დავით ზალკალიანი: უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზება შემაშფოთებელია
ზალკალიანმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზება შემაშფოთებელია. ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის საელჩოში ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ზალკალიანმა შემაშფოთებლად შეაფასა რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილებაც, მიემართა პუტინისთვის უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის – დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით. ზალკალიანის თქმით, ეს მიუღებელია და საქართველო გმობს ამ ნაბიჯს.
გუშინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს.
“კომუნისტური პარტიის” მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც 15 თებერვალს განიხილეს, 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს დოკუმენტი პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მსგავსი დოკუმენტი მოამზადა მმართველმა პარტიამ “ერთიანმა რუსეთმა”, რომელმაც 310 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან მიმართვამდე განკარგულება ითვალისწინებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას.
“ჩვენი ხალხი ძალიან მტკივნეულად რეაგირებს იმაზე, რაც დონბასში ხდება… გასაგებია, რომ ხალხის წარმომადგენლები, ასახავენ ხალხის აზრს, ამიტომაც ისინი განიხილავენ იმას, რაც ხალხისთვის არის აქტუალური”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განკარგულების მიღებამდე.
„სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან. მისივე განმარტებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით:
“რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისგან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას.“
მედიაში გავრცელებული სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 16 თებერვალს აპირებდა. აღნიშნული ინფორმაციის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
● ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად? სცენარები და დასკვნები
● მოსაზრება: ვის მხარესაა საქართველო უკრაინის კონფლიქტში?
● მოსკოვს „მოთმინება ამოეწურა“: როგორ მოიქცევა დასავლეთი უკრაინასთან და საქართველოსთან?
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 1-ელ თებერვალს მიიღო მმართველი პარტიის მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.
ამის გამო, პარტია “დროამ” უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული პეტიცია შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.
● რა იქნება შემდეგ, ომი? მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ითხოვს მოსკოვი
● უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისში: “საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინის მხარდაჭერას ვერ ვხედავთ”
რა ხდება ამჟამად უკრაინაში
გუშინწინ გამართულ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ვლადიმირ პუტინს შორის, შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების დიდი ნაწილი უახლოეს დღეებში დასრულდებოდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.
ამავე შეხვედრაზე დასავლეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. პუტინის მიერ დასმულ შეკითხვაზე ლავრვოვმა უპასუხა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
უკვე მეორე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულებულია და ადგილზე მობილიზებული სამხედროები მუდმივი დისლოკაციის წერტილებში ბრუნდებიან.
გუშინვე გავრცელდა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვა, რომლის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისული ვითარება და რუსეთის შესაძლო თავდასხმა იყო.
ბაიდენის თქმით, აშშ მზად არის რუსეთს ესაუბროს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების კონტროლზე და უფრო მეტ გამჭვირვალობაზე ევროპაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით. მეტიც, ბაიდენის განმარტებით, ამ საკითხებზე თანხმობის მიღწევის შემთხვევაში აშშ მზად არის, ეს სამართლებრივ დონეზეც დააფიქსიროს.
ამის მიუხედავად, უცვლელი რჩება ნატოსა და აშშ-ის თავდაპირველი პოზიციები რუსეთის მთავარ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას და ნატოსა და საქართველოს არგაწევრიანების გარანტიებს ეხებოდა.
“ქვეყნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება თავისუფლად განსაზღვრონ თავიანთი მიმართულება – ჩვენ არ ვიტყვით უარს ამ მთავარ პრინციპზე!” – განაცხადა ბაიდენმა.