ფაშინიანმა პირადად შეამოწმა, არის თუ არა ქვეყანა მზად ტურისტების მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქალაქ გიუმრიში ახალი ელექტრომატარებლით გაემგზავრა და მისი პირველი მგზავრი გახდა. ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ტრანსპორტის ეს სახეობა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს და ამავდროულად უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილებას უზრუნველყოფს. მაგრამ გამგზავრების მთავარი საკითხი შემდეგი იყო: რამდენად არის ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში მზად ტურისტების ღირსეულად მისაღებად.
• გიუმრი: ახალი წინადადება სომხეთის ტურისტულ რუკაზე
• ვიდეო და ფოტოები რუსთაველის ქუჩიდან, რომელიც სომხეთის მეორე ქალაქში მდებარეობს
• სომხეთში გიუმრიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანას მოითხოვენ
მარშრუტის გაცნობა პირადად
ერევნიდან გიუმრიში გამგზავრებისას პრემიერს ახლდნენ სატრანსპორტო ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირები – ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აკოფ არშაკიანი და ტერიტორიული მართვის მინისტრი სურენ პაპიკიანი.
ფაშინიანი პირველ რიგში დაწვრილებით გაეცნო ერევნის რკინიგზის სადგურ „სასუნცი დავიდ“-ზე არსებულ სიტუაციას – სალაროების მუშაობის ჩათვლით.
გიუმრიში გამგზავრების დროს პრემიერი ელექტრომატარებელში არსებულ პირობებს ამოწმებდა – მემანქანის კაბინიდან დაწყებული, ვაგონებისა და სანიტარული კვანძების ჩათვლით; ინტერესდებოდა შემადგენლობის ტექნიკური შესაძლებლობებით. Facebook -ის საკუთარ გვერდზე მატარებლიდან პირდაპირი ჩართვის დროს მან თავისი შთაბეჭდილებები ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს გაუზიარა. პრემიერი მთელ გზას აკვირდებოდა და დაასკვნა, რომ ის ტურისტებისთვის, შესაძლოა, მიმზიდველი იყოს, თუმცა მთელ სურათს ყველგან დაყრილი ნაგავი აფუჭებს.
„სომხეთში რკინიგზით პირველად ვმგზავრობ. გიუმრის გზა საკმაოდ საინტერესო და თვალწარმტაცია, და სომხეთის სულ სხვა რაკურსით დანახვის საშუალება მომცა“, – განაზოგადა თავისი შთაბეჭდილებები ფაშინიანმა.
ახალი ელექტრომატრებლის შესახებ
ახალი ელექტრომატარებელი ერევანი-გიუმრის მუდმივი რეისების განსახორციელებლად რუსეთის კომპანია „ტრანსმაშჰოლდინგისგან“ შეიძინეს.
ის ერევნიდან გიუმრიში 2 საათსა და 10 წუთში ჩადის. და ბევრად სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მატარებელი. ბილეთის ღირებულება 2500 დრამია (დაახლოებით 5 დოლარი). ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ელექტრომატარებელი გიუმრისა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებში მეტ ტურისტს მიიზიდავს.
კიდევ რა მოხდა გიუმრიში
უკვე გიუმრის სადგურში პრემიერს ელოდებოდა უამრავი ადამიანი, რომლებსაც მისთვის კითხვების დასმა, საკუთარი პრობლემების გადაჭრაში დახმარების თხოვნა, ან უბრალოდ მასთან ფოტოს გადაღება სურდათ.
საკუთრივ გიუმრიში სამთავრობო დელეგაცია ქალაქის ავტოსადგურში მივიდა. აქ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ავტოვაგზალის საქმიანობის, მომავალი კაპიტალური რემონტისა და სადგურის თანამედროვე სატრანსპორტო კვანძად გადაქცევის შესაძლებლობების შესახებ მსჯელობდნენ.
მთავრობის წევრების მოგზაურობის მომდევნო პუნქტს აეროპორტი „შირაქი“ წარმოადგენდა. აქ მათ მიმდინარე საინვესტიციო პროგრამები წარუდგინეს. კერძოდ, აეროპორტში უკვე განხორციელდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა, ასევე გაუმჯობესდა ტექნიკური აღჭურვილობაც. ამის წყალობით, „შირაქის“ აეროპორტმა გასული წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი მგზავრის მიღება შეძლო. ამ წელს კი, ახალი საინვესტიციო პროგრამების საშუალებით, ჩამოსვლის ახალი დარბაზი აშენდება.
პრემიერმა „შირაქის“ აეროპორტის, ისევე როგორც გიუმრის მთელი ინფრასტრუქტურის რეფორმირების გაგრძელების დავალება გასცა, რათა ქალაქი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.
გიუმრიში ვიზიტის დროს ნიკოლ ფაშინიანი ასევე ესტუმრა რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას. თუმცა, მოგზაურობის ეს ნაწილი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.