20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ მოქალაქეებს. მოკლა ხუთი ადამიანი, შემდგომ კი თავი მოიკლა.
მასობრივი სროლის ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში.
თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა. იგი ავღანეთის მისიის მონაწილეცაა. მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.
“მესამე სართულის აივნიდან ისროდა, თავისი სახლიდან, მერე წინა მხრიდან ისროლა შვიდჯერ. ჩემი თვალით ოთხი მოკლული დავინახე. ვინც დასახმარებლად მივიდა, ყველას გაუხსნა ცეცხლი… ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. დაპირისპირებაც არავისთან ჰქონდა”, – ამბობს ფორმულასთან ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევების ადგილას შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ჩავიდა. სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელის ბინაში შესულ პოლიციელებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაიღუპულ ხუთ ადამიანს შორის ერთი პოლიციელია – კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი.
არიან დაშავებულებიც. ოთხი ადამიანია გადაყვანილი თბილისში, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, მას გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში აქვს.