პოლიციამ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობა დაარბია, და ამის არგუმენტად ის მოყვანა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობისგან უფლება გაცემული არ იყო. სამი ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს. ესენი არიან – მასუდ ასკერი, ინტიგამ ისმაილოვი და ორჰან მამედლი. თუ სად წაიყვანეს ისინი, ჯერჯერობით უცნობია.
აქცია 8 მარტს ეძღვნებოდა და ფემინისტების ჯგუფის მიერ სოციალური ქსელების საშუალებით იყო ორგანიზებული. ორგანიზატორებმა ქალთა მსვლელობის ჩასატარებლად ჩინოვნიკი მამაკაცებისგან ნებართვის აღება უცნაურად მიიჩნიეს.
მსვლელობის მონაწილეები დღის 2 საათზე გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ქალის ქანდაკებასთან უნდა შეკრებილიყვნენ და ქალაქის ცენტრის გავლით პოეტი ქალის ნათავანის ძეგლთან უნდა მისულიყვნენ. მაგრამ, პოლიციამ, რომელიც მოსალოდნელი მსვლელობის შესახებ საქმის კურსში იყო, ძეგლის ტერიტორია წინდაწინ კონტროლქვეშ აიყვანა.
როდესაც მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ, პოლიციამ მათ პლაკატები გამოსტაცა და დაშლა მოსთხოვა. ამაზე მონაწილეებმა უპასუხეს, რომ კონსტიტუციით შეკრების უფლება გათვალისწინებულია, და მშვიდობიანი სადღესასწაულო მარშის აკრძალვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
პოლიციის ჩარევის შემდეგ მაშინვე გამოჩნდა ხანში შესული აგრესიული ქალბატონების ჯგუფი, რომლებიც აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დაშლას ცდილობდნენ. პოლიცია ამ ქალბატონებს ხელს არ უშლიდა.
პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. საბოლოოდ მონაწილეთა ნაწილი შერეკეს იქვე ახლოს მდებარე მეტროს სადგურში, სადაც ისინი აგრძელებდნენ ლოზუნგის სკანდირებას „არა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას“. საბოლოოდ ისინი ვაგონებში შეყარეს.
იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამის შემდეგ მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება:
„მას შემდეგ, რაც მეტროს მოახლოებულ ვაგონში შეგვყარეს და იქიდან წასვლა გვაიძულეს, მეტროსადგურ საჰილამდე მივედით და იქიდან ნათავანის ქანდაკებამდე მაინც მივაღწიეთ. ვფიქრობ, პოლიციას ჩვენთვის ხელის შეშლა რომ არ ეცადა, ეს აქცია ბევრად უფრო მშვიდად ჩაივლიდა. რასაკვირველია, ასეთ რეაქციას მოველოდით, თუმცა აქცია ხელისუფლებასთან შეგნებულად არ შევათანხმეთ, რადგან ეს საკუთრივ 8 მარტის – როგორც ქალთა მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის იდეას ეწინააღმდეგება.“