საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის მიწვევით შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთიდან დამსაქმებლის სამთვიან ოფიციალურ მიწვევას მიიღებენ, თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ. უკან დაბრუნებისას ისინი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს გადადინება საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და მიზნების გათვალისწინებით.
ამიტომ ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს 3-თვიანი ოფიციალური ცნობა, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 მარტს ჩაიკეტა, რის გამოც საქართველოს უამრავი მოქალაქე უმუშევარი დარჩა.
ყოველწლიურად თურქეთში სამუშაოდ საქართველოს ათასობით მოქალაქე მიდის. მათი დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე, მაგალითად თხილის კრეფაზე, ან სამომხმარებლო სექტორშია დასაქმებული.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან არაერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩაკეტილი საზღვრის გამო მათ დასაქმების ერთადერთი რეალური შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო დაკარგეს და ოჯახებით შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდნენ.