სამთავრობო თვითმფრინავის სპეცრეისი მინსკში - ვინ და რატომ წავიდა ბელარუსში?
თბილისიდან ბელარუსში, სადაც ასობით ათასი ადამიანი უკვე ერთ კვირაზე მეტია არჩევნების შედეგების გაყალბებას და ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობას აპროტესტებს, 16 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავი გაფრინდა. თვითმფრინავი ერთი საათის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა.
ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, ამ თვითმფრინავით საქართველოში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო “მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში დაბრუნდა საქართველოს ელჩი ბელარუსში, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ თბილისში იმყოფებოდა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ,” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
რადარების მონაცემებით, თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA, რომელიც კომპანია Georgian Airways-ს ეკუთვნის და რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 აგვისტოს, 16:54 საათზე გაფრინდა. მინსკის აეროპორტში ის 19:11 საათზე დაეშვა. თვითმფრინავმა მინსკის აეროპორტი 20:04 საათზე დატოვა და თბილისის აეროპორტში 23:49 საათზე დაჯდა.
საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა
Частный самолет, которым обычно пользуются грузинские власти, сегодня на час прилетал в Минск. Через час улетел обратно. Зачем? Кто? Пограничная ZONA
Posted by Пограничная ZONA on კვირა, 16 აგვისტო, 2020
ამას მოჰყვა ცნობა თვითმფრინავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოფნის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო – ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზურაბიშვილს არათუ საქართველო, არამედ თბილისიც კი არ დაუტოვებია.
ერთ კვირაზე მეტია, ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაყენებას ითხოვს.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციების დაშლის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა ათობით ადამიანი.