ხატია დეკანოიძე: პარლამენტმა Z სიმბოლოს კრიმინალიზებაზე უნდა იმსჯელოს
Z სიმბოლოს კრიმინალიზება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა Z სიმბოლოს კრიმინალიზაციაზე იმსჯელოს. ამაზე დეკანოიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინის მეგობარ ქვეყნებს, რომ მოხდეს ე.წ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის Z კრიმინალიზაცია. ეს სიმბოლიკა აჩვენებს ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელსაც სჩადის რუსეთი და ეს მძიმე დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში, ჰოსტომელში და ეს მძიმე დანაშაული ეხება უკრაინის ყველა მაცხოვრებელს”, – ამბობს დეკანოიძე.
მისივე განმარტებით, ისევე როგორც გერმანიის სახელმწიფოში და მათ შორის ფედერალურ დონეზე ყველა აპირებს, რომ ჩაშალოს და კრიმინალიზაცია მოხდეს ამ სიმბოლიკის, საქართველოს პარლამენტმაც უნდა მოახდინოს ამ სიმბოლოს კრიმინალიზება.
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, რა სურს პუტინს და როგორ შეიძლება დასრულდეს ომი?
● ბაიდენის ხუთი გამოწვევა ევროპაში
29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა ყველა ქვეყანას, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ კონკრეტულად რატომ დაიწყო რუსულმა ჯარმა Z-ს გამოყენება უკრაინაში შეჭრისას. მათ სამხედრო ტექნიკას – ტანკებს თუ სხვა ყველანაირ სამხედრო მოწყობილობას სწორედ ეს სიმბოლო აწერია. ძალიან მალე Z რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.