ასევე, ფასიან და უფასო მედიცინაზე, ექიმების შეცდომებსა და უცნაურ პაციენტებზე" />

აზერბაიჯანელი ექიმები ყვებიან: რამდენს იხდიან, რისთვის ათავისუფლებენ და სად ჯობია მუშაობა

ასევე, ფასიან და უფასო მედიცინაზე, ექიმების შეცდომებსა და უცნაურ პაციენტებზე

აზერბაიჯანში სახელმწიფო კლინიკები და საავადმყოფოები – უფასოა, ყოველ შემთხვევაში კანონით. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი კერძო სამედიცინო დაწესებულებაც.

სამედიცინო სფერო აზერბაიჯანში – ერთ-ერთი ყველაზე საკრიტიკო თემაა. აქ ძალიან დაბალი ხელფასებია – ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, 130 დოლარი.

რითი განსხვავდება კერძო მედიცინა სახელმწიფოსგან, სად ჯობია მკურნალობა და როგორ შევარჩიოთ ექიმი? გადავწყვიტეთ, ამ თემებზე თვითონ ექიმებისთვის გვეკითხა.

სტომატოლოგი მურად იბრაგიმოვი გვიყვება:

„მშობლებმა მითხრეს: „მირად, ამ სფეროში ნაცნობები გვყავს და სამსახურის შოვნა გაგიადვილდება, ამიტომ, ჩააბარე სამედიცინოში“. შემდეგ, უკვე პროცესში მომეწონა ეს საქმე – კარგი პროფესიაა“.

რომელი კლინიკებია უკეთესი?

„მე პირდაპირ კერძო სექტორში წავედი. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავდიოდი კერძო კლინიკებში და ცოტა ფულს ვშოულობდი. სწავლის დასრულების შემდეგ კი ასევე კერძო სექტორში მოვეწყვე ექიმად.

ადამიანები კერძო კლინიკებში იმიტომ მოდიან, რომ ჯერათ, იქ მომსახურების ხარისხი გაცილებით მაღალია და გარკვეულწილად, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ როდესაც ფასებს ნახულობენ, იწყებენ ლაპარაკს – რა, ბატონო ექიმო, რატომ არის ასეთი ძვირი?

სახელმწიფო კლინიკები ნამდვილად უფრო ცუდად მუშაობენ, ვიდრე კერძო. მართალია სხვაობა კატასტროფული არაა, მაგრამ მაინც უფრო ცუდად.

მაგალითად, ინსტრუმენტების სტერილიზაცია. ჩვენთან, თითოეული პაციენტის შემდეგ, ინსტრუმენტები სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარში თავსდება, ამის შემდეგ ავტოკლავში – ეს სტერილიზაციის იარაღია, სადაც მაღალი წნევით და 136 გრადუს ტემპერატურაზე, წყლის ორთქლით ხდება სრული სტერილიზაცია.

არ დავასახელებ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელშიც ეს მოხდა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს ნამუსზე დავტოვებ, მაგრამ პირადად ვნახე, ექიმი ორთოდონტი საყრდენებს, რომლითაც ყველა პაციენტთან მუშაობს, როგორ დებს სპირტში ხუთი წუთით. არადა, სტერილიზაცია სპეციალურ ხსნარში (სპირტი – ყველაზე პრიმიტიული სნტისეპტიკი) – გრძელდება, არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში.

პრობლემა დაფინანსებაშია – დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა და შესანიშნავად ესმოდა, რომ ორი წუთი სპირტში – ეს არ არის სტერილიზაცია. მაგრამ იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან სხვა ვარიანტი იქ უბრალოდ არ არის“.

„პატივსაცემი“ ქრთამი

ჟარგონული სიტყვა“ „хёрмят“ (სიტყვასიტყვით „პატივისცემა“) აზერბაიჯანში გაწეული სამსახურისთვის ფულად მადლობას ან უბრალოდ, ქრთამს ნიშნავს. და თუკი კერძო კლინიკებში პაციენტები თანხას სალაროში იხდიან, სახელმწიფო დაწესებულებებში „შესაძლებლობის ფარგლებში“ ფულს ექიმს აძლევენ. საჭიროების შემთხვევაში, მიგიღებთ თუ არა უფასოდ, დამოკიდებულია კონკრეტული ექიმის ადამიანობაზე.

ექიმის კონსულტაციისა და რეცეპტის უფასოდ ან სიმბოლურ ფასად მიღება, სავსებით რეალურია. თუმცა, თუკი ოპერაციის გაკეთებაა საჭირო, მედიცინის ჰიპოთეტურ „უფასოობას“ ივიწყებენ ექიმებიც და პაციენტებიც.

ფართოდ არის გავრცელებული ავადმყოფობის ყალბი ცნობის ყიდვის პრაქტიკა. სახელმწიფო პოლიკლინიკებში, ზოგიერთი ექიმი ნამდვილ ავადმყოფებსაც კი უარს ეუბნება „პატივისცემის“ გარეშე ცნობის მიცემაზე.

როგორც მურადი გვიყვება, კერძო კლინიკებში, პაციენტისგან „სალაროს გვერდის ავლით“ ჯილდოს მიღება აკრძალულია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები ძველი ჩვევის გამო, ცდილობენ ექიმს ფული ჯიბეში ჩაუკუჭონ.

„შემიძლია მივიღო შოკოლადი და მივირთვა თანამშრომლებთან ერთად, მაგრამ ფული – არა. ჩვენთან ეს აკრძალულია.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, იქ მედიცინა მხოლოდ ფურცელზეა უფასო. თუკი იქ ექიმს არ გადაუხდით, უკეთეს შემთხვევაში გიმკურნალებენ ისე, როგორც მოუხერხდებათ. ანდაც ისე დაგტანჯავენ ბიუროკრატული პროცედურებით, რომ ან კერძო კლინიკაში გაიქცევით ან კიდევ სახლში – ჯობია ისევ ავად იყოთ“.  

რის გამო შეიძლება გააგდონ სამსახურიდან ექიმი?

„შეიძლება, მაგალითად, გაგაგდონ უხეშობის გამო. ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან ვმუშაობთ და თუკი იქ პაციენტი იჩივლებს, პრობლემები შეგვექმნება. ასევე, არაფერი კარგი არ მოჰყვება, თუკი პაციენტს კონფლიქტი ექნება ექიმებთან. და ბოლოს, ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, რომ ყველა პაციენტს ერთნაირად თავაზიანად მოვეპყროთ.

თავაზიანი ვიყავი ისეთ პაციენტთანაც კი, რომელიც „გარყვნილებად“ თვლიდა იმ ფაქტს, რომ ექთანს ველაპარაკებოდი და გამოვიდა ასეთი ტიპის პრეტენზიებით – „ეს რა, რომანტიკის ოთახია“. იმ პაციენტსაც კი თქვენობით უნდა მიმართო, რომელიც გაგინებს. თუმცა, ხანდახან ისეთი პაციენტებიც გხვდებიან, რომ შეიძლება აფეთქდე.

იყო ერთი სასაცილო შემთხვევა, რომელიც ექიმის გათავისუფლებით დამთავრდა – ჩემი მეგობრის ნაცნობის.

ეს ექიმი კლინიკაში მუშაობდა და დადიოდა ხმები, რომ ასე ვთქვათ, მექალთანეა. თუმცა კი, საჩივარი არ ყოფილა და არც ქალები დაჰყავდა კლინიკაში. ყველას ასე ეგონა. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დილით, უმცროსი მედპერსონალი მივიდა კლინიკაში – პაციენტების მიღებამდე დასალაგებლად – გააღეს მისი ოთახის კარგი და დაინახეს, რომ სტომატოლოგიური სავარძლის თავზე, ნათურაზე, პრეზერვატივი ეკიდა. რა თქმა უნდა, ამის გამო ის კლინიკიდან გააგდეს.

არა თვითონ ფაქტის გამო, არამედ იმიტომ, რომ კაბინეტის დეზინფექცია დაავიწყდა“.

ხელფასი

„კერძო კლინიკებში, როგორც წესი, ექიმები გამომუშავებაზე არიან: თითოეული პაციენტის მიერ გადახდილი თანხიდან პროცენტს იღებენ. ისინი, რომელთაც უკვე დააგროვეს საკუთარი პაციენტების ბაზა, ხანდახან „არენდით გადიან“. ისინი კაბინეტის ქირის ფულს უხდიან იმავე კლინიკას, რომელშიც არიან, მაგრამ პაციენტებისგან მიღებულ თანხას თავისთვის იტოვებენ.

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომელთაც პრაქტიკის მიღება და ფულის გამომუშავება უნდათ, როგორც წესი, ეგრევე კერძო კლინიკებში მიდიან, იმიტომ რომ, შემოსავალი – კერძო სექტორშია. თუკი მეცნიერებით გინდა დაკავდე, ხარისხის მიღებასა და ლექციების ჩატარებას აპირებს – სახელმწიფოში. სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის თანამშრომლობა მხოლოდ საჯარო სექტორში მუშაობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

იქ მუშაობის დაწყება გაცილებით რთულია, ვიდრე კერძო კლინიკებში – პირველ რიგში, სახელმწიფო საავადმყოფოები და კლინიკები უფრო ცოტაა, მეორეც – იქ მხოლოდ რეზიდენტურადამთავრებულ სტუდენტებს იღებენ. კერძო კლინიკებში კი ამა თუ იმ სპეციალისტის მიღება, მთავარი ექიმის გადასაწყვეტია.

კერძო კლინიკებში მოწყობა ადამიანს ნაცნობობის გარეშე შეუძლია. კაბინეტი ცარიელი არ უნდა იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველას იღებენ, ვინც შეხვდებათ“.

როგორ შევარჩიოთ კლინიკა ან ექიმი?

„იმისათვის, რომ ექიმის პროფესიონალიზმში დარწმუნდეთ, უნდა დაელაპარაკოთ. თუკი ის სწორად, გამართულად ლაპარაკობს, იყენებს სამედიცინო ტერმინებს, მაგრამ თქვენ ყველაფერი გესმით – არჩევანი სწორია.

თუკი ექიმთან საუბრის შემდეგ თავი ჭკვიანად იგრძენით – ეს ის ექიმია“.

ქირურგ-ტრავმატოლოგი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა

„სახელმწიფო კლინიკაში ვმუშაობ. ოფიციალური ხელფასი – 132 მანათი (78 დოლარი) მაქვს. მაგრამ, ბუნებრივია, აზერბაიჯანში საჯარო სექტორი ხელფასით არ ცხოვრობს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გადაწყვიტეს, რომ უნდა აჭამონ არმიასა და პოლიციას, ექიმებსა და მასწავლებლებს კი ხალხი გამოკვებავს. ჩვენთან ჯერ კიდევ ასეა. ექიმები ძირითადად იმის ხარჯზე ცხოვრობენ, რასაც „პატივისცემას“ ეძახიან.

რატომ არ მიდიან ექიმები კერძო სექტორში?

„კერძო კლინიკებში უფრო მაღალი ხელფასია, მაგრამ იმისათვის, რომ იქ იმუშაო, საკუთარი ავადმყოფების „ბაზა“ უნდა გქონდეს. იმისათვის, რომ პაციენტები შეაგროვო, სახელმწიფო კლინიკაში უნდა წაიმუშავო, სახელი გაითქვა, რათა შემდეგ უკვე კერძო კლინიკაში მოვიდნენ შენთან და იმდენი გადაგიხადონ, რამდენსაც ეტყვი“.

ექიმების შეცდომები

აზერბაიჯანში, უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე ხმაურიანი სკანდალი მოხდა, რომლებიც ექიმების შეცდომებს უკავშირდება. პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე გარდაიცვალა გოგონა, ქალს მოაჭრეს არა ის ფეხი, რომელიც უნდა მოეჭრათ, არამედ მეორე, მშობიარე ქალი არ შეუშვეს პოლიკლინიკაში. ასეთ მომენტებში განხილვას ექვემდებარება ყველა აზერბაიჯანელი ექიმი და მათი დაცვის მსურველთა რიცხვი მცირეა.

„რა თქმა უნდა, არც ერთ ექიმს არ უნდა სპეციალურად ავნოს პაციენტს, როგორც პაციენტებს ეს ხანდახან ეჩვენებათ. შეცდომის მიზეზები – გამოუცდელობა ან სამსახურეობრივი გულგრილობაა, ხანდახან კი მოულოდნელობა, რაშიც ექიმი დამნაშავე არ არის.

პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც დიაგნოზის დასმა ვიჩქარე. ჩემი მეგობარი დაეცა, შევამოწმე და იმისათვის, რომ დამემშვიდებინა, ვუთხარი: არ ინერვიულო, ფეხი მთელია. სანამ ჩვენ რაიონიდან ქალაქისკენ მოვდიოდით, მივხვდი, რომ სავარაუდოდ, გაბზარული ჰქონდა. ამ ბზარის გამო ის დღემდე მსაყვედურობს.

როდესაც პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე იღუპება, შემთხვევების 99%-ში ეს ანესთეზიოლოგის ბრალია. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ადამიანს ჰქონდა ალერგია, რომლის მსგავსიც 200 000-დან ერთ ადამიანში გხვდება. ყველანაირი ანალიზი გავუკეთეთ, მაგრამ მას ასე უბრალოდ ვერ აღმოაჩენ. ოპერაციის დროს, როდესაც ნარკოზი გავუკეთეთ, ანფილაქსიური შოკი დაეწყო და მისი გადარჩენა ვერ შევძელით. არც კი ვიცი, რისი გაკეთება შეგვეძლო.

საერთოდ, სამედიცინო შეცდომებზე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა. ექიმი, პირველ რიგში პასუხს აგებს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე, მეორეც – ნათესავების წინაშე, რომლებიც მასთან დავას დიდხანს და შეუპოვრად გააგრძელებენ. უმრავლეს შემთხვევაში, რომელიც მინახავს, ექიმს ზედმეტად აწამებდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ყოველ მხრივ მართალი იყო.

ზოგიერთი ოპერაციის წინ, პაციენტი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ექიმს. მაგრამ, სინამდვილეში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, ეს ფურცელი მხედველობაში არ მიიღება. ფორმალობაა“.

არა მხოლოდ ბაქო

რამდენჯერმე ვიყავი რაიონებში ადგილობრივი ექიმებისთვის კონსულტაციების ჩასატარებლად. მიჭირს მათი კვალიფიკაციის დონის შეფასება, მაგრამ აღჭურვილობა უკეთესის სურვილს ტოვებს. ბევრი მათგანი, რამდენიმე სპეციალობას ითავსებს. ერთი და იგივე ექიმი არის – ტრავმატოლოგიც, თერაპევტიც, ანესთეზიოლოგიცა და ქირურგიც.

ბაქოდან იქ სამუშაოდ არავინ არ წავა – ძალიან ცოტას იხდიან“.

უცნაური პაციენტები

„მაგალითად, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ოპერაცია გავუკეთეთ, ელიზაროვის აპარატი (მეტალის „რგოლები“, რომლებზეც მაგრდება „სპიცები“, ძვლოვანი ქსოვილის გავლით) წვივზე დავამაგრეთ. აპარატი ორი თვის შემდეგ უნდა მოგვეხსნა, მაგრამ პაციენტი გაუჩინარდა.

გავიდა სამი წელი და ამ ადამიანს შემთხვევით შევხვდი. მას დღემდე ეს აპარატი უკეთია და ჰგონია, რომ ესეც უნდა იყოს“.

რომელი დაავადება რამდენი ღირს?

როგორც ხშირად ბაქოელი ტაქსისტები ხუმრობენ, როდესაც მგზავრი საავადმყოფოში მიგყავს, აზერბაიჯანში ჯობია ჯანმრთელი იყო. იმისათვის, რომ მედიცინის ხელმისაწვდომობა წარმოიდგინოთ, მოდით ვნახოთ, როგორია აზერბაიჯანში სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე გაწეული ხარჯებისა და საშუალო ხელფასის შეფარდება (მოყვანილია ბაქოს მცხოვრებთა მიერ გაწეული რეალური ხარჯები – რედ.).

ბარძაყის მოტეხილობა – 10-დან 20 საშუალო ხელფასამდე.

ღრმა კარიესი – საშუალო ხელფასის დაახლოებით 10%.

მიომის მოშორება – 2,5 საშუალო ხელფასი.

მშობიარობა – 2-დან 4 საშუალო ხელფასამდე.

აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 540 მანათი ანუ 318 დოლარია.

 


ასევე წაიკითხეთ