ნინია კაკაბაძის ტექსტი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტ ფილმზე" />

არსიყვარული. რაზეა ანდრეი ზვიაგინცევის ახალი ფილმი

ნინია კაკაბაძის ტექსტი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტ ფილმზე

რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა «Нелюбовь» – “არსიყვარული”, კანის 70-ე საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის პრიზი მიიღო. ქართულ კინოთეარტებში ფილმი აგვისტოში გამოვა. კინოკრიტიკოსმა ნინია კაკაბაძემ ის კანში , ჟურნალისტებისთვის გამართულ ჩვენებაზე ნახა და JAMnews-ს შთაბეჭდილებებს უზიარებს. ის ამბობს, რომ ეს არის ფილმი სიცარიელეზე, რომლის მთავარი პერსონაჟი “არსიყვარულია”.

ანდრეი ზვიაგინცევი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რუსი რეჟისორია, რომელიც წარმატებებს აღწევს საერთაშორისო ფესტივალებზე და ამ წარმატებით ერთგვარ უხერხულობაში აგდებს რუს მაყურებელს. მაყურებელს, რომელიც, ერთი მხრივ, იძულებულია საკუთარი თანამემამულით იამაყოს, მეორე მხრივ კი, თავი იმართლოს იმის გამო, რაც ეკრანზე ჩანს. იმ რუსეთის გამო, რომელსაც ზვიაგინცევი თავის ფილმებში აჩვენებს.

ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. მახსოვს, როდესაც ამერიკაში სანდენსის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალს ვესწრებოდი, თემურ და გელა ბაბლუანების ფილმი “მემკვიდრეობა” ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალზე ერთდროულად სიხარულისა და სირცხვილის ემოციას ვგრძნობდი. ფილმი სიყვარულით ჰყვებოდა იმ კლანურ დაპირისპირებაზე და შურისძიების ფორმაზე, რომელსაც სისხლის აღება ჰქვია და რომელიც ჩემს ქვეყანაში დღემდე არსებობს. ბაბლუანების მოთხრობილი ისტორია ჩემი ქვეყნის რეალობას ასახავდა და ეს დიდ უხერხულობას მიქმნიდა.

ანდრეი ზვიაგინცევი

ზვიაგინცევის ყველა ფილმი საკუთარი ქვეყნისა და რეალობის რეკონსტრუქციაა.

თუმცა, ბაბლუანისგან განსხვავებით, ზვიაგინცევის გენიალობა იმაშიცაა, რომ მისი ისტორიები უნივერსალურია. იქ ყველა ადამიანი საკუთარ თავს შემაშფოთებლად მსხვილი ხედით ხედავს ეკრანზე.

რატომ “არსიყვარული”

ზვიაგინცევი თავის ინტერვიუებში ბევრს საუბრობს ფილმის სათაურზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ინგლისური თარგმანი – Loveless არ მოსწონს, რადგან ის არ გამოხატავს ფილმის მთავარ აზრს. რუსულად ფილმს Нелюбовь ქვია და არა Без любви. “არსიყვარული” – ეს სიტყვა, რეჟისორის აზრით, უფრო ახლოს დგას სიძულვილთან, ვიდრე უბრალოდ უსიყვარულობა.

ადამიანები

ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 7 წლის შვილი ალიოშა ჰყავს, ერთმანეთს შორდება. ქალს შუახნის მარტოხელა საყვარელი ჰყავს, კაცს – ახალგაზრდა ქარაფშუტა გოგო. მათ იციან, როგორ უნდა გაყიდონ და გაყონ საერთო საცხოვრებელი ფართი, მაგრამ არ იციან, რა უყონ ალიოშას, რომელიც მათ ცხოვრებაში ზედმეტია. ამიტომ მშობლები შვილის ინტერნატში ჩაბარების პერსპექტივასაც განიხილავენ.

მშობლებს არ უყვართ შვილი, რომელიც ფილმის პირველივე ნაწილში ქრება. ის სახლიდან გარბის. ალიოშას მშობლები დროებით ერთიანდებიან, რომ შვილი იპოვონ. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი ნერვიულობისა და ცრემლების ფონზე ჩვენ ვისმენთ ისტორიებს: როგორ არსიყვარულში გაიზარდა თავად ალიოშას დედა – ჟენია, როგორი დესპოტი დედა ჰყავდა მას, როგორი შეცდომა იყო ალიოშას დაბადება, როგორი არსიყვარულით გააჩინა შვილი და არსიყვარულით გაატარა მასთან მთელი 7 წელიწადი.

“არსიყვარულია” ფილმის მთავარი პერსონაჟი, მთავარი ხაზი, რომელიც არა მხოლოდ რუს მაყურებელს, არამედ ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარ თავს გვაჩვენებს ეკრანზე. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია არსიყვარული, აღმოჩენილა ალიოშას, დედამისის ან მამამისის ადგილას.

არ არსებობს ადამიანი, ვისაც წამიერად თუ ხანგრძლივად არ განუცდია ზედმეტობის, არსიყვარულის შეგრძნება. ყველა ჩვენგანს ნდომებია გაქრობა და ამით მშობლების დასჯა. ყველას ერთხელ მაინც უფიქრია, რომ შვილი მის განვითარებას, ცხოვრებას უშლის ხელს. ყველას მონდომებია იმაზე მეტი სითბო, სიყვარული და ზრუნვა მშობლებისგან, ვიდრე მიუღია. ეს ის ტრავმებია, რომლებიც ბავშვობიდან მოდის და რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის. კინემატოგრაფისტებს ძალიან უყვართ ეს თემა. განსაკუთრებით ინგმარ ბერგმანს, რომლის ფილმების მთავარი თემა სწორედ ბავშვობაში მიღებული ტრავმები და შემდეგ მათი გამოძახილია.

ასეთია ანდრეი ზვიაგინცევის “არ სიყვარულიც”. ამ ფილმს ნახავ და ვერასდროს დაივიწყებ.

გარემო

ეს არის ფილმი იმაზე, რომ თითოეული ადამიანი ქმნის სახელმწიფოს და მის კონტექსტს, ისევე, როგორც გულგრილი სახელმწიფო და გარემო ქმნის ადამიანებს. “არსიყვარული” არის ის, რაც ზვიაგინცევის პერსონაჟებს აერთიანებს.

რამდენად შესაძლებელია გადარჩე და გიყვარდეს იქ, სადაც შენზე არ ზრუნავენ, არ უყვარხართ?!

ალიოშას დაკარგვის მიმართ სრულიად გულგრილია პოლიცია, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი სახეა. პოლიციელები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ დახმარება, რადგან დღეში რამდენიმე ბავშვი იკარგება ასე და ყველას ხომ ვერ მოძებნიან.

ძიებაში მოხალისეთა ჯგუფი ერთვება. ისინი დაუღალავად ეძებენ ბავშვს, თუმცა მათ სიტყვებსა თუ გამომეტყველებაში მთავარი არ იკითხება – თანაგრძნობა, რომელსაც სიყვარული ბადებს.

ზვიაგინცევის რუსეთში არავის არავინ უყვარს. ალიოშას მშობლებს – ჟენიას და ბორისს, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ, არც თავიანთი საყვარლები უყვართ. გასაოცარია ზვიაგინცევის ოსტატობა, რომლითაც ის ამ “არსიყვარულებს” აჩვენებს.

ეკრანზე უყურებ საყვარლების შიშველ სხეულებს სექსის დროს, მაგრამ ისინი სრულიად დაცლილია ვნებისგან – ვნებისგან, რომელიც სიყვარულთან თანაარსებობს.

ფარისევლურია ზვიაგინცევის გარემო. ბორისის სამსახური, სადაც განქორწინებულ ადამიანებს არ იღებენ და განქორწინების შემთხვევაში მათ სამსახურიდან უშვებენ. ბორისის უფროსი – მართლმადიდებელი ბიზნესმენი, მორალის სადარაჯოზე დგას და ადამიანებს ამორალურ ფარისევლობაში ამყოფებს. ოფისის კედლები ხატებითაა სავსე, საიდანაც წმინდანები, “უფროს ძმასავით” უთვალთვალებენ თანამშრომლებს. ბორისის და მისი თანამშრომლების ყოველდღიურობა შიშია – სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის შიში.

“მე არ ვიღებ ფილმს “მათზე”, მე ვიღებ ფილმს ჩვენზე. უნდა ილაპარაკო იმაზე, რაც აქ, ჩვენ გვერდით ხდება,” – ამბობს ზვიაგინცევი ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ რეჟისორის მთავარი ღირსებაც სწორედ ისაა, რომ იგი არ ლაპარაკობს ამ ფარისეველ, უსიყვარულო, დაჭაობებულ სოციუმზე, როგორც “სხვაზე”.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მანკიერ სახეს გვაჩვენებს, ზვიაგინცევს მაინც არ სძულს საკუთარი გმირები.

ფილმის ფინალში, ჟენიას და ბორისს უკვე ახალი ცხოვრება აქვთ. ისინი ახალ სახლებში არიან, ახალ ოჯახებთან. ბორისს ახალ ცოლთან ახალი შვილი ჰყავს. ბავშვი მამას ტელევიზორის ყურებაში ხელს უშლის, მამა “იღებს” ბავშვს და მანეჟში “დებს”. ეს პატარა ბიჭი ამ ადამიანების, ამ საზოგადოების ახალი “ალიოშაა”, შემდეგი თაობა, რომელიც ისევ “არ სიყვარულით” იზრდება.

რუსეთი დგას. ის წინ არ მიდის და არ ვითარდება. ამის პირდაპირი მეტაფორაა ფილმის უკანასკნელი ეპიზოდი – სარბენ ბილიკზე სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ჟენია, მაისურზე დიდი წარწერით RUSSIA. ის ერთ ადგილზე ენერგიულად დარბის, ოთახში ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი კი, უკრაინის ამბებს მოდელირებულად გადმოსცემს.

ზვიაგინცევის ფილმებს რუსეთში “კარგი რუსებიც” აკრიტიკებენ. ისინი, ვისი მოხსენიებაც ჩვენ “მეორე რუსეთად” გვიყვარს. ისინი აკრიტიკებენ ზვიაგინცევს იმის გამო, რომ ის არ ტოვებს გამოსავალს თავის ფილმებში.

“ზვიაგინცევი ფილმებს სახელმწიფოსთან შეთანხმებით იღებს, – ამბობენ მისი კრიტიკოსები, – ის რუსულ საზოგადოებაში კიდევ უფრო ღრმად ნერგავს ნიჰილიზმს, გვაგუებს იმ ამბავს, რომ გამოსავალი არ არის. რომ ასეთები ვართ ჩვენ, თავად ხალხი. რომ პრობლემა ჩვენშია, გამოსავალი არ არის და ბრძოლას აზრი არა აქვს”.

გამოსავალი ზვიაგინცევის ფილმებში, ერთი შეხედვით, მართლაც არ ჩანს. თუმცა, სწორედ ამ ჩიხის, ამ ფსკერის გააზრებაშია გამოსავალი. შეუძლებელია, ცოცხალი ადამიანი შეეგუო ამ სიბნელეს, ამ ტოტალურ უმზეობას, სიცარიელეს. შეუძლებელია არ გაბრაზდე, ხოლო ის, რაც გაბრაზებს, არ გაკარგვინებს ბრძოლის უნარს. ზვიაგინცევის სინამდვილე აპათიას არ ბადებს, ის საკუთარ თავს ბერგმანისეული მსხვილი ხედით გვაჩვენებს და გვაფხიზლებს.


ასევე წაიკითხეთ