სამუშაოს საძებნელად სამშობლოდან წასული ადამიანების ისტორიები - JAMnews-ის პარტნიორის Ziarul de Gardă-ს მასალების მიხედვით" />

მოლდოვის ბევრი მაცხოვრებელი ფულის საშოვნელად ქვეყანას ტოვებს – ბავშვები მშობლების კვალდაკვალ

სამუშაოს საძებნელად სამშობლოდან წასული ადამიანების ისტორიები - JAMnews-ის პარტნიორის Ziarul de Gardă-ს მასალების მიხედვით

კიშინიოვი, მოლდოვა, ნოემბერი 2016 წელი REUTERS/Gleb Garanich  

პუბლიკაციის ორიგინალი ZDG-ს ვებგვერდზე

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მოლდოვის სამნახევარი მილიონი მოსახლეობიდან 800 ათასზე მეტი მოქალაქე ქვეყნიდან უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავრა. კვლევითი ორგანიზაცია Magenta Consulting-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანას სამუდამოდ ტოვებს 106 ადამიანი. ხოლო „საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრის“ კვლევის თანახმად, მოლდოვის მოქალაქეების დარჩენილი ნაწილის 56 პროცენტი მათ სიამოვნებით შეუერთდებოდა, ამის საშუალება რომ ჰქონდეთ.

ემილია და ალინა

მოლდოვიდან გამგზავრება 90-იან წლებში დაიწყეს. ძირითადად ქალები მიემგზავრებოდნენ. და ემილია დელეუ ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. „შეწყდა ხელფასების გადახდა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვებს საჭმელს აღარ აჭმევდნენ“, – ამბობს ემილია, და იხსენებს თუ რა ცხოვრება იყო მოლდოვაში, როდესაც მან თავისთვის გადაწყვიტა, რომ – საჭიროა გამგზავრება.

სამშობლოში ემილია ქმართან ერთად მოლდოვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუპჩინის საკონსერვო ფაბრიკაში მუშაობდა. თავიდან ხელფასები მცირდებოდა და ძალიან აგვიანებდა, 1993 წელს კი ფაბრიკა სამუდამოდ დაიკეტა.

ემილიამ და მისმა ქმარმა მარჩელმა მოსკოვში მშენებლობაზე წასვლა გადაწყვიტეს. ქალიშვილები ალინა და აგნესა ბებიას და ბაბუას დაუტოვეს. ფიქრობდნენ, რომ დროებით, აღმოჩნდა, რომ – 21 წლით.

„თავიდან უბრალოდ ვმუშაობდით, ფულის გადადება მოგვიანებით დავიწყეთ. სახლის რემონტისთვის ვაგროვებდით, შემდეგ – ბავშვების სწავლის ფულის გადასახდელად. 2008 წელს უმცროსმა ქალიშვილმა ალინამ კიშინიოვში კოლეჯში ჩააბარა, ინტერიერისა და დიზაინის შესწავლა დაიწყო“, – იხსენებს ემილია.

2017 წელს ალინამ ქმართან და ვაჟთან ერთად მოლდოვის მოქალაქეობაზე უარი თქვეს, რათა რუსეთის მოქალაქეობა მიეღოთ

რამდენიმე წელიწადში, 2011 წელს მოსკოვში უკვე თავად ალინაც ჩავიდა. ამ დროისთვის მან უკვე გათხოვება მოასწრო და უნდოდა ფული სწავლის გასაგრძელებლად შეეგროვებინა.

სამშობლოში ალინამ კოლეჯის და ინსტიტუტის დამთავრება მოასწრო, მაგრამ მისი დიპლომებს რუსეთი არ ცნობს. ის სავაჭრო ცენტრში გამყიდვლად მუშაობს და თვეში დაახლოებით 500 ევროს იღებს. მოსკოვისთვის ეს ოფიციალურ საშულო ხელფასზე ცოტაა, მაგრამ მოლდოვაში ეს დეპუტატის ან მინისტრის შემოსავალს უდრის. „საჭიროა განვითარება, – ამბობს ალინა, – გვინდა ევროპაში გავემგზავროთ, იქნებ იქ უკეთესი პირობები იყოს“.

გასულ წელს ალინამ და მისმა ოჯახმა, რუსეთის მოქალაქეობის სასრგებლოდ, მოლდოვის მოქალაქეობაზე უარიც კი თქვეს. ახლა რუსულ პასპორტებს ემილია და მარჩელი ელიან. შინ მოლდოვაში ისინი მხოლოდ დღესასწაულებზე ჩადიან.

ეკატერინა და სვეტლანა

ეკატირინა იანულოვამ მოლდოვის სამხრეთით მდებარე ავტონომია გაგაუზიის მშობლიურ სოფელში ღორების ფერმაში 20 წელიწადს იმუშავა. იმ დროისთვის, როდესაც ფერმა დაიკეტა, ეკატერინას ბევრი თანასოფლელი უკვე თურქეთში იყო წასული. თურქეთი ადგილობრივი გაგაუზელი მოსახლეობისთვის ეთნიკურად უფრო ახლოსაა. ეკატერინამ და მისმა ქმარმა დმიტრიმ ასევე გამგზავრება გადაწყვიტეს, და ოცნებობდნენ, თუ გამომუშავებული ფულით ბოლოს და ბოლოს სახლს როგორ გაარემონტებდნენ. „სამუშაოდ ერთ ოჯახში მოვეწყვეთ, ქმარი აუზს წმენდდა და მცენარეებს უვლიდა, მე კი საჭმელს ვამზადებდი“. როგორც კი ცოტა ფული დავაგროვეთ, ფული ნათესავებს გავუგზავნეთ და სახლში წყალგაყვანილობა გავაკეთეთ, აბაზანა გავარემონტეთ, ავეჯი გამოვცვალეთ“.

ეკატერინამ და დმიტრიმ რამდენიმე წელიწადს თურქეთში იმუშავეს. ახლა ისინი დაბრუნდნენ, მათ ნაცვლად კი ქალიშვილი გაემგზავრა

რამდენიმე ხანში თურქეთში მათი ორი ვაჟი ჩავიდა ცოლებით. „ყველა ერთად ვმუშაობდით. შემდეგ მათ მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტეს“, – ჰყვებიან ცოლ-ქმარი იანულოვები.

შემდეგ დმიტრი ავად გახდა და მას მოლდოვაში მოუხდა დარჩენა. ეკატერინა ქმრის მოსავლელად ჩავიდა. ის სამსახური რომ არ დაეკარგათ, რომლითაც მთელ ოჯახს არჩენდნენ, ქალიშვილმა სვეტლანამ გადაწყვიტა, თურქეთში დედა შეეცვალა. „შენი წილი უკვე იმუშავე, ახლა ჩემი ჯერია, – უთხრა 33 წლის სვეტლანამ დედას, – ჯობს, ჩემს გოგონებს მიხედე“.

ეკატერინა, ვალერია, ვირჯინია

ეკატერინა გურგიში 55 წლისაა. ემიგრაციამდე ის კიშინიოვიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ სადოვას სკოლის დირექტორად მუშაობდა.

ის 2011 წელს გაემგზავრა. იმ დროისთვის მისი ბევრი თანასოფლელი ფულის გამოსამუშავებლად იტალიაში გაემგზავრა. მიემგზავრებოდნენ ეკატერინას სკოლის მასწავლებლებიც, თუმცა თავად მას გამგზავრების გადაწყვეტილება სწრაფად არ მიუღია – ეჭვი ეპარებოდა, რომ  სკოლის დირექტორის კაბინეტის დატოვებას და მომსახურე პერსონალად მუშაობას შეძლებდა.

ეკატერინა ფოტოზე გვიჩვენებს თავის ქალიშვილებს, რომლებიც ახლა იტალიაში მუშაობენ

„თავიდან 60-დღიანი უხელფასო შვებულება ავიღე. იქ კი ჩემმა თანამემამულეებმა მოხუცების მოსავლელად დარჩენა შემომთავაზეს. ჩემი ქალიშვილი მეუბნებოდა: „რა სკოლა? იტალიაში დარჩიო!“ და დავრჩი“, – იხსენებს ეკატერინა.

უფროსი ქალიშვილი ვალერია იტალიაში დედაზე რამდენიმე წლით ადრე გაემგზავრა. ის მილანის გარეუბანში ცხოვრობს, ქმართან და ვაჟთან ერთად ოჯახში მუშაობს – „საჭმელს ამზადებს და ალაგებს“.

ეკატერინას უმცროს ქალიშვილს, ვირჯინიას, შინ დარჩენა და თავისი სპეციალობით მუშაობა უნდოდა (ის დედის და უფროსი დის მსგავსად მასწავლებელია). მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ხელფასით ვერ იარსებებდა. საბოლოოდ ვირჯინიაც თავის ოჯახთან ერთად იტალიაში გადავიდა.

„იტალიაში ქანცის გაწყვეტამდე მუშაობ, მაგრამ სანაცვლოდ, ღირსეულ ხელფასს იღებ, შენი შვილებისთვის პირობების შექმნას ახერხებ. ჩემი შვილიშვილები ნორმალურ სკოლებში დადიან, სხვადასხვა წრეზე. მოლდოვაში ყველაფერი სხვგვარადაა“, – ასე განმარტავს ეკატერინა იმას, თუ რატომ დარჩა მისი ოჯახი ამდენი წლით უცხოეთში.

ყოველ ზაფხულს ეკატერინა პადუაში ავტობუსში ჯდება და სადოვოში ჩადის, რათა სახლი მოინახულოს. ნათესავები ენატრება და ამბობს, რომ როდესაც პენსიონერი გახდება, შესაძლოა, სამუდამოდ დაბრუნდეს.  


ასევე წაიკითხეთ