მასობრივი არეულობა ახალქალაქში, დაღუპულია ერთი ახალგაზრდა
ახალქალაქში ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოკლულია 27 წლის მამაკაცი. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
jnews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაარბია ახალქალაქში სასტუმრო “არტსეკი”, ჩაამტვრიეს კარი და ფანჯრები, რის შემდეგაც სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.
ხანძარი გაჩნდა სასტუმროს მფლობელის სახლშიც. სულ ახალქალაქში 4 სახლია დამწვარი.
jnews-ის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება მანამდე მომხდარმა მკვლელობამ გამოიწვია.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები.
ისმოდა სროლის ხმაც.
Posted by Kristina Marabyan on შაბათი, 08 აგვისტო, 2020
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა და მისი სიკვდილის შემდეგ სოფლის მოსახლეობა ახალქალაქში ჩავიდა, რის შემდეგაც დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო.
ადგილზე მობილიზებულია რეგიონის პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
