საქართველოში პური გაძვირდა
დღეს დილიდან მაღაზიებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.
ყველაზე იაფიანი თეთრი პურის ბატონი, რომელიც 80 თეთრი (დაახლოებით 30 ცენტი $) ღირდა, ახლა 90 თეთრი (34 ცენტი $) ღირს. სხვა სახეობის პურის ფასი 1.10-1.20 ლარს ასცდა.
როგორც სააგენტო “ბიზნესპრესნიუსი” წერს, გაძვირების მიზეზად პურ-პროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე და საწვავზე ფასის მატებას ასახელებენ.
• რას ნიშნავს ვალების განულება და ვის შეეხება? ყველაზე მთავარი “ქართული ოცნების” ინიციატივაზე
• UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა
• საქსტატის მიხედვით ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 346 ლარია
პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულის შემდეგ ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 32 პროცენტით მოიმატა და 47-50 ლარი გახდა, მაშინ როდესაც აგვისტოში ერთი ტომარა ფქვილი 33-35 ლარი ღირდა. აქედან გამომდინარე, პურის ძველი ფასის შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, ამბობს ის.
გარდა ამისა, ფასზე იმოქმედა გაძვირებულმა საწვავმა და ტრანსპორტირებამ და ახალმა რეგულაციებმაც. ახალი წესით, პური აუცილებლად ქაღალდის პარკში უნდა იყოს შეფუთული, რაც ასევე აძვირებს მის თვითღირებულებას.
“რუსთავი 2”-თან საუბარში პურ-პროდუქტების ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ პურის ფასი მანამდეც მოიმატებდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფასების ხელოვნურად შეჩერება მოხდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს ჩატარდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
როგორც აცხადებენ პურის მწარმოებელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, „იფქლიში”, რომელიც თბილისის ბევრ სუპერმარკეტს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს, 10 დეკემბრიდან მათ პროდუქციაზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხორბლის გაძვირება მსოფლიო ტენდენციაა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც,” – განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა.
პურ-პროდუქტების მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ ფასებმა მომავალშიც მოიმატოს.
გაძვირდა თუ არა პური რეგიონში?
ჯერჯერობით ფასები პურზე არ გაზრდილა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
აზერბაიჯანში თეთრი ქარხნული პურის ბატონი 45 კაპიკი (25 ცენტი) ღირს.
სომხეთში პური ტრადიციულად რეგიონში ყველაზე ძვირი ღირს, თუმცა ბოლო დროს მასზე ფასი არ გაზრდილა. აქ ყველაზე იაფიანი თეთრი პური 240 დრამი (48 ცენტი) ღირს.