მოსაზრება: დიქტატურის დამყარების ნებისმიერი მცდელობა საქართველოში იქნება მხოლოდ დიქტატურის კარიკატურა
დიქტატურა საქართველოში
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ პარტიების აკრძალვას ეხმაურება და ამბობს, რომ დიქტატურის დამყარების ნებისმიერი მცდელობა საქართველოში იქნება მხოლოდ დიქტატურის კარიკატურა.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, “რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს მმართველი პარტია ქართული ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია საქართველოსთვის.
იაგო კაჭკაჭიშვილი: “ივანიშვილი აპირებს აკრძალოს ოპოზიციური პარტიები („კრებსითი ნაცმოძრაობის“ იარლიყით).
ივანიშვილი ქვეყნის მტრებად და აგენტებად აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კრიტიკულ მედიას და მათი აკრძალვაც სურს (საწყისი კანონი ძალაში შევიდა უკვე).
ივანიშვილმა ევროპა და აშშ გამოაცხადა რაღაც აბსურდული საერთაშორისო „გლობალური ომის პარტიის“ მძევლებად და საქართველოს სუვერენიტეტის მტრებად. მათთან მისასვლელი გზა ფაქტობრივად ჩაკეტა, ხოლო კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური მისწრაფების ვალდებულების ამოსაღებად კონსტიტუციურ უმრავლესობას ითხოვს და ელოდება.
ამ დროს:
ა) ქართული ოცნების ამომრჩეველი, უკვე 2016 წლიდან, არ არის მოსახლეობის უმრავლესობა.
ბ) მოსახლეობის უმრავლესობას სტაბილურად სურს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.
გ) არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია ნდობით სარგებლობს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.
რა გამოდის?
ივანიშვილს უნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ნება გადახაზოს, გააუქმოს. ეს აღარ არის ავტორიტარიზმი, ეს უკვე დიქტატურის განზრახვაა (ჯერჯერობით, მხოლოდ განზრახვა).
ამ განზრახვას სისრულეში მოყვანა სჭირდება. აქვს ამის რესურსი ივანიშვილს? ამაზე მსჯელობა ახლა შორს წაგვიყვანს.
ჩემს რწმენაზე ვიტყვი მხოლოდ: დიქტატურის დამყარების ნებისმიერი მცდელობა საქართველოში იქნება მხოლოდ დიქტატურის კარიკატურა და, შესაბამისად, უდღეური მცდელობა. და მჯერა, ამას არა მხოლოდ ოპოზიციური ამომრჩეველი, თვით ქართული ოცნების ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუშვებს.”