სომხეთში, კორონავირუსით გარდაცვალების მეცხრე და დაინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
8 აპრილის დილას, სომხეთში, კორონავირუსით გარდაცვალების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპული 93 წლის იყო და მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა – ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კიდევ 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
8 აპრილის დილას, კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც, დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 881-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა – 114 პაციენტი, სტაციონარში რჩება – 758. 4 571-მა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
პრემიერ-მინისტრმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„თუკი ეს სტატისტიკა შენარჩუნდა, ეს ნიშნავს, რომ კორონვირუსის პიკი 31 მარტს გადავლახეთ“.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.