ოპერაცია, რომელსაც თურქეთი სირიაში ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ატარებს, მხოლოდ ერთი ნაწილია ისტორიული მოვლენების ჯაჭვში" />

ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი დარტყმის ქვეშ

ოპერაცია, რომელსაც თურქეთი სირიაში ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ატარებს, მხოლოდ ერთი ნაწილია ისტორიული მოვლენების ჯაჭვში

განახლება 20 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, აღმოსავლეთ სირიაში, თურქების მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც იქ ქურთული შენაერთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს, ყურადღების გადასატანი მანევრი აღმოჩნდა. ქურთული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურქული საჯარისო ფორმირებები მათ წინააღმდეგ არტილერიისა და ავიაციის გამოყენებას აგრძელებენ.

ფიქრობენ, რომ სირიისა და ქურთული ფორმირებებისთვის გადამწყვეტი იქნება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც 22 ოქტომბერს, სოჭში უნდა გაიმართოს.

__________________________________

CNN ჰყვება ქურთი ხალხის ისტორიას და განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არიან ისინი დარტყმის ქვეშ. 

ვინ არიან ქურთები 

პირველ მსოფლიო ომამდე, ქურთები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ოტომანური იმპერიის დაშლის შემდეგ, ქურთი ხალხი რამდენიმე ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა მიმოფანტული.

დღეისათვის მსოფლიოში 25-30 მილიონი ქურთია. ისინი ცხოვრობენ თურქეთში, სირიაში, ერაყში, ირანსა და სომხეთში.

• ისტორია სომხური სოფლის შესახებ, სადაც მხოლოდ იეზიდები ცხოვრობენ

• ეკონომიკური კრიზისი თურქეთში. პოლიცია პურის ფასს აკონტროლებს

• მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?

მხოლოდ ერაყში მოახერხეს ქურთებმა საკუთარი ტერიტორიისთვის ავტონომიური სტატუსის მიღება. 

თურქეთში, სადაც ისინი ყველაზე დიდ (მოსახლეობის 20 პროცენტამდე) ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, ქურთებს დევნიან: მათ ხშირად მოიხსენიებენ „მთიელ თურქებად“, უკრძალავენ მშობლიური ენის შესწავლასა და ტრადიციული ტანსაცმლის ტარებას.

ხედი ერაყის ქურთულ პროვინციაში მდებარე სოფელ პალანგანზე, რომელიც თეირანიდან, დაახლოებით, 660 კმ-ში მდებარეობს. 2011. REUTERS/Morteza Nikoubazl

სად ცხოვრობენ ქურთები 

დღესდღეობით, ჰიპოთეტური ქურთისტანი განლაგებულია ხუთ სხვადასხვა რეგიონში: სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ჩრდილოეთ ერაყში, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და სამხრეთ-დასავლეთ სომხეთში.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქურთებმა მუშაობა დაიწყეს საკუთარი სამშობლოს, ქურთისტანის შექმნაზე. შედეგად, 1920 წელს ხელი მოეწერა სევრესის ხელშეკრულებას – ერთ-ერთ იმ შეთანხმებათაგანს, რომელსაც ცენტრალურმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი პირველი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ.

მაშინვე დაფიქსირდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. სევრესის ხელშეკრულება ქურთისტანის ავტონომიის შექმნას ითვალისწინებდა.

მაგრამ ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, დასავლელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნაზე და ქურთებით დასახლებული რეგიონი რამდენიმე ქვეყანას შორის გაიყო.

როგორ გამოიყურება ჰიპოთეტური ქურთისტანი, რომელიც ხუთი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა გაშლილი. CNN-ის მომზადებული რუკა

თურქეთის მკაცრი პოზიცია 

პრეზიდენტი ერდოღანი ყოველთვის ძალიან მკაცრი იყო ქურთების საკითხთან დაკავშირებით. ის ღიად აცხადებდა, რომ მისი მიზანი – ქურთების მშრომელთა პარტიის განადგურება იყო – ქურთების ძირითადი პოლიტიკური და სამხედრო ძალის.

2016 წელს ქვეყანაში ყველა ქურთული მედია დაიხურა, 11 ათასი ქურთი პედაგოგი გაათავისუფლეს, 24 ქურთი მერი კი ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრით შეცვალეს.

სამხედრო ოპერაციას, რომელსაც თურქეთი ახლა ატარებს თავის საზღვრებთან, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორი მიზანი აქვს. პირველი – შექმნას „უსაფრთხო ზონა“ თურქეთსა და ქურთულ ტერიტორიებს შორის. მეორე – გადაასახლოს ამ ზონაში, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი, რომლებიც თურქეთში სირიის სამოქალაქო ომის შედეგად აღმოჩნდნენ.

აშშ-ის პოზიცია: ღალატის ბრალდება

ქურთულმა ფორმირებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც აშშ-ის მიერ შექმნილი კოალიცია აწარმოებდა. ახლა, ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, აშშ უარს ამბობს ქურთების აქტიურ დახმარებაზე, რომლებიც თურქების დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ.

ამერიკული მედიისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიმდინარე მოვლენებს ღალატად აფასებს და წარსულიდან იხსენებს მსგავს ეპიზოდს.

როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა ერაყის მოსახლეობას სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა, მას პირველი ქურთები გამოეხმაურნენ. მაგრამ, როდესაც ისინი აღმოჩნდნენ სახელისუფლებო ძალების დარტყმის ქვეშ (ათასობით ადამიანი დაიღუპა), აშშ-ის მხრიდან დახმარება ვერ მიიღეს.

ისლამური სახელმწიფოს აღორძინების საფრთხე 

ისლამური სახელმწიფოს განადგურების შემდეგ, ამ ტერორისტული დაჯგუფების ათასობით მებრძოლი დააკავეს და მოათავსეს ქურთული ქვედანაყოფების დაცვის ქვეშ.

თურქული სამხედრო ოპერაციის გაგრძელება ნიშნავს, რომ ქურთულ ფორმირებებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოუწევთ, ის ბანაკები კი, სადაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იმყოფებიან, დაუცველი დარჩება.

ქურთების პროტესტი ერაყის ქალაქ სულეიმანიაში, სირიაში, ქურთების წინააღმდეგ თურქი სამხედროების შეტევის გამო. 10 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Ako Rasheed

 


ასევე წაიკითხეთ