JAMnews-ის სერია მოგზაურობის შესახებ" />

ფოტოები პრაღაში სეირნობისას: როგორ დავათვალიეროთ ყველაფერი ერთ დღეში

JAMnews-ის სერია მოგზაურობის შესახებ

მორიგი გზამკვლევი კავკასიელებისთვის JAMnews-ისგან. ამჯერად – პრაღა.

ჩასვლისთანავე იწყება აქეთ-იქით სირბილი – სტანდარტული ტურისტული მარშრუტით, ჩვენ პირველადი გეგმის შესაბამისად ვმოძრაობთ. კარლის ხიდის, ასტრონომიული საათისა და სასახლეთა კომპლექსის ნახვა უნდა მოვასწროთ.

ამის შემდეგ სანაპიროზე უნდა გავისეირნოთ და, რა თქმა უნდა, არც ჩეხური ლუდი უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველგან გადავიღოთ სელფი, ვიპოვოთ Wi-Fi და ფოტოები ყველა სოციალურ ქსელში განვათავსოთ.

და უკან დაბრუნებისას უცებ ვხვდებით, რომ ამ ალიაქოთსა და სელფების დევნაში მაინც ვერ გავარკვიეთ, როგორი ქალაქია პრაღა, ვინ ცხოვრობს აქ, როგორია აქაურების ყოველდღიური ცხოვრება და როგორი კულტურა აქვთ პრაღელებს.

შემიძლია გირჩიოთ, თუ როგორ შეიგრძნოთ პრაღა უფრო კარგად – ერთი დღე მაინც დაუთმეთ არასტანდარტულ ტურიზმს, რაშიც ბევრი დროისა და ფულის ხარჯვა არ მოგიწევთ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაიქირავოთ ასეთი მდიდრული რეტროავტომობილი, რომელიც ყველა აუცილებელ ღირსშესანიშნაობას მოგატარებთ, და ეს საათში 100 დოლარი დაგიჯდებათ.

თუმცა მე სხვანაირ, იაფ და პროდუქტიულ ტურიზმს გთავაზობთ.

ტრამვაის ტური

შეიძინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამდღიანი ბარათი, რომელიც 310 კრონი (17 დოლარი) ღირს. აირჩიეთ ქალაქის ცენტრში მოძრავი რომელიმე ტრამვაი (გირჩევთ, არჩევანი ნომერ 22-ზე შეაჩეროთ) და დაიწყეთ მოგზაურობა.

პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი (კერძოდ კი ტრამვაი) მშვენიერი საშუალებაა ამ ქალაქის უკეთ გასაცნობად.

შედით ეზოებში

ყოველ გაჩერებაზე თუ არა, ყოველ მეორე გაჩერებაზე მაინც გადააწყდებით საინტერესო ადგილებსა და შენობებს, რომელთა გამოც ნამდვილად ღირს ტრამვაიდან ჩამოსვლა და ფეხით სეირნობა.

შედით ეზოებსა და შესახვევებში. გოთიკური შენობებისა და აღორძინების ხანის ნაგებობების გვერდით თანამედროვე სკულპტურული ძეგლები იმალება. სკულპტორ დავიდ ჩერნის გიჟური ნამუშევრების წყალობით პრაღამ ახალი იერი შეიძინა.

Dobrý den, děkuji, na shledanou

გაესაუბრეთ ადგილობრივებს. ერთი შეხედვით, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ პრაღელები ცივი და ზედმეტად თავდაჭერილი ადამიანები არიან, მაგრამ თუ რამდენიმე სიტყვას ეტყვით ჩეხურად, გულები გაულღვებათ Dobrý den (გამარჯობა), děkuji (გმადლობთ), na shledanou (ნახვამდის) – და საუბარში აგყვებიან – ინგლისურად თუ არა, ჟესტების ენაზე მაინც და თქვენს ყველა კითხვას უპასუხებენ.

სავარაუდოდ, ადამიანებსა და მათთან ურთიერთობას შენობებსა და ღირსშესანიშნაობებზე უკეთ დაიმახსოვრებთ.

არ წამოეგოთ ტურისტულ ხაფანგს

აქ ყველგან შვეიკსა კაფკას “გჩრიან” – ყველგან მათი სახელწოდების კაფეები და სუვენირებია. როგორც წესი, ეს ტურისტული ხაფანგი არც ისე ხარისხიანი საქონლის ძვირად გაყიდვის საშუალებაა.

ადგილობრივები არაბრენდულ რესტორნებსა და მაღაზიებს ანიჭებენ უპირატესობას; უქმე დღეებში კი ლუდის ფესტივალზე დადიან. აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ, რა არის ნამდვილი ჩეხეთი. გარშემო ლუდისა და მისაყოლებლების მათრობელა სუნი ტრიალებს და ადამიანებთან უშუალო საუბრის მიზეზიც არსებობს.

არაფერია უფასო გართობაზე უკეთესი

აქ ყოველ ნაბიჯზე გთავაზობენ მოცარტის, ვივალდის, ბახისა და დვორჟაკის “ხარისხიან” კონცერტებს. როგორც წესი, ესაა ძვირი ბილეთები და ცუდი კონცერტი, რომელიც რომელიმე გოთიკურ ტაძარში იმართება. ეს კიდევ ერთი ხაფანგია ტურისტებისთვის.

არადა, პრაღაში უამრავი შესაძლებლობაა, უფასოდ მოუსმინოთ მუსიკას, ნახოთ სპექტაკლი, ან საცირკო წარმოდგენასაც კი დაესწროთ. თუ გსურთ, გადაიხადეთ,თუ არადა უბრალოდ ტაში დაუკარით.

შეგიძლიათ, უბრალოდ, ქალაქის ქუჩებში ისეირნოთ და სხვადასხვა წარმოდგენას დაესწროთ. თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა, ქუჩაში მეუღლესთან და ამალასთან ერთად მოსეირნე კარლ მეოთხეს გადაეყაროთ და მის კორონაციაშიც კი მიიღოთ მონაწილეობა.

როდესაც პრაღის შემაღლებულ ნაწილში ისეირნებთ, ზემოდან დააკვირდით ქალაქს. რამდენი საინტერესო რამ მდებარეობს ქვევით!

ხოლო როდესაც ქალაქში ისეირნებთ, აუცილებლად აიხედეთ ზევით – რას არ დაინახავთ, ზემოთ თუ აიხედებით.

და თუკი ასეთი ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ კიდევ დაგრჩებათ ძალ-ღონე, წადით პარკში, დაბრძანდით იმ ბებერი ხეების ქვეშ, ლუდის მორიგი ბრენდი გასინჯეთ და ადგილობრივებისადმი შურით აღივსეთ – თქვენს მიერ გატარებული ეს მშვენიერი დღე მათთვის ხომ ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ