საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა, ინფიცირებულთაგან 4 მედპერსონალია
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 697 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19 დაუდასტურდა რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 თანამშრომელს.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს. ისინი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ცოლ-ქმარი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა. 15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.