ზუგდიდის ისტორიული თეატრი ინგრევა, მაგრამ წარმოდგენა გრძელდება" />

თეატრი, რომელსაც ტანკი დაეჯახა

ზუგდიდის ისტორიული თეატრი ინგრევა, მაგრამ წარმოდგენა გრძელდება

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს ერთ წელიწადში 150 წელი უსრულდება. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ თეატრი საკუთარ იუბილეს ვერ მოესწრება – რადგან შენობა დაშლის პირასაა.

თეტრის კოლექტივი უახლოეს დრომდე საერთოდაც შიშობდა, რომ თეტრს უბრალოდ დაკეტავენ, და ის მხოლოდ მუზეუმებსა და მოგონებებში დარჩება. ახლა ყველაფერი უფრო დამაიდებელად ჟღერს. როგორც მთავარმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა JAMnews-ს განუცხადა, 2017 წლის ზაფხულში, „ქართუ“ ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით, თეატრის შენობის რესტავრაცია იწყება.

ჯერჯერობით კი, თუ წვიმს, შენობაში წყალი ასხამს, კედლებში ბზარებია გაჩენილი, ყველა მხრიდან ბათქაში ცვივა. სცენასა და მსაიობების საგრიმიოროებში ძველი ხის იატაკი მთლიანად არის დამლპარი.

 იმის გამო, რომ მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა, წელიწადზე მეტია, დაკეტილია თეატრის ცენტრალური შესასვლელი, რამდენიმე თვის წინ კი ადმინისტრაციამ ერთადერთი მოქმედი დარბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი, დარბაზის ჭერზე გაჩენილი ახალი ბზარებია.

მიუხედავად ამისა, თეატრი მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა. მსახიობებს წარმოდგენები არ შუწყვეტიათ. მართალია, წელს, მაყურებლისა და დასის უსაფრთხოების გამო, სეზონის გახსნა ვერ მოხერხდა, მაგრამ ზუგდიდის თეატრის დასი მუშაობას მაინც განაგრძობს. ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს რეპეტიციები ავარიული შენობის შედარებით უსაფრთხო ნაწილში.

ნახევრად დანგრეულ შენობაში მსახიობები დავით კლდიაშვილის “მსხვერპლის რეპეტიციებს გადიან და ცოტა თავადაც ჰგვანან  ქართველი კლასიკოსის ტრაგი-კომიკურ პერსონაჟებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეატრის შენობას მხოლოდ ერთხელ, უმნიშვნელოდ შეავლეს ხელი. აქაურები იხსენებენ, რომ 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს თეატრის შენობა განსაკუთრებულად დაზიანდა. როგორც ამბობენ, სამხედრო ფორმირებები ზუგდიდის თეატრის შემობაში იყვნენ დანაბაკებულები _ პარკეტი აყარეს და შეშად გამოიყენეს, დაწვეს სკამები და სხვა ავეჯი. იმ პერიოდში შენობას ტანკიც კი დაეჯახა, რომლის კვალი დღესაც ატყვია.

გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ ამ შენობაში ბევრი უნიკალური ექსპონატია _ მაგალითად,  სცენის განათების პულტი ჯერ კიდევ ბერიას პერიოდში, მისივე რეზოლუციითაა დამონტაჟებული.

შარშან ზამთარში აქ “თოვლის დედოფალი დადგეს. ფაქტობრივად “ვა ბანკ წავედითო, _ ამბობებს, თატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი. წარმოდგენა უმსხვერპლოდ, თუმცა ერთი ინციდენტით მაინც დასრულდა: როდესაც სცენის მუშა დეკორაციებს ცვლიდა, იატაკი ჩაინგრა და მუშა სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

დრამატულ თეატრში ამჟამად 41 თანამშრომელი მუშაობს. აქედან 15 მსახიობია.

უკვე მერამდენე წელია, ეს ადამიანები  განაჩენს ელოდებიან _  გადარჩება თუ არა ზუგდიდის თეატრი.

 უფრო ზუსტად კი,ამჯერად შენობის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. შენობის მდგომარეობა, საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, უკვე შეისწავლეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა. ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

უნდა დადგინდეს, რა სამუშაოებია ჩასატარებელი შენობის გასამაგრებლად.

 პარალელურად, დასი კლდიაშვილის პიესის პრემიერისთვის ემზადება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დასი პრემიერას შენობის ამ დრომდე აუთვისებელ ფართში ითამაშებს, რომელიც მთავარ შენობას მოგვიანებით მცირე სცენის მოსაწყობად მიაშენეს, თუმცა სარემონტო სამუშაოები აქ არ ჩატარებულა.

‘დრო ძალიან ცოტა გვაქვს. შენობა თვალსა და ხელს შუა ინგრევა’, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი და კულტურის სამინისტროს დროულად რეაგირებისკენ მოუწოდებს.


ასევე წაიკითხეთ