ქართულ ეკლესიას იმედი აქვს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ საკითხებს მეგობრობის დაზიანების გარეშე გადაწყვეტენ " />

აზერბაიჯანთან ერთად ტრანსსასაზღვრო ზონის შექმნას საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება

ქართულ ეკლესიას იმედი აქვს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ საკითხებს მეგობრობის დაზიანების გარეშე გადაწყვეტენ

9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო ნაწილში, ტრანსსასაზღვრო ზონის შექმნის იდეის წინააღმდეგ განცხადებით გამოვიდა.

საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტია.

• უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს

• საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?

კლდეებსა და გამოქვაბულებში გამოკვეთილი მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ქართული მხარე დავით გარეჯს უწოდებს, აზერბაიჯანული კი – ქეშიქჩიდაღს, პერიოდულად ხდება ხოლმე დაპირისპირებისა და ინციდენტების მიზეზი ამ ორ მეზობელ მეგობარ ქვეყანას შორის.

პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ზუსტად სამონასტრო კომპლექსზე გადის. საქართველო ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია. აზერბაიჯანს კი მიაჩნია, რომ კომპლექსი ალბანური კულტურის ნაწილია და არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნია.

ისტორიულ ძეგლთან დაკავშირებით, სიტუაცია ბოლოს 2019 წლის აპრილში გართულდა. მაშინ, ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს კომპლექსთან მისასვლელი გზა, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მდებარეობს.

არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ქართველი სასულიერო პირებიც კი ვერ მოხვდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში წმინდა ადგილებში. მაშინ, ქართველმა აქტივისტებმა აქციების სერია მოაწყვეს და საქმე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ინციდენტამდე მივიდა.

მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემაზე, ოფიციალურად თბილისსა და ბაქოს შორის, ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ ხელშესახები შედეგების გარეშე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – ამ დავის მნიშვნელოვანი მონაწილეა, იმდენად, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი მისი საკუთრებაა.

„შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა სურს ყველას. ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნა, შეიძლება დადებითად ყოფილიყო შეფასებული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილების საკითხთან მიმართებაში, ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება.

მაგრამ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები არ არის. ამიტომ, ამ წინადადებით, ფაქტობრივად იგნორირებას მოვახდენთ არსებული დოკუმენტების და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ დავაყენებთ.

ამიტომაც, ქართული ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დავით გარეჯის პირველ ტრანსსასაზღვრო ტერიტორიად გამოცხადების იდეას მხარს უჭერს რამდენიმე ქართველი ექსპერტი.

კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სამოქალაქო აქტივისტმა ანა დოლიძემ ხელისუფლებას მიმართა ინიციატივით დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რათა ის საერთაშორისო მასშტაბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამხდარიყო.

ასევე, მან წარმოადგინა „გარეჯის გეგმა“ – 200-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 2006 წელს შეადგინეს მეცნიერებმა გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. დოლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნახოს დოკუმენტი და დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე.


ასევე წაიკითხეთ