SJC აფგან სადიგოვზე: საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
SJC აფგან სადიგოვზე
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) აცხადებს, რომ 5 აპრილს აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში დაჩქარებულად გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი აკრძალვა უკვე ჰქონდა გამოცემული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სადიგოვი ქვეყნიდან გამთენიისას გააძევეს ისე, რომ მას ნებაყოფლობით გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. ცენტრი ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ღიად დაარღვია სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ კრძალავდა მის აზერბაიჯანში გადაყვანას.
მათივე განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიეწოდა.
10 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარეებს, როგორც განმცხადებელს, ისე საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, დამატებითი განმარტებების წარმოდგენა მოსთხოვა.
სასამართლოს მთავარი კითხვა ეხება იმას, დაარღვია თუ არა სადიგოვის გადაყვანამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლი: ნორმა, რომელიც ინდივიდუალური საჩივრის უფლებას იცავს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეუშალოს ხელი პირის უფლებას მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.
მათი შეფასებით, სასამართლო ახლა იმსჯელებს, ხომ არ დააზიანა საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ სადიგოვის შესაძლებლობა ეფექტიანად ესარგებლა კონვენციით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლებით.
ცენტრის განცხადებით, საქმე აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა სცადა საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით მოქმედება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც კრძალავს პირის დაბრუნებას იმ ქვეყანაში, სადაც მას დევნის ან არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი ემუქრება.
ასევე, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო შესრულება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და გეგმავს ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას მისი უფლებების დასაცავად.
4 აპრილს, ღამე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი აფგან სადიგოვი თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს. იმავე ღამეს შედგა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ სადიგოვის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღასრულეს. უკვე რამდენიმე საათში, ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნება, ბაქოში იყო. ოფიციალურად საქმე სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ეხება. თუმცა, პროცესის სისწრაფე და კონტექსტი ამ ვერსიას საეჭვოს ხდის.
აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. მისი ადვოკატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ აფასებდნენ და ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, რის შედეგადაც პროცესი დროებით შეჩერდა.