SMS ხელისუფლებას ქუჩაში გასვლამდე - ეპიდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები აზერბაიჯანში
ამავდროულად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოღებული არ არის და არ არსებობს საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერის გეგმა
აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად 5 აპრილიდან მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები წესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუჩაში გასვლასა და თავისუფლად გადაადგილებას მხოლოდ ადამიანების გარკვეული კატეგორია შეძლებს. უმრავლესობას კი მოუწევს, რომ ამის შესახებ ყოველ ჯერზე SMS-ით აცნობოს ხელისუფლებას.
ამავდროულად ქვეყანაში ჯერ არ არის შემოღებული ოფიციალური საგანგებო მდგომარეობა, და არ არსებობს არავითარი სახელმწიფო გეგმა საკარანტინო რეჟიმის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად და მოსახლეობის იმ ფენების მხარდასაჭერად, რომლებიც ამის გამო საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2 აპრილს აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს მიაღწია. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ოცდაექვსი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში შემოღებულია გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი. დაკეტილია მეტრო. ორგანიზაციებისა და საწარმოების უმეტესობის მუშაობა შეჩერებულია. ქუჩებში პოლიცია და შინაგან საქმეთა ჯარი პატრულირებს.
თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ სამსახურებრივი მოწმობის ან სამსახურიდან ცნობის მქონე შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
- ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო მოხელეები (მაგალითად დეპუტატები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები)
- სამინისტროების თანამშრომლები
- ომბუდსმენები, ადვოკატები
- სახელმწიფოებრივი ან სასიცოცხლო დანიშნულების მქონე საწარმოებისა და ორგანიზაციების თანამშრომლები
- მედიცინის მუშაკები
- მართლწესრიგისა და სასამართლო ორგანოების თანამშრომლები, სამხედრო მოსამსახურეები
- აზერბაიჯანში აკრედიტებული უცხოური საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები
ზოგიერთი ნებართვის მიღებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მათი დამსაქმებლები ვებგვერდზე www.icaze.e-gov.az მათ შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ.
ყველა დანარჩენ მოქალაქეს სახლიდან გასვლა შეეძლება მხოლოდ იმისთვის, რომ:
- მოიმარაგონ პირველადი აუცილებლობის პროდუქტები და სხვა საქონელი;
- წავიდნენ ექიმთან;
- წავიდნენ ბანკში ან ფოსტაში;
- წავიდნენ ახლო ნათესავის გასვენებაში.
წინასწარ უნდა გაიგზავნოს უფასო SMS ნომერზე – 8103, საკუთარი პირადობის მოწმობის ნომრისა და იმ მიზეზის მითითებით, რის გამოც, მოქალაქეს სახლიდან გასვლა ესაჭიროება.
ამ ახლად შემოღებული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სასჯელი – ჯარიმით დაწყებული, პატიმრობამდე.
სოციალური ქსელებში ეს შეზღუდვები სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის მცდელობად აღიქვეს.