შსს: ქვემო ქართლში უცნობმა პირებმა სომხეთთან დამაკავშირებელი ინტერნეტ კაბელები დააზიანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება შსს-მ 2 ოქტომბერს გაავრცელა.
ინფორმაციის თანახმად, ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 სექტემბერს, ღამის საათებში, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანეს. კერძოდ, გადაჭრეს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.
ხოლო 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.