შებღალული სიწმინდეები
საქართველოში მცხოვრები დუხობორები თავიანთი სიწმინდეების _ წინაპართა საფლავების ,ე.წ. „მოგილოჩკის“, სისტემატურად შებილწვაზე ჩივიან.
დუხობორების თემის უდიდესი ნაწილი ნინოწმინდას რაიონის მკვიდრია. მათ ყველაზე დიდ სოფელში, გორელოვკაში კი ამჟამად ორმოცამდე ოჯახი ცხოვრობს.
„მოგილოჩკი“ საქართველოში ჩამოსული პირველი დუხობორების წინამძღოლთა საფლავებია, სადაც თემის წევრები სალოცავად იკრიბებიან და უნიკალურ რიტუალურ საგალობლებს ასრულებენ.
დუხობორები სამების დღესასწაულზე მღერიან ვიდეო ‘გოუ ჯგუფის’ არქივიდან
ადგილობრივების თქმით, „მოგილოჩკის“ ტერიტორიაზე უცნობი ადამიანები დროდადრო ‘სალოთაოდ’ მიდიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თემის წევრებმა არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ხელისუფლება სათანადო ზომებს არ იღებს და სიტუაცია არ იცვლება; უფრო სწორად, იცვლება, თუმცა _ მხოლოდ სეზონის ცვლასთან ერთად.
‘ახლა ზამთარია, ცივა და ამიტომ არ იკრიბებიან, _ უთხრა JAMnews-ს ოსლოპოვამ, _ დათბება თუ არა, ჩვენი წინაპრების საფლავებზე ისევ გაააგრძელებენ ლოთობას’.
ბოროტგანმზრახველები, წმინდა ადგილის შებღალვის გარდა, თემის ქონებასაც ანადგურებენ _ მინებს ამსხვრევენ, ავეჯს სვრიან და ლეწავენ.
თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა JAMnews-ს განუცხადა, რომ წმინდა ადგილას ‘მომლხენები’ ხშირად ფოტოებსა და ვიდეოებსაც იღებენ და შემდეგ სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.
ამიტომაც, მათი იდენტიფიცირება პოლიციასაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც უპრობლემოდ შეუძლიათ.
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები დუხობორები იმ „ერეტიკოსების“ შთამომავლები არიან, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნეში კავკასიაში გადაასახლეს. დევნილების ნაწილი გზაში დაიღუპა, ნაწილმა კი კავკასიონის ქედი გადალახა და დიდი წვალებით ჩააღწია სამცხე-ჯავახეთში, სადაც გადარჩენილებმა რელიგიური თემი დააარსეს.
დუხობორების თემი განსაკუთრებულად გაძლიერდა და გამრავლდა გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში. 80-იან წლებში ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების რაოდენობა 3 ათას ადამიანს აღწევდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი დუხობორების დიდი ნაწილი რუსეთში, უკრაინასა და კანადაში გადასახლდა.
გორელოვკაში, რომელიც დღემდე დუხობორული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება, ამჟამად 130 მორწმუნე ცხოვრობს.
JAMnews უახლოეს მომავალში დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში მცხოვრები დუხობორების შესახებ, რომელიც Go Group Media-მ გადაიღო. ფილმის პრემიერა ძალიან მალე შედგება.