სომხეთში მორიგი კორუფციული სკანდალია. პარლამენტის დეპუტატს პატიმრობა ემუქრება
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა ფრაქცია „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ბუნების დაცვის ექს-მინისტრ არამ არუთიუნიანისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის ჩამორთმევის შესახებ პარლამენტს შუამდგომლობით მიმართა. ის 14 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
საქმის დეტალები
გენერალურმა პროკურორმა ეროვნული საკრებულოს სპიკერს მიმართა. ის დეპუტატ არამ არუთიუნიანის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრასა და მის დაპატიმრებას მოითხოვს. მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2015 წელს აღიძრა.
გენერალურმა პროკურატურამ იმის მტკიცებულება მოიპოვა, რომ არამ არუთიუნიანმა ბუნების დაცვის მინისტრისა და წიაღისეულის კვლევისა და გამოყენებისთვის ლიცენზიის გამცემი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებზე ყოფნის დროს 14 მილიონი დოლარი მოითხოვა და მიიღო. სანაცვლოდ, მან სუნიკის, გეგარკუნიკის, ტავუშის და კოტაის ოლქებში ფერადი მეტალების დამუშავების 10 ლიცენზია გასცა.
ექვსი მილიონი მას ნაღდი ფულით გადაეცა, დანარჩენი თანხა ბანკით გადაერიცხა. წინასწარმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ არამ არუთიუნიანმა ეს ფული საზღვარგარეთ „გაათეთრა“.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში წარმოდგენილია ასევე არამ არუთიუნიანის კუთვნილი უძრავი ქონების ჩამონათვალი: კერძო სახლები და ბინები ერევანში, შვიდსართულიანი შენობა დედაქალაქის მთავარი მოედანის მახლობლად, სარესტორნო კომპლექსი, 427 დრამად ღირებული (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი)სამოქალაქო მნიშვნელობის ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო მიწები. არუთიუნიანს ასევე დეკლარირებული აქვს 1,5 დოლარზე მეტი თანხა.
• დიდი კორუფციული მხილება სომხეთში – ცნობილი დეპუტატი სავარაუდოდ ჯარისკაცების საკვებს იპარავდა
• კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში: ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები
• სომხეთში რევოლუციის შემდეგ ქრთამის აღების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
რამდენი წელიწადი ემუქრება არუთიუნიანს?
გენერალური პროკურატურა ეროვნული საკრებულოს დეპუტატისთვის ბრალის წაყენებას აპირებს
- განსაკუთრებით დიდ ოდენობის ქრთამის აღებისთვის (ისჯება თავისუფლების შვიდიდან თორმეტ წლამდე აღკვეთით, ქონების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე)
- ფულის გათეთრებისთვის (ისჯება ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ქონების კონფისკაციით, ან კონფისკაციის გარეშე).
დეპუტატს ხელშეუხებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოერთმევა
ახლანდელმა პარლამენტმა არამ არუთიუნიანისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის ჩამორთმევის საკითხის განხილვა რომც ვერ მოასწროს, მას ეს ხელშეუხებლობა უახლოეს ხანში მაინც ჩამოერთმევა. კანონით, მეექვსე მოწვევის ეროვნული საკრებულო უკვე დათხოვნილია, თუმცა საკუთარი მოვალეობის აღსრულებას მაინც აგრძელებს.
9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სომხეთის ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, რომლის წევრი არამ არუთიუნიანიც არის, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა ის პარტიულ სიაში არ არის.
ნიკოლ ფაშინიანი არამ არუთიუნიანის შესახებ
იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომელშიც არამ არუთიუნიანია გარეული, პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მან ეს შემთხვევა დაახასიათა როგორც „მესამე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული მხილება“:
„ხალხისთვის მოპარული ქონება ერთმნიშვნელოვნად მთლიანად უნდა დაბრუნდეს. ვიდრე სომხეთში არსებობს ჩინოვნიკი, რომელსაც ჰგონია, რომ ქრთამის აღება შეუძლია, სომხეთში ხელისუფლების არავითარ ცვლაზე არ შიძლება ლაპარაკი“.
გენპროკურატურის განცხადების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი ამ საქმეს ისევ შეეხო და მის მაგალითზე იმის განმარტება სცადა, თუ რატომ იძიებენ კორუფციულ საქმეებს ასე ხანგრძლივად:
„ვიცი, რომ არსებობს შეკითხვები, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესის ყველა წვრილმანი გადმოგცეთ. ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მოქალაქის მიერ განცხადება დაახლოებით 4 თვის წინათ გაკეთდა – შესაძლოა, ხუთი თვის წინათაც კი.
ვინაიდან, წინასწარი მონაცემებით, ეს ქმედებები უცხოური ბანკების საშუალებით ხორციელდებოდა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ვერ გაგრძელდებოდა, ვიდრე ერთ-ერთი ამ ბანკიდან ოფიციალური პასუხი არ მოვიდოდა.“
თავად არამ არუთიუნიანი მის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.