი დოლარი) დაუჯდება.

ეს თანხა ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის მიერ 2020 წელს აფხაზეთისთვის გამოყოფილი დოტაცია.

როგორ დაფარავს ბიუჯეტი ამ უზარმაზარ ხვრელს, ჯერჯერობით არავინ იცის. და ვარაუდიც არ უნდა – ისედაც გასაგებია, რომ ჰესის ეს შეჩერება აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გართულების გარეშე არ დასრულდება.

ამასთან, სადგური, რომელიც უკვე მეხუთე ათწლეულს ითვლის, გარემონტდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანხებით და ეს „პოლიტიკური“ კრედიტი საკმარისია მხოლოდ მცირე „ხვრელების“ შესავსებად ანუ სადერივაციო გვირაბის ნაწილობრივ შესაკეთებლად.

ენგურჰესის კაპიტალურ მოდერნიზებას ხელს ერთი გარემოება უშლის: სადგურის ზუსტი იურიდიული გაფორმების არარსებობა, რომელიც არ გამოიწვევს არც ერთი მხარის პრეტენზიებს – არც ქართველების და არც აფხაზების.

საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი იუსტიციის სამინისტროს მიერ გაფორმებული ყველა იურიდიული დოკუმენტი ენგურჰესთან დაკავშირებით და ის რეგულარულად აცხადებს, რომ სადგური მას ეკუთვნის. თუმცა, ამის მიუხედავად, ოფიციოზს იქ ესმის, რომ სადგურის იურიდიული სტატუსი საკმაოდ სადავო საკითხია იმ დროს, როდესაც კაშხალი საქართველოს მხარესაა, ჩამრთველი ნაწილი კი – აფხაზეთის. 

ასეთი სადავო სტატუსის პირობებში არცერთი კომერციული ბანკი არ გამოყოფს სერიოზულ თანხებს არც ნაწილობრივი რემონტისთვის და, მით უფრო, სრული მოდერნიზაციისთვის.

დიახ, ამ დრომდე მოქმედებს „ჯენტლმენური შეთანხმება“ თბილისსა და სოხუმს შორის გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყოფასთან დაკავშირებით, ფორმულით „60/40“-ზე და ის, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ ასეთ პირობებში კრედიტს სადგურისთვის არცერთი კომერციული ბანკი არ გასცემს.

პოლიტიკური ბანკებიც არ გასცემდნენ, ენგურჰესის ავარიის შემთხვევაში რეგიონისთვის გლობალური კატასტროფის საფრთხე რომ არ არსებობდეს. 

არც თბილისი და არც სოხუმი არ აპირებს შეცვალოს იმ წლების წესები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში განვითარდა, ანუ ჩამოაყალიბონ ენგურის ჰიდროელექტროსადგური, როგორც ერთობლივი, ქართულ-აფხაზური საწარმო.

საქართველოში ამაზე პოლიტიკური მოსაზრებებით არ წავლენ, რადგან ეს აფხაზეთის სუვერენიტეტის არაპირდაპირ აღიარებად აღიქმებოდა.

აფხაზეთს კი ეკონომიკური ასპექტი არ აძლევს ხელს. ქართულ-აფხაზური წარმოების გაფორმება ავტომატურად წარმოშობს ენგურჰესის შენახვაზე პასუხისმგებლობას. აფხაზეთი კი გენერაციის საფასურს არ იხდის და ახლა თვითონ სადგურის ხარჯები უნდა იტვირთოს?

მაგრამ კონფლიქტის ორივე მხარის წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე დიდი მოტივი მხოლოდ ელიტების დონეზეა.

ისინი ამას, რა თქმა უნდა, სასიკვდილო სარეცელზეც კი არ აღიარებენ, მაგრამ ენგურჰესის მკაფიო იურიდიული გაფორმება წერტილს დაუსვამს ყველანაირ ჩრდილოვან სქემას, რომელიც, აპრიორი შეუძლებელია არ არსებობდეს ასეთი კონფლიქტური სპეციფიკის მქონე წარმოების პირობებში.

აბა, კონფლიქტმა მარტო ზარალი ხომ არ უნდა მოგიტანოს, მოგებაც ხომ უნდა ნახო.

ფოტო: აგნეშკა ზელიონკა, JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ