"შინ ევროპისკენ" - 24 ივნისს თბილისში მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება
“შინ ევროპისკენ” – მორიგი აქცია თბილისში
დღეს, 24 ივნისს, თბილისში მორიგი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე გაიმართება.
აქცია „შინ ევროპისკენ“ „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ორგანიზებით ტარდება.
- გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
- შინ ევროპისკენ: რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში ბოლო წლების ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე. ფოტო/ვიდეო
- სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, დეოლიგარქიზაცია – რა პირობები წაუყენა EU-მ საქართველოს
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 24 ივნისს, გამოცხადდება მოთხოვნები საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და საზოაგდოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 24 ივნისს საზოგადოება გაიცნობს ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება“.
„რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა.
ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული გამოდგა – გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება, რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს – საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.