რჩევები მათთვის, ვინც უნგრეთში მოგზაურობას აპირებს" />

ფოტორეპორტაჟი სტუდენტებისა და პენსიონერების ქალაქიდან

რჩევები მათთვის, ვინც უნგრეთში მოგზაურობას აპირებს

ეს იყო ჩემი რიგით მესამე ვიზიტი უნგრეთში. პირველი ორი სტუმრობა სამსახურთან იყო დაკავშირებული და ამიტომ ქვეყნის გასაცნობად არც ისე ბევრი თავისუფალი დრო მრჩებოდა ამჯერად კი ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.

1. დებრეცენი – მოკრძალებული ქალაქი ტურისტების გარეშე

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება და სავსებით სამართლიანადაც. როდესაც ტურისტი იმპერიული არქიტექტურის მქონე ამ დიდებული ქალაქიდან ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ დებრეცენში ჩადის, მას იმის განცდა უჩნდება, რომ სუფთა, მყუდრო, მაგრამ მაინც მეტისმეტად პროვინციულ დასახლებაში მოხვდა. განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ის, რომ აქ თითქმის საერთოდ ვერ ნახავთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ამ ქალაქში ბევრი სასტუმროა გახსნილი, მაგრამ, მაგალითად, ჩემს პატარა სასტუმრო სახლში მხოლოდ სხვა ქალაქებიდან ჩამოსული უნგრელები ცხოვრობდნენ. დებრეცენი მშვიდი, მოკრძალებული და, ამავდროულად, მონოეთნიკური ქალაქია. ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში, სადაც ორასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის 96%-ს უნგრელები წარმოადგენენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კონტრასტს ორმილიონიან, მრავალეროვან ბუდაპეშტთან.

ბუდაპეშტი. ხედი დუნაის მარჯვენა სანაპიროდან

დებრეცენი. ქალაქის ცენტრალური ნაწილი


2. უნგრული რეფორმაციის ცენტრი

მარტინ ლუთერი, პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფუფუნებაზე უარის თქმას და მორჩილებას ქადაგებდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პროტერსტანტულმა სულმა უნგრული რეფორმაციის ცენტრში, ქალაქ დებრეცენში შეისხა ხორცი.

2017 და 2018 წლებში რამდენიმე ისტორიული იუბილე აღინიშნება. ჩვენთვის, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ზუსტად ასი წელი შესრულდება იმ ისტორიული მომენტიდან, როდესაც რეგიონში პირველი დამოუკიდებელი ეროვნული რესპუბლიკები შეიქმნა; რუსებმა საკუთარი სისხლიანი რევოლუციების ასი წლისთავი აღნიშნეს; უნგრელი პროტესტანტები კი, ევროპის სხვა პროტესტანტების მსგავსად, საეკლესიო რეფორმაციის 500 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ მოვლენას არაერთი ღონისძიება ეძღვნება. ჩვენ რეფორმაციის მუზეუმში გამართულ ერთ-ერთ ლექციას დავესწარით და ძალიან გვეუცნაურა და საინტერესოდ მოგვეჩვენა ის, რომ რამდენიმე წუთში ხუთასკაციანი დარბაზი მთლიანად გაივსო – მეტწილად ასაკოვანი ადამიანებით.

დებრეცენის მთავარი ღირსშესანიშნაობა – რეფორმატორული ეკლესია

გეომეტრიის სახელმძღვანელო. უნგრული რეფორმაციის მუზეუმის ექსპონატი


3. თავისუფლების სული უნივერსიტეტში

თუკი ქუჩაში ახალგაზრდა უცხოელს შეხვდებით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იგი ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტია. დებრეცენის უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია, რომელიც 1538 წელს, ზემოაღნიშნული საეკლესიო რეფორმაციის პერიოდში დაარსდა.

ლექციების მოსმენა ყველა მსურველს შეუძლია. მეცადინეობების გაცდენა არ ისჯება – მთავარია, სტუდენტმა ჩააბაროს გამოცდა, რომელიც მეტწილად ხანმოკლე პრეზენტაციისა და მისi თანმდევი კითხვა-პასუხისგან შედგება. უნივერსიტეტის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში შესვლაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, წიგნების გატანის აღსაკვეთად, გასასვლელში დეტექტორებია დამონტაჟებული.

უნივერსიტეტში უნგრელ სტუდენტებთან ერთად მრავალი უცხოელიც სწავლობს. სახელმწიფო პროგრამა Stipendium Hungaricum-ის ფარგლებში წელს აზერბაიჯანიდან უნგრულ უნივერსიტეტებში 200-მა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ჩააბარა. ყველა მათგანი სტიპენდიითა და საცხოვრებლითაა უზრუნველყოფილი (ან, სურვილის შემთხვევაში, ბინის ქირაობისთვის საჭირო თანხას იღებს). დებრეცენის უნივერსიტეტში რამდენიმე ათეული ქართველიც სწავლობს. აქ ვერ შეხვდებით სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს, იმიტომ რომ 2012 წელს სომხეთმა დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა უნგრეთთან – იმის გამო, რომ ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ბაქოს რამილ საფაროვი გადასცა. საფაროვი აზერბაიჯანელი ოფიცერია, რომელმაც თავისი სომეხი კოლეგა ცივი იარაღით მოკლა და რომელსაც უნგრეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სტუდენტებს შორის ბევრი ეთნიკური სომეხია, რომლებიც სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.

დებრეცენის უნივერსიტეტის მთავარი შენობაში მდებარე ბიბლიოთეკა

აი, ასეთი ქანდაკებები ამშვენებს უნივერსიტეტის მთავარი შენობის ფასადს


4. შემოდგომა Nagyerdö-ს ტყე-პარკში.

უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ, გზის მეორე მხარეს მდებარეობს უზარმაზარი ტყეპარკი, რომელსაც Nagyerdö (იკითხება როგორც „ნადიერდიო“ და ითარგმნება, როგორც „დიდი ტყე“) ეწოდება. აქაურობას ხშირად სტუმრობენ სტუდენტები, რომლებიც პირდაპირ მიწაზე სხდებიან და მეცადინეობენ ხოლმე. პარკის სიღრმეში მდებარეობს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სტადიონი, რომელსაც სარბენი ბილიკი აკრავს; უფრო მოშორებით კი ქალაქის ზოოპარკი და გასართობი ცენტრი მდებარეობს, გასართობ ცენტრში უამრავი ატრაქციონია განთავსებული.


5. სახელგანთქმული „დებრეცენული სოსისი“ სულაც არ ყოფილა დებრეცენული

გახსოვთ, როგორ დაჰპირდა მამაცი ჯარისკაცი შვეიკი პორუჩიკ ლუკაშს, რომ დებრეცენის სოსისის ულუფას მიუტანდა? სწორედ იმ ლუკაშს, რომელმაც თქვა, რომ სანამ ოფიცრები ჯარისკაცის ულუფას ხეთქავენ, ავსრტია ომს ვერ მოიგებდა, რა თქმა უნდა, ამ სახელგანთქმული სოსისების გასინჯვის სურვილი გამიჩნდა. ძალიან გავოცდი, როდესაც მზარეულმა დამტვრეული ინგლისურით განმიცხადა, რომ ეს სოსისი ჩეხურია, და არა უნგრული. იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ სიმართლეს ამბობდა, ინტერნეტში შესვლა და „დაგუგლვა“ მომიწია. ძნელი სათქმელია, თუ რატომ დაერქვა ამ ცხარე საჭმელს „დებრენცული სოსისი“. ალბათ, იმავე ლოგიკით, რომლის მიხედვითაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჭოტოსან წიწაკას „ბულგარული“ ჰქვია – მაშინ, როდესაც საკუთრივ ბულგარეთში ამ ბოსტნეულს «чушка» („ჩუშკა“) ეწოდება.

როდესაც საქმე სასმელებს ეხება, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი ღვინოებითაა სახელგანთქმული. ტოკაის ღვინო „ღვინოების მეფედ და მეფეების ღვინოდ“ მიიჩნევა. თუკი შედარებით უფრო მაგარი სასმელის გასინჯვა გსურთ, შეგიძლიათ ხილის „პალინკა“ გასინჯოთ, რომელიც, ფაქტობრივად, შინნახად არაყს წარმოადგენს. ამ სასმელს ვაშლისგან, ან ქლიავისგან ხდიან, ყველაზე მეტად კი გარგრის „პალინკა“ ფასობს.

მზარეული, რომელმაც დებრეცენული სოსისის მითი დაამსხვრია

მაგარი „პალინკის“ ხონჩა. სანამ იყიდით, შეგიძლიათ დეგუსტაცია ჩაუტაროთ


6. ორსაათიანი მოგზაურობა ჩრდილოეთით და თქვენ წინაშე სულ სხვა სამყარო იშლება

ქალაქი ეგერი, რომელიც ჩრდილოეთით, დებრეცენიდან 130 კილომეტრში, თითქმის სლოვაკეთის საზღვართან მდებარეობს, უკვე ნახსენები საუნივერსიტეტო ქალაქისგან ძალიან ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კათოლიკური ქალაქია. მეტიც, ეგერი უნგრეთის კათოლიკური საარქიეპისკოპოსოს დედაქალაქს წარმოადგენს. ეგერში რამდენიმე დიდებული კათოლიკური ტაძარია, რომლებიც შესაფერისი ხატებითა და მდიდრული ფრესკებითაა შემკული. ამას გარდა, ქალაქში ნამდვილი ციხე-სიმაგრეა აღმართული. მე, როგორც ბაქოელს, ძალიან მომწონს ყველა ასეთი „ქალაქი ქალაქში“, იგივე, „იჩერი შეხერი“ (ანუ „შიდა ქალაქი“)

ეგერი. ცენტრალური მოედანი და ციხე-სიმაგრე

ბითლზის მუზეუმი Egri Road ეგერში


7. ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე თურქული მინარეთი

ქალაქ ეგერს თურქები Eğri-ს, ანუ „დაღრეცილს“ უწოდებენ. არ ვიცი, ძველი ქუჩების გარდა რა არის აქ დაღრეცილი, მაგრამ აქაურობას ეს სახელი შერჩა და ხშირად თავად უნგრელებიც ასე მოიხსენიებენ ამ ქალაქს. მაგალითად, იმავე „ბითლზის“ მუზეუმს «Egri road” ჰქვია, რაც ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ქუჩის, Abbey road-ის ერთგვარ ანალოგიას წარმოადგენს.

მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია დაახლოებით ასი წლის მანძილზე ფლობდა უნგრეთს, მაგრამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო ვენის აღება და იძულებული გახდა, ბალკანეთისკენ დაეხია. იმ პერიოდიდან ეგერში კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაც შემორჩა – ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე თურქული მინარეთი, რომელიც ძალიან ლამაზად მოჩანს კათოლიკური ეკლესიების გუმბათებს შორის. მინარეთის გარდა, ეგერში ამ ქალაქის ისტორიის თურქული პერიოდის მანიშნებელი რამდენიმე სხვა კულტურული ობიექტიც მოიძებნება. მაგალითად, უნდა აღინიშნოს უნგრეთ-თურქეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი ობელისკი და თურქული რესტორანი, სადაც მშვენიერ თურქულ ყავას ადუღებენ. ამ კაფეს მეპატრონემ, გაიგო რა, რომ აზერბაიჯანიდან ვიყავით, არა თურქულად, არამედ აზერბაიჯანულად გამოგველაპარაკა, რაც ძალიან გვესიამოვნა.

მინარეთი, ხედი ციხე-სიმაგრიდან

უნგრულ-თურქული მეგობრობის მონუმენტი


8. „დიდი უნგრეთის“ ატრიბუტები სახელმწიფო შენობებზე

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები მივეჩვიეთ ისტორიულ რუკებს, რომლებზეც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დიდი ნაწილი რომელიმე ერთი ქვეყნის მიერაა ხოლმე „მიტაცებული“. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენთანაც კი კერძო ხასიათი აქვს. ძალიან გავოცდი, როდესაც უნგრეთის პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშის გვერდით სეკეის ოლქის დროშაც შევნიშნე – იმ რეგიონის, რომელიც ამჟამად რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. წიგნების მაღაზიებში 2500 ფორინტად (10 დოლარად) იყიდება რუკები ინგლისური წარწერით “Justice for Hungary” (“სამართლიანობა უნგრეთისათვის»). ეგერის ცენტრში მდებარე ობელისკზე გამოსახულია ჰაბსბურგების იმპერიის პერიოდის უნგრეთის სამეფოს ტერიტორიების რუკა და აღნიშნულია, რომ იმ პერიოდის შემდეგ უნგრეთმა ტერიტორიის 72% დაკარგა.

„დიდი“ და თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიების მონუმენტი ეგერში


9. სოციალისტური წარსულის ნარჩენების მოშთობას არავინ ჩქარობს

დებრეცენში ხშირად შეხვდებით „სოციალისტური რეალიზმის“ სტილის მოზაიკებსა და შენობებს, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს – მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის 50% განადგურდა. სხვათა შორის, თავის დროზე ვარშავაც თითქმის მთლიანად დაინგრა, მაგრამ პოლონეთის დედაქალაქში ასეთი ობიექტების პოვნა ნამდვილად გაგიჭირდებათ. როგორც ჩანს, უნგრელები უბრალოდ ამ ატრიბუტებსა და საბჭოთა ოკუპაციას შორის არსებულ კავშირს ვერ ამჩნევენ. მაგრამ კარგად ახსოვთ, რომ 1849 წელს რუსეთის იმპერიულმა ჯარმა უნგრეთის რევოლუცია დააჩოქა და არ ივიწყებენ იმას, რომ მარშალმა ჟუკოვმა 1956 წლის რევოლუცია სისხლში ჩაახშო.

სოციალისტური პერიოდის მიტოვებული სანატორიუმი დებრეცენში

მოზაიკა, რომელზეც „სახალხო მეურნეობის მიღწევებია“ აღბეჭდილი

1956 წლის საბჭოთა ოკუპაციის სამახსოვროდ აღმართული ობელისკი

 

10. ევროპაში გავრცელებულ ენებს შორის უნგრული ყველაზე რთულია

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ უნგრულ ენაში არსებით სახელს 25 ბრუნვა აქვს – 18 ძირითადი და 7 დამატებითი. ამასთან, უნგრული ფონეტიკაც ძალიან თავისებურია. მაგალითად, აღმონდა, რომ უნგრულში ასო-ბგერა «о»-ს ოთხი ნაირსახეობა არსებობს. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ უნგრულ ენაში ნასესხები სიტყვების რაოდენობა ძალიან მცირეა. იშვიათად ლაპარაკობენ – ყოველ შემთხვევაში დებრეცენში. ამიტომ როდესაც სადმე ინგლისურ ენაზე საუბრობდა ვინმე, ისე მიხაროდა, თითქოს ჩემს ძველ ნაცნობს ვხედავდი.

სულ ეს ესაა, რისი თქმაც მსურდა. Кöszönöm a figyelmet! (გმადლობთ ყურადღებისათვის!)

უნგრული ტექსტის მქონე პლაკატი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც  ტექსტში ნასესხები სიტყვაა ნახმარი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ