ლანჩხუთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შევარდნაძის სახლ-მუზეუმით უცხოელი ტურისტებიც დაინტერესდებიან " />

ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სოფელში პოლიტიკოსის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

ლანჩხუთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შევარდნაძის სახლ-მუზეუმით უცხოელი ტურისტებიც დაინტერესდებიან

ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.

სახლი, სადაც შევარდნაძე დაიბადა, ახლა მისი ძმისშვილის, ნუგზარ შევარდნაძის საკუთრებაშია. ნუგზარ შევარდნაძე უკვე გამოეხმაურა ლანჩხუთის ხელისუფლების ინიციატივას და მზადაა სახლი და კარ-მიდამო მუნიციპალიტეტს მუზეუმის მოსაწყობად გადასცეს.


სახლი, სადაც შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება


“საზოგადოებაში არსებული ინტერესისა და ასევე უცხოელი ტურისტების ინტერესის გათვალისწინებით,  უდიდესი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მისი სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება,” – ნათქვამია ლანჩხუთის საკრებულოს განცხადებაში.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს სოფელ მამათში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.  1968 წელს ის საბჭოთა საქართველოს შს მინისტრად დანიშნეს.  მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ის სსრკ-ს ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოჩნდა. 

1992 წელს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ “სამხედრო საბჭომ” შევარდნაძე საქართველოში მოიწვია. ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას 2003 წლამდე მართავდა. 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული უსამართლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობიანი  “ვარდების რევოლუცია” მოხდა, რომელმაც შევარდნაძის ეპოქა დაასრულა. 

შევარდნაძის პრეზიდენტობა საქართველოში უშუქობასთან, ნგრევასთან, კორუფციასთან და კრიმინალის თარეშთან ასოცირდება. თუმცა, სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ პროექტებს – ნავთობსადენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და გაზსადენს ბაქო-თბილისი-ერზერუმს. ამ პროექტების წყალობით შეიძინა საქართველომ რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია. 

ედუარდ შევარდნაძე 2015 წლის 7 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო წლები მან კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაატარა. შევარდნაძე რეზიდენციის ეზოშია დაკრძალული, მეუღლის გვერდით. 


ასევე წაიკითხეთ