ზურაბ ჭიაბერაშვილი vs მირიან გოგიაშვილი. JAMnews ორ განსხვავებულ პოზიციას გთავაზობთ" />

ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში. კარგია თუ ცუდი? მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

ზურაბ ჭიაბერაშვილი vs მირიან გოგიაშვილი. JAMnews ორ განსხვავებულ პოზიციას გთავაზობთ

თბილისი, 2018. ფოტო: JAMnews

2019  წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: ამ გზით პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება და ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტსაც შეუმსუბუქდება.  

სქემა ასეთია: საპენსიო ფონდში თანხა უნდა შეიტანოს დასაქმებულმა, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ. დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური, დაუბეგრავი ( არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 2%-ს. თავის მხრივ, დაუბეგრავი ხელფასის 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, გაწევრიანდნენ თუ არა დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 40 წლამდე ასაკის პირებს კი არჩევანი არ აქვთ  – კანონი მათ საკუთარი პენსიის დაგროვებას ავალდებულებს.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა დასაქმებული მოქალაქე. საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის.

რეფორმას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. JAMnews ორ განსხვავებულ პოზიციას გთავაზობთ: 

____________________

დაგროვებითი სისტემის მოწინააღმდეგე:

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი, “ევროპული საქართველოს წევრი

არგუმენტი 1: სისტემა არჩევანის საშუალებას არ ტოვებს

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა არსებობდეს, თუმცა ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანმა უნდა დააგროვოს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ამის ფინანსური საშუალება და სურვილი. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი დანაზოგი და როგორ დააბანდოს ის მომგებიანად – შეიტანოს ფული სახელმწიფო საპენსიო ფონდში თუ იყიდოს ოქრო, კრიპტოვალუტა ან ბინა. ახალი სისტემა ამ არჩევანს ადამიანს ართმევს.

არგუმენტი 2: ღირსეული სიბერის გარანტიას არ იძლევა

სავალდებულო დაგროვებითი პენსია გამართლებული იქნებოდა, თუკი იგი მართლაც უზრუნველყოფდა მოქალაქეებისთვის ღირსეულ სიბერეს.

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ სქემის მიხედვით ადამიანი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებს. საერთშორისო ეკონომიკური სკოლის, ISET-ის კალკულაცია დავიხმაროთ და ვნახოთ მაგალითი: 40 წლის ქალი, რომელიც დღეს ხელზე ასაღები ხელფასის სახით თვეში 600 ლარს იღებს, 20  წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე (ამჟამინდელი 180 ლარი) დამატებით ყოველთვიურად კიდევ 70 ლარს მიიღებს. დღეს რომ 180 ლარს 70 ლარი დავუმატოთ, 250 ლარზე ადამიანი ღირსეულად იცხოვრებს? ასეთი სქემით პრაქტიკულად ამ ხალხს ვეუბნებით, რომ თუ ახლა არის ღარიბი, პენსიაზე გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ღარიბი იქნება.

არგუმენტი 3: საპენსიო ფონდში დაგროვილი ფული არ არის დაზღვეული რისკებისგან

მთავრობის დაძალებით ხელფასიდან თანხის დაზოგვა ვინმემ შეიძლება გაამართლოს, მაგრამ აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით: სად დაბანდდება საპენსიო ფონდში დაგროვებული ფული? მთავრობის მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით, საპენსიო ფონდმა უნდა იყიდოს სახაზინო ობლიგაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფულს ისევ მთავრობა მოიხმარს და პენსიაზე გასულ ადამიანს რა თანხა დახვდება საპენსიო ფონდში, არავინ იცის.

გარდა ამისა, მსოფლიოში არსებობს უამრავი მაგალითი საპენსიო ფონდებში არსებული თანხების გაფლანგვისა. მაგალითად, 2016 წელს ბრაზილიაში თანაინვესტირების ფონდის დირექტორი დააპატიმრეს საპენსიო ფონდიდან 2.5 მლრდ აშშ დოლარის მოპარვისთვის. დიდი რაოდენობით თანხები მოიპარეს სამხრეთ კორეის და ყაზახეთის საპენსიო ფონდის დირექტორებმაც. პრობლემებია იმ ქვეყნებშიც, სადაც ასეთი კრიმინალი არ ხდება და ფონდში არსებული თანხები მეტ-ნაკლები წარმატებით იმართება. გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის საპენსიო ფონდების ვალდებულებები 3-ჯერ აღემატება ამ ქვეყნების ეკონომიკას. ამის გამო, ამ ქვეყნებში მთავრობა იძულებულია, რომ ან საპენსიო ასაკი გაზარდოს, ან საპენსიო ფონდების დანაკლისი ბიუჯეტიდან შეავსოს, რაც ხშირად პოლიტიკური მღელვარების და ეკონომიკური კრიზისის საფუძველი ხდება.

არგუმენტი4: ახალი სისტემა კიდევ უფრო გაზრდის სიღარიბეს

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 824 ათასი ადამიანია დაქირავებით დასაქმებული. აქედან 577 ათასი დაქირავებულის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 600 ლარს არ აღემატება. ახლა ამ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა, ასეთი დაბალი შემოსავალი უნდა იმყოფინოს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების შესაძენად და კომუნალური გადასახადების გადასახდელად (რომელთა ფასიც მუდმივად იზრდება)  და თან იძულებით ფულიც უნდა დაზოგოს. ასეთი მიდგომა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო სქემით, ხელფასის 2%-ს იხდის დასაქმებული, 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო უმატებს. როდესაც დამსაქმებელს ვავალდებულებთ, რომ საპენსიო ფონდში გადარიცხოს დაქირავებულის ხელფასის 2%, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ის ამ თანხას ისევ დასაქმებულს ჩამოაჭრის, ან თუ არ ჩამოაჭრის, მაშინ ხელფასს აღარ გაუზრდის. ეს კი დასაქმებულთა იმ ნაწილს, რომელსაც შემოსავალი არ ეზრდება, გაძვირებული ცხოვრების პირობებში კარგს არაფერს უქადის.

არგუმენტი 5: გაიზრდება უმუშევრობა

ამ საპენსიო სქემის ამოქმედების შემდეგ გაიზრდება უმუშევრობა ახალგაზრდებში. ოფიციალური ინფორმაციით, უმუშევრობა ყველაზე მაღალი სწორედ  40 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებშია. იმის გამო, რომ დამსაქმებელი ვალდებულია 40 წელზე ნაკლები ასაკის დასაქმებულს სახელმწიფო საპენსიო ფონდში ხელფასის 2% გადაურიცხოს, ის ეცდება, რომ სამსახურში 40 წელს გადაცილებული ადამიანები აიყვანოს.

არგუმენტი 6: სისტემის მიღმა რჩებიან დღევანდელი პენსიონერები

ეს რეფორმა დღევანდელ პენსიონერებს არაფერს აძლევს. რატომღაც ბევრ პენსიონერს ჰგონია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ გარკვეულ დანამატს ისიც მიიღებს. სინამდვილეში, ის ხალხი, რომელიც ახლა ამჟამად უკვე პენსიაზეა გასული, ვერაფერს მიიღებს. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პენსიონერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და საბაზისო პენსია სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ ხალხმა საკუთარი პენსიისთვის თანხა თვითონ უნდა დააგროვოს. ამ სიტყვების უკან კარგად იკითხება მთავრობის ფარული განცხადება, რომ დღევანდელ პენსიონერებს საბაზისო პენსია არ გაეზრდებათ, ან თუ გაეზრდებათ უმნიშვნელოდ, 10-20 ლარით, რაც ინფლაციის არსებული ფონის გათვალისწინებით მათთვის ვერაფერი შეღავათი იქნება.

დაგროვებითი სისტემის მომხრე:

მირიან გოგიაშვილი, საპარტნიორო ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი.

არგუმენტი 1: მრავალ ქვეყანაში აპრობირებული, უალტერნატივო სისტემა

დაგროვებით საპენსიო სისტემას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საპენსიო უზრუნველყოფის და ქვეყანაში გრძელი ფულის შექმნის საუკეთესო მოდელი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებითაა აპრობირებული.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება სერიოზული შეღავათი იქნება პენსიონერებისთვის. თუმცა, ეს არ არის პანაცეა და არ შეიძლება მხოლოდ ამ სისტემის ამოქმედება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ხალხმა ღირსეულად და ბედნიერად იცხოვროს. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და აუცილებლად გასატარებელ რეფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი რეფორმა სწორედ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებაა.

არგუმენტი 2: ქართველებმა არ იციან ფულის დაგროვება, ამიტომ მათ უნდა აიძულო 

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა ამ ეტაპზე და არც სამომავლოდ არ შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა ფულს ძირითადად ხარჯავს და არ ზოგავს. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით ჩვენი მიდრეკილება ფულის ხარჯვის მიმართ ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ უნდა იყოს დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო. ის აუცილებლად უნდა იყოს გადასახდელი ტვირთის სახით. ეს არის საუკეთესო გამოცდილება.

არგუმენტი 3: საპენსიო სისტემა ლიბერალურია და იგი არ დააწვება ტვირთად  დასაქმებულს – ფულს სახელმწიფო და დამსაქმებელიც აგროვებენ

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საპენსიო ფონდში თანხის შეტანა მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა მოსახლეობას. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს მაღალი ხელფასი, შემოთავაზებული სქემა არის ძალიან ლიბერალური. დასაქმებული იხდის მხოლოდ ხელფასის 2%-ს, 2-2%-ს კი მას დამსაქმებელი და სახელმწიფო უმატებს. ამაზე ლმობიერი სქემა წარმოუდგენელია. დაგროვებით საპენსიო სქემაში სწორედ ეს ნაწილი მომწონს ყველაზე მეტად.

არგუმენტი 4: ახალი საპენსიო სისტემა არანაირად არ აისახება შრომის ბაზარზე და არ გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას

არგუმენტი, რომ დამსაქმებელი 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს ნაკლებად დაასაქმებს ანდა მის წილ გადასახდელ ხელფასის 2%-ს დასაქმებულს ჩამოაჭრის, არასწორია. თუ ადამიანი მზად არის, რომ იმუშაოს იმაზე ნაკლებ ხელფასზე, ვიდრე დღეს აქვს, ეს საპენსიო რეფორმის ბრალი არ არის. ეს უფრო დასაქმებულის კვალიფიკაციის და შრომის ბაზრის ბრალია. თუ დამსაქმებელი ხედავს, რომ დასაქმებული მზადაა 1000 ლარის მაგივრად 800 ლარზეც იმუშაოს, ის მას ხელფასს აუცილებლად შეუმცირებს და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს მოხდება საპენსიო რეფორმის თუ კომპანიის სახელფასო პოლიტიკის შეცვლის ფარგლებში. თუ ადამიანს აქვს ალტერნატივა, რომ იმუშაოს უფრო მაღალ ხელფასზე, ის სხვა სამსახურში წავა. თუ დამსაქმებელს უფრო იაფი დაუჯდება 40 წელს გადაცილებული ადამიანის სამსახურში აყვანა, ის ამას დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების გარეშეც გააკეთებს. ამიტომ, ეს არგუმენტები მიუღებელია.

არგუმენტი 5: საპენსიო ფონდში შეტანილი თანხა ბანკში შეინახება, რომ რისკისგან მაქსიმალურად დაცული იყოს

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის მართვა რისკისგან დაზღვეული არ არის. ბიზნესს  და ზოგადად, ეკონომიკას აქვს ციკლები და ყველაფრის ფასი ცვალებადია: არის ეკონომიკური აღმავლობის და დაცემის პერიოდები. გარკვეული ციკლის დროს შესაძლებელია იყოს პრობლემები. ეკონომიკური კრიზისი ხშირად ძალიან მასშტაბურია და ასეთ დროს ადამიანს შეიძლება “გაუფუჭდეს” როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში შენახული თანხა. რაც უფრო მაღალპროფესიულ ჯგუფს ექნება მინდობილი თქვენი აქტივის მართვა, მით უფრო დაცული იქნება ის.

თუ არსებობს შიში, რომ სახელმწიფო ამ თანხას სწორად არ მართავს, მაშინ ამ არგუმენტით არც გადასახადები უნდა გადავიხადოთ. მთავარია, სწორად განვსაზღვროთ, რა შედეგის მიღება გვინდა და შემდეგ ამ შედეგის მიღწევისთვის სწორად ვმართოთ რესურსები. არგუმენტი, რომ არ გვაქვს გარანტია, რომ საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხები არ გაუფასურდება, ჩემთვის მიუღებელია. გვაქვს რაიმე გარანტია, რომ დოლარი, სტერლინგი ან ოქრო არ გაუფასურდება და ბინების ფასი არ დაეცემა? მოსახლეობის მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხები რისკისგან მაქსიმალურად რომ იყოს დაზღვეული, ამიტომ განთავსდება ის ბანკებში. საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია. ჩვენს კომერციულ ბანკებს მაღალ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები.

ჩემი აზრით, კანონის ერთ-ერთი დიდი ხარვეზი ამ ეტაპზე არის ის, რომ საპენსიო ფონდში არსებული თანხა პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ საბანკო სისტემაში იქნება მოქცეული. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რისკის გარეშე ამ თანხის მართვა კი ამჟამად მხოლოდ საბანკო სისტემას შეუძლია. ეს საუკეთესო სქემაა იმათგან, რისი შემოთავაზებაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს შეეძლო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ