როგორ გახდეს საქართველო ნატოს წევრი. დადგა თუ არა კრეატიული მიდგომების დრო?" />

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

როგორ გახდეს საქართველო ნატოს წევრი. დადგა თუ არა კრეატიული მიდგომების დრო?

დავით მძინარიშვილი/REUTERS

თებერვლის დასაწყისში ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც იგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახალ მოდელზე საუბრობს. მისი აზრით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებულად მიღება შესაძლებელია ერთი პირობით – თუ ნატოს მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს გულისხმობს, დროებით არ ამოქმედდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ლუკ კოფის მოსაზრების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ წინადადების გაზიარება ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას. ლუკ კოფის იდეის მომხრეები კი, სხვა პრობლემებს ხედავენ.

JAMnews-ის თხოვნით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე ხსნის, რას ნიშნავს ეს განცხადება და გახდება თუ არა ის სერიოზული დისკუსიის საგანი.

ას შემდეგ, რაც ლუკ კოფიმ თავისი გახმაურებული სტატია დაწერა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ დისკუსია ახალი ძალით აგორდა.

კოფიმ თავის სტატიაში ინტეგრაციის პრობლემის გადაჭრა შემდეგი სცენარით შემოგვთავაზა: საქართველო შედის ნატოში, ოღონდ მე-5 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ოკუპირებულ რეგიონებზე მანამდე, ვიდრე ეს რეგიონები საქართველოს კონტროლს არ დაუბრუნდება [ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის უმთავრესი ამოცანაა წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად _JAMnews].

უნდა ითქვას, რომ ეს სცენარი ახალი არ არის და იგი საკმაოდ დიდი ხანია განიხილება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ატეხილ აჟიოტაჟს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამგვარი სცენარის შესახებ პირველად სწორედ კოფის სტატიიდან შეიტყო.

აგორდა სპეკულაციები, რომ ნატოში ინტეგრაციის გამო საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს. არც ეს არის ახალი ამბავი. ამგვარი სპეკულაციები დიდი ხანია ისმის, ალბათ  იმ დროიდან, როდესაც საქართველომ პირველად გამოთქვა ნატოს წევრობის სურვილი. ამ სპეკულაციებმა არც თუ ცუდად იმუშავა:  საზოგადოებრივ ცნობიერებაში რეფლექსის დონეზე დამკვიდრდა შიში – ნატოში შევდივართ, ანუ ტერიტორიებს ვკარგავთ.

ალბათ სწორედ ამიტომაც იყო, რომ კოფის მიერ გახმოვანებული სცენარის ფართოდ და საჯაროდ განხილვა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. ამაზე დისკუსიას ერიდებოდა წინა ხელისუფლებაც (ამ სცენარის იდეა 2008 წლის ომიდან მალე გაჩნდა) და ასევე ერიდება დღევანდელიც.

ტერიტორიების დაკარგვა ემოციური და მძიმე თემაა და ბევრ ადამიანს ამ თემის გარშემო რაციონალური არგუმენტის მოსმენა უჭირს. სწორედ ამით სარგებლობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები და განგებ აბუქებენ საფრთხეს.

რას გულისხმობს “კოფის სცენარი”?

მოდით, ვნახოთ, სინამდვილეში რა შეიცვლება თუ “კოფის სცენარი” ამოქმედდა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს ოკუპირებული ტერიტორიებია. მათ რუსეთი აკონტროლებს და უახლოეს მომავალში არ აპირებს უარის თქმას ამ კონტროლზე.

შესაბამისად, თუკი საქართველო ნატოში შევა იმ პირობით, რომ მე-5 მუხლი ამ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდება, ეს ტერიტორიები არ დაიკარგება უფრო მეტად, ვიდრე ახლაა დაკარგული. ეს მოცემულობა არაფერს არ შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის: მსოფლიო თანამეგობრობის უდიდესი უმრავლესობა მათ ისევ საქართველოს განუყოფელ ნაწილად სცნობს. საქართველოს დანარჩენი ნაწილი კი, ნატოს დაცვის ქვეშ იქნება, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით – სტაბილურობა და განვითარება. ეს განვითარება კი, სხვა ყველაფერთან ერთად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსსაც გაზრდის. ხოლო, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონტროლი აღდგება, ისინიც მე-5 მუხლის ქვეშ მოექცევიან.

გასაგებია, რომ ასეთი მარტივი და ლაკონური არგუმენტებით მტრული პროპაგანდის განეიტრალება ვერ მოხერხდება. არც დავაში შეყოლას აქვს ჯერჯერობით დიდი აზრი იმ უბრალო მიზეზით, რომ ნატოშიც არ არიან მზად “კოფის სცენარისათვის”. სკეპტიკოს ქვეყნებს, რომლებმაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა დაბლოკეს, არც დღეს შეუცვლიათ პოზიცია – ისინი კვლავ უარს ამბობენ განიხილონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ვარიანტს მოიფიქრებენ საქართველოს გულშემატკივრები საქმის გაიოლებისთვის. ამ ქვეყნებს თავიანთი არგუმენტები აქვთ.

სკეპტიკოსების არგუმენტები

მთავარი არგუმენტი კვლავ უცვლელია – საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააღიზიანებს რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას კი, ევროპა ძალიან უფრთხის. ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთის მეზობლები არიან და მისგან უფრო დიდ საფრთხეს გრძნობენ, ვიდრე აშშ-ი (საქართველოს მთავარი ლობისტი ნატოში).

მეორე არგუმენტი ისიცაა, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში – უკრაინაში ომს აწარმოებს და ნატოს ყველაზე დაუცველ ფლანგს – ბალტიისპირეთს ემუქრება, ალიანსი არ არის მზად ახალი თავის ტკივილისთვის. ამ ეტაპზე ნატო ვერ აიღებს  საკუთარ თავზე საქართველოს დაცვას.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ამ ქვეყნის მხარდაჭერას უდავოდ გრძნობს. თავად ლუკ კოფის სტატია, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ჰერიტიჯის ფონდმა გამოაქვეყნა. ეს ფონდი ამერიკის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სტატია საქართველოსთვის ძალიან დადებით აქცენტებს შეიცავს, მაგრამ რას მოიტანს იგი?

2008 წელს ამერიკამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიეღო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი – მან გერმანიის ხელისუფლება ვერ დაარწმუნა. რა უნდა გააკეთოს აშშ-მა დღეს, რომ გერმანიას პოზიცია შეაცვლევინოს?

ბუქარესტის სამიტიდან უკვე ათი წელი გავიდა, მაგრამ გერმანიას აზრი არ შეუცვლია. შეიცვლება კი იგი? ნაკლებად სავარაუდოა. მით უფრო, რომ თავად საქართველო ძალიან ცოტას აკეთებს საამისოდ.

გასაღები ბერლინშია

12 წლის განმავლობაში საქართველომ ვერ მოახერხა ბერლინში ელჩად ჰყოლოდა ძლიერი, პროფესიონალი დიპლომატი – და ეს მაშინ, როცა რუსეთი გერმანიაში უძლიერესი დიპლომატებითაა წარმოდგენილი.

ამ ათმა წელმა აჩვენა, რომ მხოლოდ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობით გერმანიაზე გავლენის მოხდენა არ ხერხდება (ზოგიერთი ქართველი მინისტრი იმდენად შორს წავიდა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ნატოს გენერალურ მდივანს მოსთხოვა. არადა, ნატოს გენერალური მდივანი  მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების შეჯერებულ პოზიციას ახმოვანებს და მათზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია).

გერმანიის გასაღები არც ბრიუსელშია და არც ვაშინგტონში. გასაღები ბერლინშია, სხვაგან არსად. საქართველო სწორედ ბერლინში აკლებს მუშაობას (ასევე აკლებს კიდევ რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში, მაგრამ მთავარი პრობლემა გერმანიაა).

საქართველომ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ბერლინთან მიმართებაში.

უპირველეს ყოვლისა (ეს აუცილებელი მინიმუმია), უნდა გაძლიერდეს საქართველოს საელჩო გერმანიაში. როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივადაც.

ამის გარდა გერმანიაში აქტიურად უნდა მუშაობდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიტოლოგები. მათ აქტიურად უნდა იმუშაონ თავიანთ კოლეგებთან, რათა დაძრან საქართველოს საკითხი გერმანულ მედიაში, არასამთავრობო და საექსპერტო წრეებში, რათა უკვე იქიდან მოხდეს ჩვენი საკითხის ლობირება გერმანიის მთავრობაში. დღეს გერმანიისთვის საქართველოს საკითხი არ დგას დღის წესრიგში და ასე დარჩება, თუკი საქართველო ინერციით სვლას გააგრძელებს და რამეს არ შეცვლის.

ვინ უნდა შეუწყოს ხელი ამ ყველაფერს? სხვა არავინ და ვერავინ, თუ არა საქართველოს მთავრობამ.

ქართული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გერმანიაში გააქტიურება არც ისე ძვირი დაჯდება, რომ ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდეს. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით ამის გააზრება არ ხდება და სამწუხარო შედეგსაც ვიმკით.

ლუკ კოფისა და სხვა გულშემატკივრების სტატიების კითხვა შეიძლება სასიამოვნოა, მაგრამ ასეთი სტატიებით საქმე წინ არ წავა.  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა.

 

 

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი

 

 

 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ