ქომაგობა სტადიონის შესასვლელთან - გირჩის აქცია პანდემიის პირობებში
თბილისში 8 ოქტომბერს გამართულ მატჩზში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის ფინალში მაკედონიას შეხვდება.



უეფას გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც ნებადართული მაყურებლების 30%-ით დაუშვა მატჩის გამართვა, პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ ქომაგების სტადიონზე დაშვებაზე უარი თქვა. თუმცა პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სტადიონის შესასვლელთან მატჩის ტრანსლაციისთვის ეკრანი მოეწყო.
გულშემატკივრებმა ეროვნული ნაკრები სტადიონზე პიროტექნიკითა და შეძახილებით შეაცილეს, შემდეგ კი ასობით ქომაგი მატჩის მსვლელობას „დინამო არენას“ შესასვლელთან დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებდა თვალყურს.
„გირჩის“ აქციას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელებში მხარდაჭერის პარალელურად, გაჟღერდა კრიტიკა ღონისძიების ორგანიზატორების მისამართით, პანდემიის და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის პირობებში, ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის გამო, სადაც არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და დამსწრეთა დიდ ნაწილს არ ეკეთა პირბადეები.
აქციის ორგანიზატორებს შეახსენეს მიმდინარე გაზაფხულზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული კრიტიკა, როდესაც პანდემიის მიუხედავად არ წყდებოდა წირვები და გაიმართა სააღდგომო ლიტურგია. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთეულებით შემოიფარგლებოდა, 9 ოქტომბრის მონაცემებით კი დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი 11 ათასს უახლოვდება.