"თქვენს ხელებზე სისხლია" - 9 მაისს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში პუტინის საწინააღმდეგო სათაურები გაჩნდა
პუტინის საწინააღმდეგო სათაურები Lenta.ru-ზე
რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Lenta.ru-მ, 9 მაისს ათზე მეტი მასალა გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის ომი იყო გაკრიტიკებული.
Novaya Gazeta Europe-ის ცნობით, ტექსტები მალევე გაქრა საიტიდან, თუმცა ასლები ხელმისაწვდომია ვებ-არქივში.
რამდენიმე სტატიის სათაური ასეთი იყო: „არმიაზე დახარჯული რეკორდული თანხები არ დაეხმარა რუსეთს უკრაინის დამარცხებაში“, „რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ჟურნალისტებს ნეგატივზე საუბარი“, „რუსეთმა მთლიანად გაანადგურა მარიუპოლი“, „უკრაინამ შეცვალა პუტინის გეგმები“.

აღნიშნული მასალები განმარტებითი ტექსტით იწყებოდა: „ეს მასალა არ არის შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან. მისი გამოქვეყნებისთვის რედაქციას “მოხვდება” პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასწრაფოდ გააკეთეთ ეკრანის სქრინი, სანამ არ წაიშლება“.
ამ მასალებზე პასუხისმგებლობა აიღო lenta.ru-ს ორმა თანამშრომელმა – ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა იეგორ პოლიაკოვმა და რედაქტორმა ალექსანდრა მიროშნიკოვამ.
ინტერნეტ-გამოცემა “მედიაზონას” სანდო წყარომ დაუდასტურა, რომ პუბლიკაციები სწორედ ამ დეპარტამენტების თანამშრომლებმა გააკეთეს – მათ უკვე გამოქვეყნებული მასალები “აკრძალული” ტექსტებით ჩაანაცვლეს.

მედიაზონამ ასევე ამ ჟურნალისტების კომენტარებიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი ომის საწინააღმდეგოდ გამოდია.
„მას შემდეგმ, რაც მასობრივად დაბლოკეს ყველაფერი, ქვეყანაში თითქმის არ დარჩა მედია, სადაც გაიგებ რეალურ ინფორმაციას. ამისთვის VPN-ი უნდა გამოიყენო ან ტელეგრამი სქროლო. ჩვენ გიგანტური აუდიტორია გვყავს, ამიტომ მე და საშამ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი პერფომანსი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა პოლიაკოვმა.
პოლიაკოვმა დაამატა, რომ მას უკვე “გაესაუბრა” ხელმძღვანელობა და დიდი ალბათობით ის და მიროშნიკოვა უკვე აღარ მუშაობდნენ Lenta.ru-ზე.
“სისხლი შენს ხელებზე”
Lenta.ru არ იყო ერთადერთი რუსული პროპაგანდისტული მედია, რომელმაც საკუთარ აუდიტორიას 9 მაისს სიურპრიზი შესთავაზა.
რუსული სატელევიზიო სერვისების მომხმარებლებმა 9 მაისს დილით, სატელევიზიო პროგრამის ნაცვლად საკუთარ ეკრანებზე შემდეგი ტექსტი წაიკითხეს:
„თქვენს ხელებზე ათასობით მოკლული უკრაინელის და მათი ბავშვების სისხლია. ტელევიზია და ხელისუფლება იტყუება – არა ომს”.
იგივე წარწერა თან ახლდა სატელევიზიო გადაცემებს მორბენალი სტრიქონის სახით.
