მიზეზი - სარეველების საწინააღმდეგო ქიმიკატია; დაზარალებულები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი " />

აზერბაიჯანში ბამბის მინდვრებზე ამ კვირაში მუშები უკვე მეორეჯერ მოიწამლნენ

მიზეზი - სარეველების საწინააღმდეგო ქიმიკატია; დაზარალებულები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი

გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში ბამბის მინდვრებზე მუშების მასობრივი მოწამვლის ორი შემთხვევა აღინიშნა.

პირველად ეს 10 ივნისს საატლინის რაიონის სოფელ სიმადში მოხდა. 24 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ზოგიერთის ბაქოში სამკურნალოდ გამგზავრება გახდა საჭირო. იგივე განმეორდა 16 ივნისს ტერტერის რაიონის სოფელ სეიდიმლიში – აქ 14 ადამიანი დაზარალდა, ნაწილი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში მოხვდა. ორივე შემთხვევაში არავინ დაღუპულა.

პირველადი მონაცემების მიხედვით, მუშები მოიწამლნენ ქიმიკატი „Formula 5-FEC“-ით, რომელიც სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება.

გენერალურმა პროკურატურამ სისიხლის სამართლის საქმე აღძრა 249.2-ე მუხლით – „სარეველებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა“. ასევე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 314.2-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ამ მუხლების მიხედვით, პასუხი მინდვრების მფლობელებმა უნდა აგონ.

როგორც გაზეთი „სარკე“, საატლინის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმ ადამ ალიევზე დაყრდნობით იუწყება, პირველ შემთხვევაში მუშები იმიტომ მოიწამლნენ, რომ მინდორში მისი ქიმიკატებით დამუშავების შემდეგ ზედმეტად სწრაფად გავიდნენ. თუმცა, უსაფრთხოების ზომების მიხედვით, გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მოეცადათ.

ეკოლოგიური პროგნოზირების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ტელმან ზეინალოვის აზრით, ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენებამდე მინდვრების მფლობელს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და სანიტარულ ეპიდემიოლოგიური სამსახურის ადგილობრივი განყოფილებები უნდა გაეფრთხილებინა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება ბამბაზე განსაკუთრებულ ფსონს დებს, და იმედოვნებს, რომ მას არასანავთობო სექტორის ერთ-ერთ წამყვან (და , შესაბამისად, მომგებიან) სფეროდ აქცევს.


ასევე წაიკითხეთ