ისტორიები და ფოტოები " />

ლეგენდარული კვარტალი სადაცაა გაქრება – ბაქოელები „სოვეტსკაიას“ იხსენებენ

ისტორიები და ფოტოები

სოვეტსკაია – ისტორიული კვარტალია ბაქოში, იასამალის რაიონში. სოვეტსკაია ცნობილია იმით, რომ მთელი თავისი ასწლიანი ისტორიის მანძილზე, სანამ მის დანგრევას დაიწყებდნენ, საკუთარი წესებით ცხოვრობდა. ეს კვარტალი „უცხოებისთვის“ სახიფათოდ ითვლებოდა, სამაგიეროდ, მისი მცხოვრებლები იყვნენ დაცული ერთგვარი „ღირსების კოდექსითა“ და ადგილობრივი „ავტორიტეტების“ ძალაუფლებით.

ძველი ელეგანტური შენობების გვერდით, რომელთაგანაც 200-ს სახელმწიფო იცავდა, როგორც არქიტექტურულ ძეგლს, აქ იყო თვითნებურად, ყოველგვარი საბუთების გარეშე აშენებული ძველისძველი შენობები. ბევრი მათგანი ავარიულ მდგომარეობაში იყო.

სოვეტსკაიას დანგრევას დიდი ხანია აპირებდნენ. 2011 წელს გამოჩნდა ამ ადგილას პარკებისა და გზის მშენებლობის გეგმა. დანგრევის პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა. არქიტექტურულ ძეგლებზე ცოტა იფიქრეს და შემდეგ, უბრალოდ ამოიღეს არქიტექტურული ძეგლების სიიდან და დაანგრიეს.

სოვეტსკაიაზე სახლების დანგრევას თან არაერთი სკანდალი ახლდა, რადგან კომპენსაცია, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა, ბევრმა მცხოვრებმა არასაკმარისად ჩათვალა.

სოვეტსკაიას განაშენიანების პროექტი

ახლა იწყება დანგრევა ყველაფრის, რაც ჯერ კიდევ დარჩა სოვეტსკაიაში. ნანგრევებზე, რომელიც ძალიან შეიყვარეს ბაქოელმა ფოტოგრაფებმა თავისი სილამაზისა და დრამატიზმის გამო, ამჟამად ტექნიკა მუშაობს.

ჩვენ ვთხოვეთ ბაქოელებს, გაეზიარებინათ თავიანთი მოგონებები სოვეტსკაიასთან დაკავშირებით.

ტორგულ ვალიევი:

„თუკი ტორგოვოიზე ან ისტიგლალიატზე შენობებს ძირითადად აგებდნენ სომხები, ებრაელები და რუსები, სოვეტსკაიას რაიონი მნიშვნელოვანწილად იყო აზერბაიჯანული. ფაქტობრივად, სოვეტსკაია XX საუკუნის დასაწყისის აზერბაიჯანული ბაქოს ისტორიაა. აქ არის შენობები, არქიტექტურული თვალსაზრისით ლამაზი და „იტალიური ეზოები“ გარეთ ტუალეტით, ტაზიპირის მეჩეთი და დაახლოებით ათი მეჩეთი, ყველა განსხვავებული სტილის, ეკლესიაც კი არის.

აქ არის ჩვენი კულტურაც – სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ ცნობილი პოეტები, მწერლები და კომპოზიტორები.

ჩემი აზრით, გარკვეული ნაწილი უნდა შენარჩუნებულიყო, როგორც ღია ცის ქვეშ მუზეუმი – ჩატარებულიყო რესტავრაცია და შეენახათ. მაშინაც კი, თუკი პარკის გაკეთებას გეგმავ, საინტერესო იქნებოდა, იარო პარკში და ხედავდე ცალკეულ შენობებს, რომლებიც შეიძლებოდა გადაკეთებულიყო სასტუმროებად, რესტორნებად ან კიდევ სხვა რამედ“.

ესმირამ სოვეტსკაიაში ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ ბიჭს გაჰყვა ცოლად. ის 90-იანი წლების შესახებ გვიყვება.

„ჩვენი ეზოს ბიჭებს უყვარდათ გამვლელი წყვილების შევიწროება. შეურაცხყოფას აყენებდნენ ბიჭებს, რომ დაემცირებინათ გოგოს წინაშე. საღამოს კი, ადვილი შესაძლებელია, იგივე ბიჭები ისროდნენ კიდევ. „ადვილი შესაძლებელია“ იმიტომ, რომ ქმარი ასეთ შემთხვევებში ფანჯრიდან გახედვას მიკრძალავდა.

თუკი ეზოში ახალგაზრდა პატარძალი გამოჩნდებოდა, მას ზაფხულში ხალიჩების რეცხვას უკრძალავდნენ. ხანდახან კი, როდესაც ქმარი შინ არ იყო, მეზობლები გოგონას სახლში გარედან კეტავდნენ. რაც განსაკუთრებით არასასიამოვნოა, თუკი ტუალეტი ეზოშია“.

იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ქიმწმენდის ფირმები და ხალიჩებს ძველებურად რეცხავდნენ (აზერბაიჯანში დიასახლისებს ხალიჩების ხშირად გარეცხვა უყვართ). სოვეტსკაიას „ქცევის კოდექსის“ თანახმად, სრულებითაც არ იყო საჭირო, ახალგაზრდა გოგონებს მთელი ეზოსთვის ეჩვენებინათ მუხლებამდე გაშიშვლებული ფეხები.


სევინჯი სოვეტსკაიაში 70-იანი წლებიდან ცხოვრობს.

„ეს ისტორია 80-იან წლებში მოხდა. ერთ საღამოს, სოვეტსკაიას ერთ-ერთ ქუჩაზე მოჩვენება გამოჩნდა. ადამიანები შოკში იყვნენ, ამბობდნენ, რომ ეს იმამის მოჩვენება იყო. ის ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ჩნდებოდა და მისი გამოჩენის ადგილები მომლოცველობის ობიექტებად იქცა. თუმცა, შემდგომ გაირკვა, რომ თაღლითი პროექტორის გამოყენებით ატყუებდა ხალხს“.

მაგერამი სხვა „სახიფათო“ რაიონში – კუბინკეში ცხოვრობდა.

„ეს ისტორია 2000 წელს მოხდა. უნივერსიტეტიდან სახლში სოვეტსკაიას გავლით დაბრუნება გადავწყვიტე. გამოვიყურებოდი ასე – ბრიჯები, „ნირვანას“ გამოსახულებიანი მაისური, გრძელი თმები, რაც იყო მიღებული იმ ადგილებში. მივდივარ და იქ ბიჭი მეძახის, „ჰეი, მოდი აქ“. მაშინვე გავიქეცი და ისინი გამომეკიდნენ. უახლოეს ავტოფარეხზე ასვლა მოვახერხე. ბიჭები ამოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ მე ფეხს თითებზე ვურტყამდი და არაფერი გამოსდიოდათ. ისინი მიყვიროდნენ: „ადრე თუ გვიან მოგიწევს ჩამოსვლა“ და მელოდებოდნენ. მე კი მშიერი ვარ, უკვე სახლში მინდოდა. აი, აქ გამიმართლა – მოულოდნელად, ეზოში კუბინკელი ნაცნობი გამოჩნდა, რომლის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ „ჯანიანი“ იყო და სტალონეს ვეძახდით. მან ერთ-ერთ ბიჭს ისეთი ძალით დაარტყა, რომ სხვები გაიქცნენ“.

ქალები ბრუნდებიან ჯერ კიდევ დაუნგრეველ სახლში, გზად კი ხის ნაჭრებს აგროვებენ გასათბობად. უკვე თვეზე მეტია, გაზი არ არის.

ფახრედინი სოვეტსკაიაში 55-დან 68 წლამდე ცხოვრობდა, სანამ მისი სახლი არ დაანგრიეს.

„პოლიცია ცდილობდა, ეზოში არ შემოსულიყო, თუკი რაიმე ძალიან სერიოზული არ ხდებოდა. ჩვენ საკუთარი ავტორიტეტები გვყავდა, მაგალითად, ძია გულამი. ის იცავდა წესრიგს თავის ტერიტორიაზე. მათ, ვინც ზაფხულში აგარაკზე მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ ამ ეზოში ქურდი არ შემოვიდოდა, ამიტომაც სახლებს მსუბუქად კეტავდნენ, რათა ძაღლი ან კატა არ შესულიყო შიგნით.

ერთხელ, ჩვენმა მეზობელმა ელიშმა ლენინგრადიდან ახალთახალი „გაზ 21“ ჩამოიყვანა. დილით, ის მოიპარეს.

ელიში გამოდის ქუჩაში და ხედავს ძია გულამს, რომელიც გულგრილი სახით კედელსაა მიყრდნობილი. ამ დროს კი სინამდვილეში წესრიგს იცავდა, როგორც ავტორიტეტს შეეფერება. ელიში მასთან მივიდა და უთხრა, რომ მანქანა მოპარეს.

ძია გულამმა უთხრა, რომ არ ენერვიულა და სახლში წასულიყო. თვითონ კი ბაქოს სხვადასხვა რაიონის ავტორიტეტებს დაუკავშირდა და დილით მოპარული ავტომობილი დღის 4 საათისთვის მოიყვანეს და გასაღები საპატიოდ გადასცეს ელიშს. არავის არანაირი კითხვა არ დაუსვამს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ